შსს-ს ცნობით, ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან 21 უკვე გაათავისუფლეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, თბილისის პრაიდის ორგანიზატორების შეკრების პარალელურად მიმდინარე ჰომოფობიურ კონტრაქციაზე, ჯამში, 28 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების თანახმად, დაკავებულები “ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ”.

“პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობისას მომხდარი ყველა ინციდენტის ამსახველ მასალას და მათ “უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება”.

“აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა”, – აცხადებს უწყება და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეკრებისას კანონი დაიცვან, სხვა შემთხვევაში კი “სამინისტრო მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში” იმოქმედებს.


 

14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს: ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი მიმართულებით. მოგვიანებით, ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც 10-მდე მათგანი დააკავეს.

ჯგუფი აგრესიით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართაც:  ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს; შეურაცხყოფა მიაყენეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტსაც, TV პირველის რეპორტიორს კი ერთ-ერთი მათგანი ხელით შეეხო.

მოგვიანებით პოლიციამ ადგილზე ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობდა.

პრაიდის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები, რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, გვიან ღამით დაიშალნენ.  გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს მათი მხრიდან საჯარო სივრცის დათმობას და პრაიდის ჩატარებაზე არც იმას, რომ პრაიდის ჩატარებაზე უარს ამბობენ. თაბაგარის თქმით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს უბრუნდებიდან და პრაიდის კვირეულის უსაფრთხოებაზე მსჯელობას ორშაბათიდან გააგრძელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან