ახალი ამბები

კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ები ერთიანდება

3 მაისი, 2019 • 1504
კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ები ერთიანდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.

სამინისტროს ინფორმაციით, გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს, და ერთ ორგანიზაციად გაერთიანდებიან.

ცვლილებების შედეგად:

  • სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს;
  • საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თემატურად ერთიანდებიან სსიპ-ები: ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;
  • სსიპ „მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი“ შეუერთდება სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს;
  • სსიპ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება;
  • სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.

კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ორგანიზაციების გამსხვილება „კულტურის სატრატეგია 2025″-ში მოცემული პრიორიტეტებისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის მენეჯერის, ტერი სანდელის რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი