ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც საქართველოს არ აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა, შეიძლება იყოს “დანახარჯებისა და ეფექტის თანაფარდობა”.

ჟურნალისტმა მას გაახსენა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომლის მიხედვითაც საჰაერო თავდაცვის სისტემების საფრანგეთისგან შესყიდვის შესახებ შეთანხმება “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაშალა. კობახიძეს ჰკითხეს, “ქართულმა ოცნებამ” მიზანმიმართულად ჩაშალა თუ არა ეს შეთანხმება.

“ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია, მათ შორის, ბოლო თვეების განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით. იმდენად კომპლექსურია ეს საკითხი, რომ ასე ზედაპირულად საუბარი არ შეიძლება. არის უაღრესად კომპლექსური საკითხი როგორც ფინანსური კუთხით, ისე რესურსების მრავალფეროვნების კუთხით. ასე მარტივად ამ თემებზე საუბარი, მით უმეტეს, საჯაროდ, არ შეიძლება. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. არის უამრავი სპეკულაცია, რაც მოგვისმენია. ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზომიერად იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ”, – თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტმა დააზუსტა, რომ მისი კითხვა ეხება კონკრეტულ შეთანხმებას საფრანგეთთან, რომელიც ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე ივანიშვილის დავალებით ჩაიშალა.

“შეიძლება იყოს უამრავი მიზეზი – ამას გეუბნებით კონკრეტულ ცოდნაზე დაყრდნობით – მათ შორის დანახარჯების და ეფექტის თანაფარდობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ღირდეს, ან არ ღირდეს კონკრეტული სისტემების შეძენა. არის ძალიან კომპლექსური საკითხი. უამრავი სპეკულაცია მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ საქმიანად ვმუშაობთ პროფესიონალებთან ერთად – თავდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან, გენერლებთან ერთად, იმისათვის, რომ სწორი ფორმით ვიზრუნოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კუთხით”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ, მის მიერ დასახელებულ “უამრავ მიზეზს” შორის შეიძლება თუ არა ერთ-ერთი იყოს რუსეთის შიში, კობახიძემ თქვა, რომ ეს “არაფერ კავშირში არ არის”.

ერთი წლის წინ, 2025 წლის თებერვალში, ირაკლი ალასანიამ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა საფრანგეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ შეთანხმებაზე. ალასანიას ინფორმაციით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საფრანგეთის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრთან, ჟან-ივ ლე დრიანთან. მოლაპარაკების მიზანი იყო, საფრანგეთს საქართველოსთვის მიეყიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, სანაცვლოდ კი საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მიიღებდა მონაწილეობას. ალასანიას თქმით, საფრანგეთი თანახმა იყო, საქართველოს კრედიტით ესარგებლა და თავდაცვის სისტემისთვის საფასურის გადახდა 7 წლის შემდეგ დაეწყო.

ალასანიას თქმით, შეთანხმება შედგა. თუმცა მემორანდუმზე ხელის მოწერამდე ერთი დღით ადრე მას დაურეკა იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და შეთანხმების ჩაშლა მოსთხოვა.

“ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი”, – ამბობს ალასანია და აცხადებს, რომ ღარიბაშვილს უარი უთხრა. მეორე დღეს, შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე, დააკავეს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი ე.წ. კაბელების საქმეზე.

ალასანია ამბობს, რომ მემორანდუმს ხელი მაინც მოაწერა. თუმცა მალევე თანამდებობის დატოვება მოუწია. მისი თქმით, მემორანდუმი დღემდე ძალაშია და საქართველოს შეუძლია განაახლოს ამ საკითხზე მოლაპარაკებები.