ახალი ამბები

„ნუ დააფინანსებთ ნენსკრა ჰესს“ — გოლდმანის პრიზის მფლობელი EBRD-ს და სხვა ბანკებს

29 აპრილი, 2019 • 3151
„ნუ დააფინანსებთ ნენსკრა ჰესს“ — გოლდმანის პრიზის მფლობელი EBRD-ს და სხვა ბანკებს

პრესტიჟული ჯილდოს, „გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზის“ მფლობელი აქტივისტი, ანა კოლოვიჩ ლესოსკა საერთაშორისო ბანკებს — EBRD-ს, EIB-ს, ADB-სა და AAIB-ს — მოუწოდებს, ნუ დააფინანსებენ საქართველოში, სვანეთში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას. ჰესის აშენება ამ ბანკების სესხების საშუალებით იგეგმება; მშენებლობას წლებია ეწინააღმდეგებიან ადგილობრივები და სხვა გარემოდამცველები.

ლესოსკამ, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიური ორგანიზაცია „ეკო-სვესტის“ (Eko-svest) ხელმძღვანელია, 29 აპრილს მიიღო გოლდმანის ჯილდო.

აქტივისტმა განაცხადა: „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მთავრობები 2700 ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ; საქართველოში 150 ასეთ პროექტისთვის ემზადებიან, რომელთა შორისაა მასიური „ნენსკრა ჰესის“ პროექტი. ჰესების ეს ცუნამი გაანადგურებს ჩვენს მდინარეებსა და ადამიანების საცხოვრებელ გარემოს. ამას ვერ დავუშვებთ… გვაქვს იმედი, რომ ბანკები საკუთარ შეცდომებზე ისწავლიან“.

ლესოსკას ორგანიზაცია წლების განმავლობაში იბრძოდა მაკედონიაში, მავროვოს ეროვნულ პარკში ჰესის აშენების წინააღმდეგ, რისთვისაც თანხა EBRD-ს უნდა გამოეყო. საბოლოოდ მშენებლობა შეჩერდა. აქტივისტმა მავროვოს შემთხვევა ნენსკრაჰესისას შეადარა და განაცხადა:

„ჰიდროენერგეტიკული პროექტები რისკებითაა სავსე — რისკებით, რაც ბუნებას, ხალხსა და ეკონომიკას ეხება — და ყურადღებით, დეტალურად არის მათი შემოწმება საჭირო. მავროვოს ეროვნული პარკის შემთხვევაში საშინელება თავიდან ავირიდეთ [EBRD-მა საბოლოოდ ჰესის ასაშენებლად სესხი არ გამოყო]. ბანკებს შეუძლიათ, იგივე გააკეთონ და არ დააფინანსონ ნენკრას პროექტი“.

280 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის აგვისტოში მოაწერეს. მშენებლობას კორეული კომპანია K waters ახორციელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ჰესის შმენებლობას საბანკო სესხების ნაწილში აფინანსებენ “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD), “აზიის განვითარების ბანკი” (ADB), „ევროპული საინვეისტიციო ბანკი“ (EIB) და „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი“ (AIIB).

EBRD-მა და EIB-მა დაამტკიცეს სესხები პროექტისთვის — 214 და 150 მილიონი აშშ დოლარი — თუმცა ჯერჯერობით თანხა არ გაუციათ. ADB და AIIB კი ჯერ ისევ განიხილავენ, გასცემენ თუ არა $315 და $100-მილიონიან სესხებს.

2015 წლიდან მოყოლებული ადგილობრივებმა და სხვა გარემოდამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს სხვადასხვა ადგილას; გადაკეტეს გზებიც.

ნახეთ ასევე:

სახელმწიფო “ნენსკრას” 1 დოლარად გადასცემს მიწას ნაკრაში, ჭუბერსა და ხაიშში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი