ახალი ამბები

EBRD-ი ნენსკრა ჰესის პროექტს დააფინანსებს

14 მაისი, 2015 • 2067
EBRD-ი ნენსკრა ჰესის პროექტს დააფინანსებს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, EBRD-ი 200 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოყოფს ამ პროექტის დასაფინანსებლად. მისი თქმით, საბანკო სესხის კომპონენტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკი და კორეის „ექსიმ ბანკი”.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი ჰიდროენერგეტიკაა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით დავაფინანსოთ ნენსკრას პროექტი,“ – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ. 

ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ბანკის მხრიდან ოფიციალური დადასტურება გუშინ გახმიანდა, რაც პროექტის წარმატებით განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტია.

 

ირაკლი კოვზანაძე და სუმა ჩაკრაბარტი, 14.05.2015, ფოტო: საპარტნიორო ფონდი
ირაკლი კოვზანაძე და სუმა ჩაკრაბარტი, 14.05.2015, ფოტო: საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში, მდ. ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს.

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდკვტ/სთ. იქნება. საპარტნიორო ფონდის ცნობით, ივლისის თვიდან იგეგმება მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება, ხოლო სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. EBRD-ის ღონისძიებებისა და შეხვედრების პარალელურად, რომელიც თბილისში დღეს იმართება, სტუდენტური მოძრაობა ”მწვანე მუშტის”, არასამთავრობო ორგანიზაციების ”მწვანე ალტერნატივა” და ”სტეფანწმინდის” საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

ხატია მაღლაფერიძე, 14.05.2015, ფოტო: მწვანე მუშტი
ხატია მაღლაფერიძე, 14.05.2015, ფოტო: მწვანე მუშტი

”მწვანე მუშტი” ივნისის თვეში ფართომასშტაბიანი აქციის განხორციელებას გეგმავს, რომლითაც ისინი საერთოდ ჰესების პოლიტიკას გააპროტესტებენ საქართველოში. სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ხატია მაღლაფერიძის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება, თუმცა ჯერჯერობით ეს მუხტი არ იგრძნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი