ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ ითხოვენ კომპანიები “ოქროს სიაზე” მაჭავარიანის გადაწყვეტილების ამოქმედების გადავადებას

11 ივნისი, 2019 • 4139
რატომ ითხოვენ კომპანიები “ოქროს სიაზე” მაჭავარიანის გადაწყვეტილების ამოქმედების გადავადებას

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ დღეს, 11 ივნისს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს “ოქროს სიასთან” დაკავშირებით მიმართა. ბიზნესომბუდსმენი პრემიერისგან ამ გადაწყვეტილების ამოქმედების ვადის გადაწევას ან “ოქროს სიის” წევრებისთვის 30-დღიანი ვადის უცვლელად დატოვებას ითხოვს.

“მტკივნეული საკითხი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ ბიზნესისთვის სიურპრიზი იყო და ახლა მათ უწევთ მთლიანი ფინანსების გადაწყობა, რაც საკმაოდ რთულია. ამიტომ გადავწყვიტეთ დღესვე მივმართოთ მთავრობას, რომ ან გადავადდეს ამ გადაწყვეტილების ამოქმედება, ან დარჩეს სტატუს-კვო,”- აცხადებს ლექვინაძე.

ლექვინაძემ პრემიერისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 10 ივნისს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ცნობილი გახდა, რომ ივანე მაჭავარიანი ბრძანების ამოქმედების გადავადებაზე უარს ამბობს. 

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ე.წ ოქროს სიაში მყოფ კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ. აქამდე იმპორტის გადასახდელებს ბიზნესი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღეში იხდიდა, გარდა ე.წ ოქროს სიის წევრებისა.

მინისტრის 2019 წლის 31 მაისის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წელს გამოცემული ბრძანების 51-ე მუხლის მე-7 პუნქტში.

ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება 2019 წლის 12 ივნისს, ხოლო სხვა შემთხვევაში- 2 ივლისს.

რა არის ოქროს სია

„ოქროს სიის“ მონაწილე არის პირი, რომელიც სარგებლობს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადით. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის “ოქროს სიაში” 217 კომპანიაა, ანუ მათთვის გადახდის ვადა 30 დღე იყო.

შემოსავლების სამსახური ე. წ ოქროს სიის სტატუსს ანიჭებს გადამხდელს, რომელსაც აქვს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი, არანაკლებ 5 მლნ ლარი.  ამავე დროს, გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი არანაკლებ 900 ათასი ლარისა. შესაბამისად, ოქროს სიაში ხვდებიან კომპანიები, რომლებსაც  დიდი ბრუნვა აქვთ.

გადახდის 25 დღით გადავადების გარდა, ოქროს სიაში მონაწილე კომპანიები საქონლის იმპორტისას გამარტივებული პროცედურებითაც სარგებლობენ. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუცუშვილი ამბობს, დღეს 50 ათასზე მეტი კომპანია “ოქროს სიის” კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. “გადახდის ნაწილში შინაარსობრივად ეს არის უპროცენტო სესხი მიცემული სახელმწიფოს მიერ მხოლოდ 200 კომპანიაზე,”-ამბობს ხუციშვილი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ “ოქროს სია” არ უქმდება და კომპანიები გამარტივებული პროცედურების ნაწილით კვლავაც ისარგებლებენ.

რა არგუმენტები აქვს ფინანსთა სამინისტროს

ცოტნე ყავლაშვილის მტკცებით, მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია თანაბარ პირობებში ჩადგება. ამასთან, ყავლაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთ მიზეზად  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაასახელა.  გუშინ, 10 ივნისს, ბიზნესომბუდსმენმა თქვა, რომ ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო შეღავათების გაუქმების მთავარ არგუმენტად სავალუტო ფონდთან შეთანხმება დაასახელა.

 ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ საბაჟო რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმპორტის დროს  ყველა კომპანიას 30-დღიანი ვადა მიეცეს. 

“რეალობაა ის, რომ 30 დღეში ვეღარ იპოვი ვერც კომპანიების გარკვეულ ნაწილს და ვეღარც საქონელს იმისათვის, რომ კუთვნილი გადასახადის გადახდა მოხდეს ბიუჯეტში. ეს რეალობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის, ასეა გადასახადის გადახდის ბევრად უფრო მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებშიც”,-წერს ხუციშვილი Facebook-ზე.

მისივე თქმით, ვერანაირად ვერ მოხდებოდა არსებული რისკების მართვა ყველა კომპანიასთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე,  თავიდანვე შეღავათები მხოლოდ მცირე რაოდენობაზე გავრცელდა. 

“დღეს ერთი კრიტერიუმით შეიძლება შეირჩეს პრეფერენციული 200 კომპანია და ხვალ მეორეთი – ასეთ დროს ბიზნესის ინტერესების დამცველი კი უნდა იყოს ბიზნესის ინტერესების დამცველი ყველასთვის და არა რომელიმე კონკრეტული ათეული კომპანიისთვის. მესმის, რომ საკმაოდ რთულია გარკვეული პრივილეგიების დაკარგვა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ეს პრივილეგიები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, ზოგ შემთხვევაში გარკვეულწილად ბიზნესმოდელის ნაწილიც კი გახდა და შეიძლება კონკრეტულ კომპანიასთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზეც ვისაუბროთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეთრზე შავის მტკიცება დავიწყოთ.

არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს 200 კომპანიას და ამიტომ არ უნდა მოხდეს პირობების გათანაბრება, არასწორი სტრატეგიაა ამ საკითხით დაინტერესებული პირების მხრიდან ორი მიზეზის გამო: ერთი, ეს არ არის ისეთი წონადი საკითხი, როგორც ამის წარმოჩენა ხდება, და მეორე, 50 000-ზე მეტი კომპანია სწორედ ამ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას ათეული წლის განმავლობაში”,-აცხადებს ხუციშვილი.

ბიზნესის პოზიცია

“ცვლილების ამოქმედების ვადა უნდა გადაიწიოს და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ბიზნესასოციაცია ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის ბრძანებას.

“ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ცალსახად გამონაკლისი და უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავს საკანონმდებლო აქტებში ბიზნესთან სათანადო კონსულტაციების გავლის და ერთობლივი ანალიზის გარეშე განხორციელებული ისეთი ცვლილება, რომელიც უშუალოდ ბიზნესსფეროს ეხება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს კომპანიების ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაზე”,-ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

JTI (Japan Tobacco International)-ის კომუნიკაციების სპეციალისტმა ივა ხასია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მინისტრმა ვერ დაასაბუთა, რატომ არის ამ გადაწყვეტილების ამოქმედება მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, მაჭავარიანისგან მხოლოდ ის მოისმინეს, რომ 2017 წელს სახელმწიფოს სავალუტო ფონდთან ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ ეს ცვლილება განხორციელდებოდა.

“თუ 2017 წლიდან მოყოლებული სამინისტროს ამ ცვლილებაზე მზაობა ჰქონდა, რატომ არ შედგა ბიზნესთან ამ თემებზე კომუნიკაცია?! დღეს ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, რატომ ამოქმედდა ეს ცვლილება?! დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ კომუნიკაციაში ჩავარდნა იყო, თუმცა არავითარი კონკრეტული გადაწყვეტილება არ შემოუთავაზებია. ბიზნესის ერთადერთი მოთხოვნა იყო გადახედვა ამ გადაწყვეტილების და გონივრული ვადების დაწესება. ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს კომპანიასთან ფინანსთა სამინისტროს რაიმე კომუნიკაცია არ ჰქონია და ამ გადაწყვეტილების შესახებ საკანონმდებლო მაცნედან შევიტყვეთ”, – ამბობს ხასია.

ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ მამუკა ბახტაძე მხედველობაში მიიღებს იმ ვითარებას, რაშიც ბიზნესს უწევს ყოფნა და გონივრული ვადების დაწესება მოხდება. ხასია განმარტავს, რომ “ოქროს სია” ბიზნესის მიერ შექმნილი არ არის და  მთავრობამ კეთილსინდისიერი გადამხდელები მათი საგადასახადო ისტორიიდან გამომდინარე შეიყვანა მასში.

“თუ აქამდე 30 დღე გვქონდა დაგეგმილი და გაწერილი, ანუ შემოტანიდან 30 დღის განმავლობაში უნდა გამეყიდა პროდუქტი და ამოღებული თანხიდან გადამეხადა გადასახადები… ახლა ეს ბიზნესმოდელი თავიდან ბოლომდე გადასაწყობია, რადგან 5 დღეში უნდა შევიტანო ის თანხა, რისთვისაც აქამდე 30 დღე მქონდა. იმ პროდუქტს, რომელიც 30 დღეში უნდა გამეყიდა, 5 დღეში ვერანარად ვერ გავყიდი, შესაბამისად, მიჩნდება ფინანსური ჩავარდნა და ეს თანხა საიდანღაც უნდა მოვიძიო. ერთ-ერთი გზაა მივმართოთ საბანკო სესხებს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ოპერირებაზე, ან ნაკლები შემოვიტანო და, შესაბამისად, ნაკლები გავყიდო. ეს გრძელვადიან პერიოდში ჩემთვის, როგორც ბიზნესისთვის, იქნება ცუდი, ასევე ბიუჯეტს დააზარალებს, რადგან გაყიდვები ნაკლები იქნება და, შესაბამისად, ნაკლები თანხა შევა”, – ამბობს ივა ხასია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ  ახლა კომპანიამ გადასახადი 30-ის ნაცვლად 5 დღეში უნდა გადაიხადოს და ამისთვის თანხის მოზიდვა მოუწევს, ეს კი მათთვის დამატებითი გადასახადია. ამასთან, ჭყონია მოითხოვს, ფინანსთა მინისტრი პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე დაიბარონ, სადაც ბიზნესი და ასოციაციებიც იქნებიან მოწვეულნი.

“გონივრული გადაწყვეტილება იქნება გარკვეული პერიოდი ავიღოთ მინიმუ 6 თვე, რათა ბიზნესი მოემზადოს. ერთი მხრივ, ვიღებთ დადებით გადაწყვეტილებას და მოგების გადასახადს ვხსნით [რეინვესტიციის შემთხვევაში] და მეორე ხელით ვახრჩობთ, ასე გამოდის… ამ გადაწყვეტილებით მათ დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება მოუწევთ. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მძიმე ტვირთია. ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად იმპორტიორებს დაარტყამს და დისტრიბუტორთა აოსციაციაში 80% იმპორტიორი კომპანიები არიან.  გადავადების საკითხზე მაჭავარიანისგან არგუმენტი ვერ მოვისმინეთ… თურმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ შეიცვლება. ანუ ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პერმანენტულად ვადდებოდა დღეს მისი გადავადება რამდენიმე თვით შეუძლებელია. ძალიან მკაცრი პოზიცია იყო მისი მხირდან [ივანე მაჭავარინი], რომ არ მოხდება დათმობაზე წასვლა”, – ამბობს ჭყონია.

ნეტგაზეთი რამდენიმე დღეა ცდილობს შემოსავლების სამსახურისგან მიიღონ ინფორმაცია ცვლილებების შესახებ როდის და რა ფორმით შეატყობინეს “ოქროს სიაში” მყოფ კომპანიებს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიებს ინფორმაცია შეატყობინეს, თუმცა როდის, უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი