ახალი ამბები

II ტურში პირველთან შედარებით კახაძემ 4702-ით მეტი ხმა მიიღო

10 ივნისი, 2019 • 1334
II ტურში პირველთან შედარებით კახაძემ 4702-ით მეტი ხმა მიიღო

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ლადო კახაძემ II ტურში პირველთან შედარებით 4702 ხმით მეტი მიიღო.

პირველ ტურში კახაძემ 6036 ხმა მიიღო, რაც ჯამში ხმების 41% იყო, ხოლო მეორე ტურში 10 738, რაც იმ პირობებში, როდესაც არჩევნებში მხოლოდ ორი ადამიანი მონაწილეობდა საერთო ხმების 61.83 პროცენტია.

რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, მან I ტურთან შედარებით II ტურში 1208 ხმით მეტი მიიღო. I ტურში შავგულიძეს ხმა 5422-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მეორეში – 6630-მა.

განსხვავებით პირველი ტურისაგან მეორე ტურში ყველა საარჩევნო უბანში ლადო კახაძემ გაიმარჯვა.

შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ის თვალს უსწორებს შედეგს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა, თუმცა ოპონენტისთვის მილოცვას არ აპირებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნებში მიუღებელი მეთოდები გამოიყენა და შესაბამისად მისალოციც არაფერია.

“უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, შეწუხდა; გაითავისა და გაიაზრა ის წინადადებები, რაც მე მათ შევთავაზე… უფრო სწორად, რითაც მათ დამმოძღვრეს. დიდი მალდობა ყველას, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა. ეს არის ის ოჯახი, სადაც მე ჭირისა და ლხინის გასაყოფად ვარ დღეს და ვიქნები, სანამ ვიარსებებ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც ჩემთვის ხმა არ მოუცია პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში აქვს გარკვეული ნდობა ჩემს მიმართ და ალბათ, ცხოვრება ამოიტანს ამ ნდობის კიდევ უფრო გაღვივებას”, – განაცხადა ლადო კახაძემ “ქართული ოცნების” მიერ არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების გასაჯაროების შემდეგ.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ლადო კახაძე მთაწმინდაზე დიდი უპირატესობით იმარჯვებს, თუმცა მოგებას მასშტაბურად არ აღნიშნავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამის მიზეზად “ნახევრად ხუმრობით” აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი გამარჯვებებს მიეჩვია.

“ერთი ის არის, რომ მივეჩვიეთ გამარჯვებებს. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ეს არის შუალედური არჩევნები და ბუნებრივია, შუალედური არჩევნები განსხვავდება საერთო ეროვნული არჩევნებისგან. აქედან გამომდინარე, პირველი ტურის შემდეგაც და მეორე ტურის შემდეგაც, რაიმე სახის საჯარო შეხვედრა არ მოგვიწყვია”, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი