აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე [ვიდეო]

რადგან აქ ვართ ახლა, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მთლად ასე ლამაზად არ არის ყველაფერი. უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვნენ საქართველოში; ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ, ცნობადი სახეები, მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია და მათ ხელობას ისინი არასდროს დაუცავს ძნელბედობის ჟამს. როგორც 70 ან 200 წლის წინათ, დღესაც ქართველ მწერალს შეუძლია გადაყვეს თავის ნაწერს, თავის შემოქმედებას, ან რაღაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთში შეაფაროს თავი, – ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის გახსნაზე მწერალმა აკა მორჩილაძემ.

მანამდე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობის გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, აკა მორჩილაძემ ქართულ ლიტერატურაზე, უძველეს კულტურაზე, საკუთარი ქვეყნის უნიკალურ ანბანზე, ასევე, ქართველი მწერლებზე/პოეტებზე და მწერლობის როლზე ისაუბრა.

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტში:

“მე მაქვს ერთი საინტერესო და სრულიად არამეცნიერული შეხედულება ჩვენს ანბანზე – ფუფუნებაა, როდესაც საკუთარი ანბანი გაქვს ერს, რადგან თქვენ გვიყურებთ გაოცებული; ჩვენ თქვენს წიგნებს პირველად ვკითხულობთ, ხოლო თქვენ საერთოდ ვერ კითხულობთ ჩვენსას. ეს უპირატესობაა. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთდან, ხოლო ჩვენ არავინ გვთარგმნიდა. ახლა წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა… ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ – არაბული, სპარსული, სომხური და ა.შ. ყველაფერს ვთარგმნიდით, სანამ შეგვეძლო და სანამ მშვიდობა იყო.

მოკლედ, ჩვენ ამ ანბანით ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. მე პროზით გამომიყვანეს და უხერხულ მდგომარეობაში ვარ, რადგან არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი იმ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ასეთი ხუმრობაა საქართველოს ძველ წიგნებში დარჩენილი: რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი, დაჯდომა, ფიქრი… ომია, უბედურებაა და ამ დროს ადამიანი ზის და წერს რომანს. ლექსი იწერება უცბად – მუხლზე დადებულ ქაღალდზე და ეს ინახება. ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც წერდნენ ლექსად, რომანებსაც წერდნენ ლექსად… უამრავი სახელმწიფო ქაღალდი გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი: ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე… ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა. პროზას დაჯდომა უნდა, ცოტა მოცლილი ადამიანისთვის არის. თუმცა სტანდარტი ასეთია: პოეზია მაღალია, ხოლო პოეზიის ცხოვრება – კიდევ უფრო მაღალი.

სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა; არწმუნებდა იმაში, რომ მისი მართალი/წრფელი ფიქრი და ელოვნება დიადი რამეა. შენ იცი, რომ თვითონ არ შეგიძლია, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც შენ ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს, გადმოსცემს, გამოიცნობს, ხოლო ამას მეტი სისრულითა და ოსტატობით აკეთებს. პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ ლამის 20-საუკუნიანი აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და ერთი საოცარი ამბავია, მაგალითად: შექსპირზე სულ ასეთი თეორიებია, რომ ვიღაც ლორდები იყვნენ, წერდნენ შექსპირის მაგივრად და მალავდნენ ამას, რადგან სირცხვილი იყო. საქართველოში კი ჩვენ გვყავს უამრავი მეფე, რომლის საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია. ჩვენ შემოგვრჩნენ მეფეები საკუთარი პოეზიით – მათი პირველი სახელი არის სწორედ პოეზიით და არა პოლიტიკით. არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…

საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობია, ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, ტკივილი და სითბო, იუმორი და ტრაგედია ისევეა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი, და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ქართული ლიტერატურა ჩვენი აღსარებაც არის ხოლმე, ოცნებაც და ა.შ.

მაგრამ რადგან აქ ვართ ახლა, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მთლად ასე ლამაზად არ არის ყველაფერი. უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვნენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ, ცნობადი სახეები, მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია და მათ ხელობას ისინი არასდროს დაუცავს ძნელბედობის ჟამს. როგორც 70 ან 200 წლის წინათ, დღესაც ქართველ მწერალს შეუძლია გადაჰყვეს თავის ნაწერს, თავის შემოქმედებას, ან რაღაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთში შეაფაროს თავი. ახლა რომ არ დაგიმალოთ, მუშტიც შეიძლება მოხვდეს, ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას რაღაცნაირად მოერიდოს… მაგრამ ამ დიდ ისტორიულ დამანგრეველ თუ ამაშენებელ ქარტეხილებისა და ამ უბედური ამბების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც რჩება გამორჩეულ ფიგურად. ქართველი მწერალი ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავე დროს იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავსი. ეს არის ჩვენი ქართველი მწერლების ამბავი.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.