ახალი ამბები

ღარიბაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს დაფინანსებული პროექტებისთვის მადლობას უხდის

18 თებერვალი, 2023 • 902
ღარიბაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს დაფინანსებული პროექტებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, განათლების, ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

განცხადებაში ვკითხულობთ, პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი გამოწვევების ფონზე აგრძელებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინარჩუნებს მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, EBRD-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 4.9 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი