ტელეარხებს 19 მაისის არჩევნებზე ეგზიტპოლები არ ექნებათ

2019 წლის პარლამენტის შუალედურ და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზე ეგზიტპოლის შედეგები ტელევიზიებს არ ექნებათ.

ნეტგაზეთი ამ კითხვით დაუკავშირდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, “იმედს”, “რუსთავი 2-სა” და ტვ “პირველს”. ოთხივე ტელეარხში განგვიცხადეს, რომ ეგზიტპოლი მათი დაკვეთით 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე არ მომზადდება.

დღეს თბილისსა და რეგიონების ნაწილში არჩევნები იმართება. თბილისში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში უნდა აირჩიონ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი. აღნიშნულ ოლქში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა.

დღეს ასევე მერებს ირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. ამავე დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.