ახალი ამბები

გავრილოვი ირწმუნება, რომ ყრილობას თბილისში 2 საათში გააგრძელებს

20 ივნისი, 2019 • 1831
გავრილოვი ირწმუნება, რომ ყრილობას თბილისში 2 საათში გააგრძელებს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ირწმუნება, რომ შეფერხების მიუხედავად, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას თბილისში მაინც ჩაატარებს და ღონისძიება “2 საათში გაგრძელდება”. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

აღნიშნული მედიასაშუალება “რადიკალ ექსტრემისტებს” უწოდებს იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც გავრილოვს დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

“პარლამენტი დაიპყრეს და იქ გამართეს ექსტრემისტული აქცია ანგარიშსწორების მუქარით, ასევე ისინი ცდილობდნენ რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის დელეგაციის დისკრედიტაციას, ითხოვდნენ ჩემს გადაცემას, თითქოს მე ვმონაწილეობდი აფხაზეთის კონფლიქტში. მე ვთქვი, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში არც აფხაზეთში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში”, – განუცხადა “რია ნოვოსტრის” გავრილოვმა.

რუსეთის დუმის დეპუტატი ირწუმენბა, რომ ის თბილისში შეძლებს სესიის ჩატარებას.

“ჩვენ ამ პირობებში ვერ შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას, რადგან იყო მუქარები სხვადასხვა ქვეყნის დელეგატების მიმართ. ჩვენ, ყველა დელეგაციამ, დავტოვეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზი. ახლა ვიმყოფებით უსაფრთხო ადგილზე და ვფიქრობთ, რომ ჩვენს სესიას გავაგრძელებთ. ჩვენმა კოლეგებმა მხარი დაგვიჭირეს – სესიის რუსეთის გარეშე ჩატარება არ შეიძლება. მე როგორც ასამბლეის პრეზიდენტი ჩავატარებ სესიას იქ, რადგან ის დაგეგმილია და ბევრი ქართველი დეპუტატიც გვიჭერს მხარს”, – თქვა სერგეი გავრილოვმა.

მისივე თქმით, “რადიკალების აქციის გამო” საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის ვადა არ შემცირდება და ყველაფერი ისე ჩატარდება, როგორც დაგეგმილი იყო.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია დღეს სწორედ სერგეი გავრილოვმა გახსნა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო მოკალათებული. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობს. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი