ახალი ამბები

მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ ეკატერინბურგის სკვერში ეკლესიის მშენებლობა შეაჩერეს

17 მაისი, 2019 • 1106
მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ ეკატერინბურგის სკვერში ეკლესიის მშენებლობა შეაჩერეს

მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანმა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის სკვერში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა, ქალაქის მერმა მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც “მედუზა” იტყობინება, ქალაქის მერმა ალექსანდრ ვისოკინსკიმ თქვა, რომ ქალაქში სამი კვირის განმავლობაში ჩატარდება გამოკითხვა და თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ეკლესიის მშენებლობას, მაშინ ააშენებენ. გამოკითხვა ჩატარდება როგორც მერიის ვებსაიტზე, ისე ქუჩებში. ის დღეს, 17 მაისს დაიწყება.

“მედუზას” ცნობით, ფონდ “სოციუმის” ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, სხვერში ეკლესიის მშენებლობას ეკატერინბურგელთა 52% ეწინააღმდეგება, 28% ემხრობა, 20%-სთვის კი ამ საკითხს მნიშვნელობა არ აქვს.

ეკლესიის მშენებლობას რამდენიმე ათასი ადამიანი 13-14 მაისს აპროტესტებდა. დაკავებულია 30-მდე ადამიანი. მათ უმრავლესობას წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ. პოლიციამ 15 მაისს მშენებლობას მყარი კონსტრუქციის ღობე შემოავლო.

აქციის მონაწილეებს ქალაქისთვის სკვერის შენარჩუნება სურთ.

მთავარ ფოტოზე: ეკლესიის სკვერში აშენების მოწინააღმდეგეთა აქცია ეკატერინბურგში. რუსეთი, 16 მაისი, 2019. ფოტო: E1.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი