თბილისი პრაიდი: შსს-მ “ღირსების მარშის” კლუბში ან სტადიონზე ჩატარება შემოგვთავაზა

თბილისი პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით შსს-ში 30 მაისს გამართულ შეხვედრაზე უთხრეს, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” მონაწილეებს ვერ დაიცავენ და ღონისძიების დახურულ სივრცეში ჩატარება შესთავაზეს.

პრაიდის ორგანიზატორების თქმით, სამინისტროს ორი ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზეს, რომელთა შორის არც რუსთაველის გამზირი იყო და არც მთავრობის კანცელარია, თუმცა უწყებისგან უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღეს. სანაცვლოდ კი, როგორც ისინი ამბობენ, შსს-მ მარშის ჩატარება ღამის კლუბში ან საფეხბურთო მოედანზე შესთავაზა:

“ის შემოთავაზებული ალტერნატივა, რომელიც შსს-სგან მივიღეთ იყო დახურულ სივრცეში. ეს შეიძლება ყოფილიყო სტადიონი ან საკლუბო სივრცე, სადაც შეიძლებოდა მსვლელობის ორგანიზება. არ ვიცი, მსვლელობა იქ როგორ წარმოუდგენით”, – ამბობს გიორგი თაბაგარი, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ატქივისტი ნინო ბოლქვაძე, რომელიც პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას ჰკითხა, თუ რას სთავაზობდა უწყება პრაიდის ორგანიზატორებს:

“ჩემს კითხვაზე, ანუ ითხოვთ, რომ გავაუქმოთ ღონისძიება, თოლორაიამ მიპასუხა – “ადამიანების უსაფრთხოებისთვის”, და მითხრა, ვინმეს სიცოცხლეს რომ საფრთხე დაემუქროს, შსს პასუხისმგებლობას ვერ აიღებს”.

ბოლქვაძის თქმითვე, სამინისტროში უთხრეს, რომ, მაგალითად, 17 მაისს თბილისში შუბით შეიარაღებული ადამიანები იმყოფებოდნენ. აქტივისტების თქმით, შუბების მაგალითი ფიზიკურ რისკებზე საუბრისას მოიტანეს.

რას ამბობს კანონი შეკრებაზე ცივი იარაღის ტარებაზე
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი. ამ მუხლის დარღვევა დაჯარიმებასა და იარაღის ტარების უფლების 3-წლამდე ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.

კვირეულის ორგანიზატორები ასევე საუბრობენ ზეწოლაზეც. მათი თქმით, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს საეჭვო ვითარებაში დაუკავშირდა სახელმწიფოს წარმომადგენელი და დაშინების გზით შეეცადა, გუნდს თავად მიეთო გადაწყვეტილება ღონისძიების გაუქმების ან გეგმების შეცვლის შესახებ:

“კონკრეტულად ჩემთან იყო მოსული სახელმწიფოს წარმომადგენელი და მათ ჰქონდათ ჩვენს გუნდში შიშის დათესვის მცდელობა. “კეთილი რჩევა” მოგვცეს, ჩვენ თავადვე გაგვეუქმებინა ეს ღონისძიება. ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს პრობლემის სათავეს, მოხდეს პოზიტიური პასუხისმგებლობის გააზრება, იმუშაონ საზოგადოების ცნობეირების ამაღლებაზე, ამის ნაცვლად ხდება ჩვენი, როგორც ჯგუფის გადამალვა და ამ დრომდე სახელმწიფო ამას ახერხებდა წარმატებით”, – ამბობს თაბაგარი.

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, ისინი გეგმავენ გააგრძელონ პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის, “ღირსების მარშზე” მუშაობა და არ აპირებენ მათ გაუქმებას ან შეცვლას.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, ან არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ უზრუნველყოს ღონისძიების მონაწილეთა შეკრების თავისუფლება, ორგანიზატორები მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და შს მინისტრ გიორგი გახარიას, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ ისაუბრონ იმ მიზეზებსა და გამოწვევებზე, რომლის საფუძველზეც თბილისი პრაიდს ეზღუდება კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით სარგებლობა.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები გეგმავენ, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

ამავე თემაზე

პრაიდის ჩატარება ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ადგილებსა და ფორმატში შეუძლებელია – შსს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.