ახალი ამბები

სახელმწიფო “ნენსკრას” 1 დოლარად გადასცემს მიწას ნაკრაში, ჭუბერსა და ხაიშში

11 აპრილი, 2019 • 1525
სახელმწიფო “ნენსკრას” 1 დოლარად გადასცემს მიწას ნაკრაში, ჭუბერსა და ხაიშში

სახელმწიფო  “ნენსკრა ჰიდროს” 55 წლით მშენებლობის უფლებით გადასცემს მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკრაში არსებულ ტერიტორიებს .

მთავრობის განკარგულების თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჰესის მშენებელ კომპანიას 55 წლით გადასცემს დაახლოებით 221 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწას.

ასევე, “ნენსკრა ჰიდრომ” სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით იყიდა სოფელ ხაიშის მიმდებარედ და ჭუბერში არასასოფლო დანიშნულების 310 კვ.მ ტერიტორია. სააქციო საზოგადოება ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემული ტერიტორიების სანაცვლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში 1 აშშ დოლარი (ეკვივალდენტი ლარში) გადაიხადოს.

“ნენსკრა ჰიდრო” ასევე ვალდებულია,  2015 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მდინარე ნენსკრაზე ჰესი ააშენოს და ექსპლუატაციაში გაუშვას.

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს “ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა და “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

როგორც ნენსკრა ჰიდრო აცხადებს, პროექტის მიზანი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაა, რადგანაც, გამომუშავებული ენერგია მთლიანად საქართველოს მოხმარდება და ეს ელექტროენერგიის იმპორტს შეამცირებს. ნენსკრაჰესის პროექტის ღირებულება 1.040 მილიარდი აშშ დოლარია.

ნენსკრაჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სვანეთის მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილი. 2015 წლიდან მოყოლებული მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მათ შორის, გზებიც გადაკეტეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, რაც უკავშირდება ეკოსისტემისა და კლიმატის ცვლილებას, მეწყრის საფრთხეს, აწუხებთ მაშრიჭალას დატბორვის საკითხიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი