ახალი ამბებიხელოვნება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის პავილიონის გამარჯვებული კონცეფცია შეარჩიეს

20 თებერვალი, 2018 • 2766
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის პავილიონის გამარჯვებული კონცეფცია შეარჩიეს
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და ეროვნული სტენდის კონცეფციის პროექტი შეარჩიეს. კონკურსსში გაიმარჯვა გია ბოხუას სტუდიის ნამუშევარმა.
აღნიშნული ინფორმაცია წიგნის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 20 თებერვალს, გაავრცელა. ცენტრის ცნობით, შესარჩევმა კომისიამ 7 აპლიკანტის პროექტი განიხილა:
  • ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია  
  • Art-transfer
  • გია ბოხუას სტუდია
  • ხელოვნების ინტერდისციპლინური კვლევის ლაბორატორია
  • DESIGNBUREAU
  • პროპაგანდა
  • Wforte

წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის კონცეფციისთვის განაცხადების მიღების ვადა 15 თებერვლამდე გადასწია.

პავილიონის კონცეფციების დარეგისტრირების ვადა 2 თებერვლამდე იყო განსაზღვრული, ხოლო გამარჯვებული 4 თებერვლამდე უნდა დასახელებულიყო.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და ეროვნული სტენდის კონცეფციის შესამუშავებლად წიგნის ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი 2018 წლის 21 იანვარს გამოაცხადა.

კომპანიების მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ეფუძნებოდეს საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითად კონცეფციას და სლოგანს “ანბანით მოთხრობილი საქართველო” (Georgia Made by Characters). გამარჯვებულ კომპანიას 15-წევრიანი ჟიური აირჩევს.

გამარჯვებულმა კომპანიამ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორ კომპანიასთან “მულტივერს არქიტექტურა” მჭიდრო თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს საქართველოს პავილიონის პროექტის მომზადება.

საბოლოო პროექტი უნდა ასახავდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის მრავალფეროვნებას, საქართველოს იდენტობას და მის ხასიათს ისე, რომ პავილიონმა მიიზიდოს საერთაშორისო აუდიტორია და გააცნოს მათ საქართველოს კულტურული, მათ შორის, ლიტერატურული მემკვიდრეობა.

საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონთან ერთად, რომლის ფართი 2 500 კვ.მ.-მდეა,  კონტრაქტორს მოეთხოვება წარადგინოს შედარებით მცირე, 180 კვ.მ. ეროვნული სტენდის ინტეგრირებული კონცეფცია.  წიგნის ცენტრის განმარტებით, ეროვნული სტენდი პავილიონის კონცეფციის ერთგვარი გაგრძელება უნდა იყოს.

პავილიონის და ეროვნული სტენდის მშენებლობის წინასწარი ბიუჯეტი არ აღემატება 700 000 ევროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პროექტისთვის მზადებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გამოეთიშა. პროექტს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელმძღვანელობს წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორ დეა მეტრეველთან ერთად.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ჩაშლის პირას – მანანა ბერიკაშვილის მმართველობა კულისებიდან

ბერიკაშვილი პროექტს გამოეთიშა გამომცემლებისა და მწერლების პროტესტის შემდეგ. წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ ბერიკაშვილის ჩარევების გამო წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის ჩაშლის საშიშროება იყო, რის გამოც მან კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა, რომ სამსახურს დატოვებდა. პროტესტის შედეგად სამინისტრო დათმობაზე წავიდა და მანანა ბერიკაშვილი პროექტს ჩამოშორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი