საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდი აქვეყნებს ამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის განცხადებას. ტელევიზიის ბორდის მიერ დირექტორ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, დირექტორის მოვალეობას სწორედ ნათია ზოიძე ასრულებს. ის მონაწილეობდა ახალი დირექტორის შესარჩევ კონკურსში. 31 მაისს გამართულ კენჭისყრაძე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საკმარისი ხმა, რის გამოც კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.
განცხადების ტექსტს, რომლითაც ნათია ზოიძე მრჩეველთა საბჭოს მიმართავს, უცვლელად გთავაზობთ:
„31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნების პროცესზე მინდა ვთქვა. ამ კონკურსს ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო აწყობდა და სხვა კანდიდატებთან ერთად მასში მეც ვმონაწილეობდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაში გარკვეულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს, წესით, უნდა ეგრძნოთ, რომ ნამდვილად მქონდა გააზრებული საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია. გეგმა, რომელიც წარვადგინე, იყო ნაფიქრი, რეალისტური და თანმიმდევრული. საბჭოს მიზანი კონცეფციაზე მსჯელობა სულაც არ იყო.
არ ვნანობ პროცესში მონაწილეობას. მქონდა კითხვები, რომელზეც აუცილებელი იყო მიმეღო პასუხები. ამ წერილის მიზანია, ვთქვა: მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული.
ვფიქრობ, უნდა იცოდეთ: ნათია კაპანიძის უნდობლობიდან ერთ კვირაში სახელისუფლებო გუნდის სხვადასხვა ვერტიკალის ინიციატივით მომიგზავნეს ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების თანამზრახველობა, რადგან ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა.
ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ. ამასთან, ამბიციებს, პირად წყენებს ვერ გასცდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არანაირად არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის განცდას.
მივმართავ მრჩეველთა საბჭოს წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც 25-წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი კეთილსინდისიერების მაგალითად.
რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის დესტრუქცია და ეს არ მართლდება. თქვენ წინ არა მარტო 320 თანამშრომელი დგას, არამედ დგანან მოქალაქეები, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ისტორიაში პირველად ფლობენ ტრიბუნას.
მრჩეველთა საბჭოს წევრმა მითხრა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვმუშაობ ახლა მაუწყებელში, კანონდარღვევაა და მიმანიშნა კარისკენ. გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული, მეუბნება, რომ „საინფორმაციო პოლიტიკის მართვა“ და „სამივე პლატფორმის კოორდინაცია“, რაც ჩემს ხელშეკრულებაში ვალდებულებადაა ჩაწერილი, მითვისებული მაქვს და ეს დებულებას ეწინააღმდეგებაო. ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე.
პროცესები სრულად შიშველია: მრჩეველთა საბჭო 31 მაისის გადაწყვეტილებით ხელს უწყობს არხის თავისუფალი საინფორმაციო პოლიტიკის ვექტორს შეცვლას.
ის, რომ უკანონოდ ვერეოდი სარედაქციო დამოუკიდებლობაში, არათუ სიმართლე არ არის, არამედ მორალური ფსკერია. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვერევი სარედაქციო საქმიანობაში, ეს არის ჩემი საქმე და ამით ვქმნი საფუძველს სარედაქციო თავისუფლებისთვის. მინდა, რომ ეს კარგად ესმოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის ყველა წევრს და, რაც მთავარია, მრჩეველთა საბჭოს წევრებს. არც გაბრაზებული ვარ და არც ნაწყენი. უბრალოდ, ეს ასეა.
დღეს კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადეს. თქვენ, ვისაც ეს გეხებათ, მშვიდად ნუ დაელოდებით ახალი დირექტორის არჩევას. თუ ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდა, მალე აჭარაში იქნება ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ წერილის პირადი მოტივი არ მაწერინებს: სულ რომ დაიხუთოს ქვეყანა, მე ჩემ წილ თავისუფლებას მაინც ვიპოვი, ერთი სიტყვა და ერთი თავისუფალი ხმაც კი საკმარისია, ვიბრძოლო პროგრესისთვის, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ახლა აფერხებს.
2019 წლის 3 ივნისი”.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/207690/