ნეტგაზეთი | 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობა იწყება 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობა იწყება – Netgazeti

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობა იწყება

საპარტნიორო ფონდმა, კორეულმა კომპანიამ K-Water, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპარტნიორო ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.

პაკეტი აერთიანებს პროექტის საიმპელემტაციო ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის შესყიდვისა  და პროექტთან დაკავშირებულ სხვა თანადართულ ხელშეკრულებებს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტზე ხელმოწერა გულისხმობს, რომ პროექტის დასაწყებად ყველა ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალები შეთანხმებულია და სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში ჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს დაიწყებს.


„ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე აშენდება,“ განაცხადა მან და დასძინა, რომ 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.


ფონდის განცხადებით, სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). მშენებლობას  იტალიური კომპანია – Salini Impregilo ახორციელებს.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად სახელმწიფო სტრატეგიული აქციების კორპორატიული მართვა. 


ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. თბილისში EBRD-ის ღონისძიებებისა და შეხვედრების პარალელურად, რომელიც მაისში გაიმართა, სტუდენტური მოძრაობა ”მწვანე მუშტის”, არასამთავრობო ორგანიზაციების- ”მწვანე ალტერნატივის” და ”სტეფანწმინდის” საპროტესტო აქცია გაიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი