შსს მაქსიმალურად ეცდება წესრიგი დაიცვას – მეზვრიშვილი პრაიდზე

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, თბილისის პრაიდის ორგანიზატორები გააფრთხილეს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლებოდა შეკრებებს მოჰყოლოდა.

“როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობდა და სამინისტროშიც არაერთი შეხვედრა გაიმართა, ჩვენ ამ ადამიანებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რაც შეიძლებოდა ამ შეკრებებს შედეგად მოჰყოლოდა. პასუხისმგებლიანი სამართალდამცველი უწყება ვართ ჩვენ ეს არ დაგვიმალავს. სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, რომ წესრიგი დაიცვას ისევე, როგორც ეს გაგვიკეთებია სხვა შეკრებებზე და ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ 14 ივნისს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, იქნება თუ არა დაცული თბილისის პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოება.

აღსანიშნავია, რომ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების განცხადებით, შსს-ში 30 მაისს გამართულ შეხვედრაზე უთხრეს, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” მონაწილეებს ვერ დაიცავენ და ღონისძიების დახურულ სივრცეში ჩატარება შესთავაზეს.

პრაიდის ორგანიზატორების თქმით, სამინისტროს ორი ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზეს, რომელთა შორის არც რუსთაველის გამზირი იყო და არც მთავრობის კანცელარია, თუმცა უწყებისგან უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღეს. სანაცვლოდ კი, როგორც ისინი ამბობენ, შსს-მ მარშის ჩატარება ღამის კლუბში ან საფეხბურთო მოედანზე შესთავაზა.

მიმდინარე წლის 18-23 ივნისს თბილისი ლგბტქი პრაიდის კვირეულს პირველად უმასპინძლებს. თემის წევრები და  მათი მხარდამჭერები უკვე ემზადებიან ღონისძიებებისთვის, რომლებიც, ორგანიზატორთა თქმით, ღირსების მარშით დასრულდება, მისი მონაწილეები კი საერთო გზავნილის ქვეშ გაერთიანდებიან: სურთ, იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც მთავარია ადამიანი, მისი სიცოცხლე და ღირსება.

ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებიან, რომ პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ გუშინ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება.

“რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი. ბუნებრივია, ვერავინ გაარღვევს პოლიციის კორდონებს, ვერავინ იძალადეს  პოლიციელებზე. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნება, ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და ბუნებრივია, პოლიციას ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე:

რას ნიშნავს პრაიდი და რა (არ) იგეგმება თბილისში

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.