მინდა შვილის გული მოვიგო – ყოფილი პატიმრის ზეპირი ისტორია [ვიდეო]

“მყავს შვილი და ჩემი მთავარი საზრუნავია, როგორ მოვიგო შვილის გული – მის დაბრუნებას ვცდილობ“, – ამბობს რამაზ ასლანიშვილი, რომელიც 41 წლისაა და 14 წელი და 7 თვე გაატარა საპატიმრო დაწესებულებაში.

ციხიდან 2017 წელს გამოვიდა და დღემდე არსად აქვს წასასვლელი. გაეცანით მის ისტორიას და ნახეთ, რა ხვდებათ ყოფილ პატიმრებს ციხის მიღმა და როგორ იბრძვიან სოციალიზაციისთვის:


17 წლის ვიყავი,  დედა რომ გარდამეცვალა. 1994 წელი იყო.  ჩემი პატარა ძმა დამ წაიყვანა თავისთან, რომელიც გურიაში იყო გათხოვილი.   მე დავრჩი მარტო ბათუმში. დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა როგორც ფსიქოლოგიურად და მორალურად, ისე ფიზიკურად. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა დედასთან – ალბათ, ავადმყოფი ბავშვი უფრო მეტ სითბოს გრძნობს მშობლისგან.

1996 წელს გავიცანი ადამიანი, რომელთანაც ოჯახი შევქმენი. ბათუმელი გოგო იყო. გვეყოლა შვილი. შვიდი თვიდან ბავშვი ავადმყოფობდა. რთული დიაგნოზი ჰქონდა. კლინიკებში დამყავდა. ეს იყო ძალიან ძნელი ჩემთვის, უმუშევარი ვიყავი და არც ფიზიკურად შემეძლო მუშაობა. დღითიდღე დამძიმდა მისი მდგომარეობა.

ვინაიდან ბავშვობაში რუსეთში ვიზრდებოდი, გადავწყვიტე რუსეთში წამეყვანა. საბედნიეროდ, იქ მოარჩინეს. 2000 წელს დავბრუნდით საქართველოში.

2001 წლიდან ჩემი ცხოვრება აირია, როგორც მეუღლესთან, ისე პიროვნულად. არ მინდოდა ოჯახის დანგრევა, მაგრამ 2003 წელს მაინც ასე მოხდა – ჩარევებით, კარნახით, რის შემდეგ თბილისში წავედი საცხოვრებლად. ეს [ოჯახის დანგრევა] იმ დონის ტრავმა იყო ჩემთვის, რომ ბათუმში გაჩერება აღარ მინდოდა.

2001 წელს შემემთხვა ავარია. ვერ შევძელი მფლობელისთვის მანქანის გაკეთება. ვინაიდან ყოფილი პოლიციელი იყო და გავლენა ჰქონდა, მანქანა ისე შემიფასა, რა ფასადაც 10 წლის წინ ჰქონდა ნაყიდი. მაშინ ეს იყო სახლის ღირებულება. ჩამიტარეს აუქციონი, რომელსაც ვერც მე დავესწარი, ვერც ჩემი და. ასე დავკარგეთ სახლი ბათუმში. მე უკვე პატიმარი ვიყავი, როდესაც საბოლოოდ დასრულდა ეს პროცესი და ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი.

ციხეში 2003 წელს მოვხვდი. თბილისში, რესტორანში, „თანამშრომლებთან“ მომივიდა ჩხუბი. ბათუმელი რომ ვიყავი, რატომღაც ამანაც დიდი როლი ითამაშა… 2 წელი და 9 თვე მიმდინარეობდა სასამართლო, დანაშაულს არ ვაღიარებდი. მერე პროკურორმა მომაკითხა ციხეზე და მომიტანა საქმე, სადაც ეწერა, თითქოს მე დავაყაჩაღე 5 პირი. შეკრებითობის პრინციპით 40 წელი მემუქრებოდა, ან უვადო. პროკურორმა მითხრა, რომ თუ ვაღიარებდი, მოსამართლე 20-25 წელს დამიტოვებდა. მივხვდი, რომ არავინ მყავს… დავთანხმდი, რომ მე ჩავიდინე ყაჩაღობა. საქმე – რესტორანი და ჩხუბი თანამშრომლებთან, სადაც მე მცემეს, არ გამოაჩინეს და დამიტოვეს ის, რომ თითქოს ხუთი პიროვნება დანის მუქარით დავაყაჩაღე. მე ახლაც დაწერილი მაქვს გენერალურ პროკურატურაში განცხადება, რომ უკანონო პატიმარი ვიყავი და მინდა საქმის გადახედვა.

15 წელი მომისაჯეს.

საპატიმროში

საპატიმროში ვიყავი 14 წელი და 7 თვე. რთულია მაგის გახსენება. მინდა, დამავიწყდეს ყველაფერი. დღესაც მესმის „დედა, მიშველე“… ცემაზე და წამებაზე არ მაქვს ლაპარაკი. ჩემთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა უარესი იყო, მით უმეტეს, რომ ჩემს დანაშაულზე უკვე ვიხდიდი სასჯელს. როცა არაფერს ვაშავებ, არ ვეუზრდელები არავის, რატომ უნდა მაგინო ცოლი, შვილი. რატომ უნდა შეეხო ჩემს მიცვალებულს. მე არასდროს მქონდა მოსმენილი ისეთი სიტყვები, რასაც ეს ხალხი იყენებდა. ჩემთვის ზომბები იყვნენ, დაპროგრამებული მონსტრები.

მქონდა პერიოდი, როცა 24 საათი ჩემს ვირტუალურ ცხოვრებაში შევდიოდი – ვესაუბრებოდი დედმამიშვილებს, მათ შვილებს, ჩემს შვილს, ნაცნობებს. ვინაიდან ავად ვარ და ვიცი, რომ რთულად მაქვს ჯანმრთელობა, ოცნება და ნატვრა მქონდა, რომ დროზე გავთავისუფლებულიყავი…. ხშირად ვფიქრობდი იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო მამა შვილის აღზრდის დროს… როდესაც ოჯახი სრულყოფილად ცხოვრობს და მამას ბავშვი ბაღში მიჰყავს, მერე სკოლის პერიოდი. ასეირნებს, ოჯახი, მეუღლე… ეს დარდად და ფიქრად მქონდა. ვიცი, რომ წლებია გასული და ამას მე ვეღარასოდეს ვიგრძნობ. ერთადერთი ოცნება მქონდა, რომ შვილს მივეღე ნორმალურად.

გათავისუფლება

2017 წლის 30 ივნისს გამათავისუფლეს. ჩემს მუხლს ვადამდე პირობითი გათავისუფლება არ ეხება, მძიმე მუხლი მაქვს.

ხშირად ვიყავი ავად და ბევრი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფოს დიდი ფული ჰქონდა ჩემზე დახარჯული, დაახლოებით 60-ჯერ ვყავარ კოლონიიდან გაყვანილი სხვადასხვა საავადმყოფოში – ზოგში 10-ჯერ, ზოგში – 15-ჯერ. თვეობით ვიწექი.

ბოლო შეტევის დროსაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გამოიჩინა კეთილი ნება და წამიყვანეს კლინიკაში. მეექვსე ოპერაცია გამიკეთეს უროლოგიის ცენტრში, კენჭი ამოიღეს. როდესაც დამაბრუნეს [დაწესებულებაში], მეგონა, რომ ტკივილი აღარ უნდა მქონოდა, მაგრამ დაახლოებით 10 დღეში დამეწყო ტკივილი, მოვხვდი სხვა კლინიკაში და აღმოჩნდა, რომ კენჭი ისევ იმ ადგილას იყო. წყენის გარდა სულიერადაც მეტკინა – ნება მივეცი და გამჭრეს, ერთადერთ ფიბრონეფროზიან თირკმელს შეეხნენ, მგონია, რომ კენჭი ამომიღეს, მშვიდად უნდა ვიყო და ამ დროს არ არის ნორმალურად გაკეთებული. საწყენია ეს, მგონი.

შესაძლებელია, მაშინ იფიქრა ადმინისტრაციამ, რომ რამაზ ასლანიშვილი არ გაჩერდება და მიმართავს პროტესტს – მანამდეც ხშირად მიწევდა შიმშილობა და თვითდაზიანება… ასე შემომთავაზეს ვადამდე ადრე გათავისუფლება.

რა დამხვდა გარეთ

არაფერი საერთოდ.

როგორც კი გავთავისუფლდი, ჩამოვედი ბათუმში. გაოგნებული ვიყავი ქალაქით. ჯერ კიდევ ვერ დავტკბი ამ სილამაზით. ხალხს რაც შეეხება, ჩემი ბევრი ნაცნობი აღარ არის ბათუმში. არის კატეგორია ხალხის, ვისაც ბავშვობიდან ვიცნობდი – მეზობელი, მეგობარი. 15 წელი რომ არ გექნება ადამიანთან ურთიერთობა, რაღაც კომპლექსი ყალიბდება მოკითხვის დონეზეც. მე არ ვიცი, ისინი რას ფიქრობენ ჩემზე. მე ვიცი, რომ მინდა შევცვალო ჩემი ცხოვრება. ნორმალური, პატიოსანი, ოჯახური ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო.

რამდენიმე დღე ვიყავი ერთ-ერთ ბინაში, ჩემი და დამეხმარა. მერე დავიწყე სამუშაოს ძებნა. როდესაც მივდიოდი მშენებლობაზე ან სადმე ოფისში, ვინაიდან არც განათლება მაქვს და არც სპეციალობა, ყოფილი პატიმარი, პრობაციონერი ვარ, ვხვდებოდი, რომ შანსი არ მქონდა.

ერთ დღეს, ბევრი ვიარე – სამუშაოს ვეძებდი და ძალიან დავიღალე. ვიფიქრე, ზღვაზე დავისვენებ-მეთქი. მერე ჩამოვიარე ტაძართან, მამაო შემხვდა. სპონტანურად მივედი და მოსმენა ვთხოვე. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, ბევრი ცუდი მაქვს გაკეთებული, არაფერი არ მაქვს და პატიოსანი შრომით მინდა ვიცხოვრო-მეთქი. მეორე დღისთვის დამიბარა – პატარა საამქროსავით ჰქონდა. როდესაც დაინახა ჩემი ნამუშევარი, მითხრა, რომ იმუშავე და შენი საზრდო გექნებაო. რამდენიმე თვე ვიყავი.

მერე გავხდი ცუდად და წამოვედი: შვილთან მქონდა ისეთი პერიოდი, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან დავითრგუნე და ახლოს ვიყავი იმ ზღვართან, რომ ცუდს… იმას არ ვგულისხმობ, რაღაცა დამეშავებინა, მომეპარა. ცუდში იმას ვგულისხმობ, რომ შიში დამეუფლა, რომ ვკარგავ ბავშვს, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. მამაოსთან ვერ ვსაუბრობდი ამაზე, ვერ ვუხსნიდი რა ხდებოდა და რა ლაპარაკი მქონდა ჩემს შვილთან.

როგორ მოვიგო შვილის გული

ჩემს დისშვილს უთხრა, გადაეცი მამაჩემს, რომ მეშინია მისი და ნუ მომძებნისო. მე ვხვდები, რომ მისი აღზრდისას შორს ვიყავი, არავითარი სითბო არ მიმიცია… პირველ კლასში რომ წავიდა, რამდენიმე დღე ვიყავი ბათუმში. მახსოვს, შევიძინე ჩანთა, წიგნები, რვეულები… უნდა შეგვეყვანა პირველ სკოლაში. მერე დედამისს ისე წაუვიდა ცხოვრება, რომ ადამიანი გაიცნო და დაოჯახდა. ბავშვი გადავიდა სხვა საფიქრალზე…

ჩემთვის რომ ეთქვა პირადად, რომ შიში მაქვს, უხერხულად ვგრძნობ, ცოტა დრო მინდა მიჩვევისთვისო… სხვისგან რომ გავიგე, უფრო მეტკინა. დღესაც მაგას ვნერვიულობ და ვფიქრობ, რა გავაკეთო, რომ შვილის გული მოვიგო. არადა, ამას სჭირდება ხშირი ურთიერთობა, მაგრამ მაგას მოკლებული ვარ, სამწუხაროდ.

ორჯერ ვიყავი ჩასული – სხვა ქალაქშია გათხოვილი, შვილიშვილებიც ვნახე. ვფიქრობ, ეს მოგვარებადია და მე დავიბრუნებ მშობლის ადგილს. იმ წლებს არაფერი აღარ ეშველება, მაგრამ დარჩენილ ცხოვრებას შვილს მივუძღვნი. დიდზე არაფერზე არ ვოცნებობ – მინდა, რომ ჩემი ნამუშევრით ვიცხოვრო, როგორც ადამიანმა.

სად ვცხოვრობ

ამჟამად ერთ-ერთ ნაცნობთან ვარ, მაგრამ მინდა, რომ ერთი პატარა ოთახი ვიქირაო, სადაც შევძლებ მუშაობას – ხატების, სათამაშოების, აქსესუარების გაკეთებას.

პრობაციაში დამრჩა 1 წელი და ორი თვე. კვირაში ერთხელ დავდივარ.

სოციალურ დახმარებას ვერ ვიღებ. ვიყავი მისული, შემამოწმეს და მითხრეს, რომ კომპიუტერში ჯერ კიდევ ვარ როგორც პატიმარი და ერთი წლით უარი მითხრეს სოციალურ დახმარებაზე. არ ვიცი, ბაზაში რატომ ვარ ასე ასახული. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პრობაციაში უნდა მივსულიყავი აღრიცხვაზე. ის 60 ლარი, თუ რა ქულაც მექნებოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია.

პენსიას რაც შეეხება, მითხრეს, რომ ორივე თირკმელი უნდა მქონდეს გათიშული და მაშინ დამენიშნება პენსია. რად მინდა პენსია, თუ არცერთი თირკმელი არ მექნება.

ბრძოლა ჯანმრთელობისთვის

წამლებით დამეხმარა „დემოკრატიის ინსტიტუტი“. პროგრამის ფარგლებში – წლის დასწყისში გეხმარებიან. პიროვნულადაც ძალიან გული შესტკივათ ჩემზე. ხელსაწყოებიც შემიძინეს, რითაც დღეს ვმუშაობ და მადლიერი ვარ მათი.

არის ორგანიზაციები, სადაც ისეთ რამეს გეტყვიან, რომ მეორედ, რაც არ უნდა გიჭირდეს და რაც არ უნდა დაგჭირდეს, არასოდეს აღარ მიხვალ. მე არ მაქვს ლაპარაკი, რომ ტანსაცმელი მინდა ბოლო მოდის, ვსაუბრობ ელემენტარულ კვებაზე და მედიკამენტებზე.

ადამიანი რომ ჯანმრთელობას ებრძვის, ტკივილს ვერ გადმოსცემს, ეს მარტივი გასაგები უნდა იყოს… მქონია შემთხვევა, როცა შეტევის დროს სასწრაფოს წავუყვანივარ, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი, არ მინდა წასვლა-მეთქი და ფული ვერ გადამიხდია. დღესაც მირეკავენ და მეუბნებიან, რომ აღმასრულებელს გადამცემენ. ჩემს პასპორტს იტოვებდნენ. ახლაც, ხშირად არ მივყვები სასწრაფოს, რადგან შეიძლება ისევ იქ მიმიყვანონ და მერიდება იმ ექიმების ნახვა.

არის კატეგორია ხალხი, ვისი მხარდაჭერითაც დღემდე გამაქვს თავი. არის კატეგორია, რომელმაც საერთოდ არ იცის, რომ შეიძლება ადამიანს უჭირდეს. მის ცხოვრებაში არ ხდება ასეთი.

ჩვენ ადამიანები განვსხვავდებით გარეგნობით და აზროვნებით, სხვა მხრივ ყველა ადამიანი თანასწორია, ხომ? დამლაგებელი და მინისტრი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? – მას მინისტრის სამუშაო აქვს და იმას თავისი. ჩემთვის ორივე თანაბარია. არის კატეგორია, ვინც გეტყვის, აუ, მეც მიჭირდა. ეს კატეგორია არ იტყვის, ნეტავ დავხმარებოდი და ექიმამდე მიმეყვანა. მე მქონია ბევრჯერ ასეთი წუთები.

ასე იჩაგრები, ფიქრში, დარდში რჩები. ამას ძალიან ცუდი შეიძლება მოჰყვეს. კაცი რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის იბრძვის, ის საშიშია… შეიძლება არ ეტაკოს ვიღაცას, მაგრამ შესაძლებელია ისეთი რამ ჩაიდინოს, უკან დაბრუნდეს ციხეში. ყველას არ ჰყავს ნაცნობი და შინაური, ვისგანაც ელემენტარულ მხარდაჭერას მიიღებს.

თავშესაფარი

ბათუმში არსებობს თავშესაფარი, სადაც დილით გამოდიხარ და საღამოს შედიხარ. მეც მითხრეს ამ თავშესაფარზე, მაგრამ მე, როდესაც ჯანმრთელობა არ მაწუხებს, ვშრომობ. მაგალითად, ბულვარში შეიძლება დამინახოთ, როცა რაღაცას ვძერწავ, რაც შემოსავლიანი იქნება ჩემთვის. მაგრამ როდესაც ცუდად ვარ, არაფერი შემიძლია – წავიდე, გავარკვიო, დიაგნოზი დავასმევინო, მერე წამლები შევიძინო.

მე არასოდეს მიცხოვრია კრიმინალური ცხოვრებით. არ მეთაკილებოდა შრომა და არც ახლა მეთაკილება. უბრალოდ, ფიზიკურს ვერ შევძლებ… ეს პერიოდი არის ჩემთვის ბრძოლა, რომ პატარა კუთხე ვიქირავო. მიხარია, რომ ჯერ ცოცხალი ვარ და შვილი მყავს, შვილიშვილები. იმედი მაქვს, რომ მშვიდად ვივლი ქუჩაში და არ შემეშინდება იმის, ვაიმე, მტკივა და რა ვქნა, ვის მივაკითხო. იმედი მაქვს, გამოვკეთდები, შევძლებ შრომას და მექნება იმის შესაძლებლობა, რომ შვილი, შვილიშვილები ხშირად ვნახო, რომ ბაბუად აღმიქვან. დედმამიშვილებს გვერდში დავუდგე. ელემენტარული მჭირდება ბედნიერებისთვის.

 

რა ხდება ციხის შემდეგ – სახელმწიფო პროგრამა

იუსტიციის სამინისტროში 2012 წლიდან მოქმედებს ყოფილი პატიმართა რეაბილიტაცია რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამა. ამ პერიოდში საპატიმრო დაწესებულება დატოვა 36 552 პირმა. მათგან სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ 2 736-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა. ნახეთ, როგორ მუშაობს სახელმწიფოს ეს პროგრამა.ამავე თემაზე: https://netgazeti.ge/news/363926/

Posted by netgazeti.ge on ორშაბათი, 15 ივლისი, 2019


მასალა მომზადებულია პროექტის “უჩინარების ისტორიები” ფარგლებში.

ავტორები: ნანა კვაჭაძე, მანანა ქველიაშვილი, თამარ ნერგაძე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი