ახალი ამბები

ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მე-3 მუშაც დაიღუპა

6 ივნისი, 2019 • 3259
ორთაჭალაში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მე-3 მუშაც დაიღუპა

ორთაჭალაში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მესამე მუშაც დაიღუპა. კომპანია სამშენებლო ნებართვის დარღვევისთვის 30 000 ლარით დააჯარიმეს, რის შემდეგაც მშენებლობა გაგრძელდა. შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია, გამოძიებაც გრძელდება.

თბილისში, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის (ყოფილი ნარიმანოვის) ქუჩაზე მშენებარე კორპუსზე მუშაობისას სამი ადამიანი 16 მარტს გადმოვარდა — ნოდარ ჩაკვეტაძე, შალვა ფუტკარაძე და ვეფხია ხუჭუა. გადმოვარდნისას ისინი მშენებარე კორპუსის გარე ფასადს ღებავდნენ.

შალვა ფუტკარაძე ადგილზე გარდაიცვალა. ნოდარ ჩაკვეტაძე და ვეფხვია ხუჭუა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 53 წლის ნოდარ ჩაკვეტაძე იმავე დღეს, რამდენიმე საათში დაიღუპა.

ნეტგაზეთმა ცოტა ხნის წინ გაარკვია, რომ 31 წლის ვეფხია ხუჭუა შემთხვევიდან 6 დღეში, 22 მარტს გარდაიცვალა.

ნეტგაზეთი შემთხვევის შემდეგ შიგადაშიგ კითხულობდა დაშავებულის მდგომარეობას ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ის მკურნალობას გადიოდა. 29 მარტს ნეტგაზეთს კლინიკაში განუცხადეს, რომ დაშავებული ხუჭუა „სტაბილურად გადის მკურნალობას“. თუმცა, როგორც ხუჭუას ოჯახის წევრმა ნეტგაზეთს რამდენიმე დღის წინ უთხრა, ის 22 მარტს გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურში ნეტგაზეთს 6 ივნისს განუმარტეს, რომ ექიმს მათთვის ეს ინფორმაცია არ მიუწოდებია.

სანქციები

საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი „მონოლით სითი“ ორთაჭალაში უკვე მესამე წელია შენდება. მუშები სწორედ აქ დაიღუპნენ. მშენებლობის დამკვეთი 2013 წელს დაფუძნებული კომპანია (შპს) „მონოლით ჯგუფია“, უშუალოდ მშენებელი კომპანია კი „ემ ჯი ალიანსია“. თუმცა „ემ ჯი ალიანსის“ 75%-იანი წილის მფლობელიც „მონოლით ჯგუფია“.

„მონოლით სითი“. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია. 18.03.2019

როგორც ნეტგაზეტს მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს (თბილისში ეს უწყება ზედამხედველობს მშენებლობებს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად), რომ კომპანია „ემ ჯი ალიანსი“ 30 000 ლარით დაჯარიმდა და მშენებლობა შეჩერდა მანამდე, სანამ კომპანიამ არ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა ხარვეზების გამოსწორებაზე. ამის შემდეგ შეჩერების დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

როგორც ნეტგაზეთს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მაშინ განუცხადა, ინსპექტორებმა 16 მარტსვე გამოავლინეს, რომ ადგილზე „დარღვეული იყო სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნები, სამუშაო აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესები და არ ხდებოდა საფრთხის შეფასებაზე დაფუძნებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა“. ნეტგაზეთი ამ მასალაზე მუშაობისას კვლავ დაუკავშირდა შრომის სამინისტროს, რათა გაერკვია, არის თუ არა რაიმე სიახლე, მათაც დააკისრეს თუ არა რაიმე სანქცია კომპანიას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დანიშნული ექსპერტიზების პასუხებს ელოდება, ჯერჯერობით არავის პასუხისმგებლობა არ გამოუკვეთავთ და არავინ დაუკავებიათ.

კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე — ვაკეში, „ლეჩკომბინატის“ მშენებლობაზე დაღუპული ორი მუშის საქმეზე — გამოვლენილი პასუხისმგებელი პირი 19 დღეში დააკავეს. ორთაჭალის შემთხვევიდან (16 მარტი) დღემდე (6 ივნისი) ზუსტად 82 დღეა გასული.

სამუშაო ადგილებზე მუშაობისას დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა ასეთია: 2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა. იმავე წელს საწარმოო დარღვევებზე 224 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, 67 შემთხვევაში შეწყდა. სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ 19 შემთხვევაში დაიწყო:

2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

კომპანიის შესახებ

კომპანიის ვებგვერდზე წაიკითხავთ, რომ „მონოლით სითი„ „თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია“, რომლის მშენებლობაშიც „მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება“. გაურემონტებელი ბინების (თეთრი კარკასის) ფასი, კორპუსების და სართულების მიხედვით, 82 ათასიდან 243 ათას ლარამდე მერყეობს.

ორივე კომპანიის — „მონოლით ჯგუფისა“ და „ემ ჯი ალიანსის“ — დირექტორი მოქალაქე ზაზა იჩქიტიძეა. თუმცა არცერთ ამ კომპანიაში წილებს არ ფლობს.

„მონოლით ჯგუფს“ ხუთი მესაკუთრე ჰყავს, რომელთაც კომპანიის 20-20 პროცენტი აქვთ გადანაწილებული. ესენი არიან პაატა ფირცხალაიშვილი, ეკა ფოცხიშვილი, ზვიად დარახველიძე, მამუკა ჩირგაძე და ზურაბ ჯულუხიძე. „ემ ჯი ალიანსის“ 75%-იან წილს „მონოლით ჯგუფი გლობს“, დარჩენილი 25%-იანი წილის მფლობელი კი მოქალაქე ირაკლი დარახველიძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი