ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირი ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 7,05 მილიონ ევროს გამოყოფს

20 თებერვალი, 2024 • 667
ევროკავშირი ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 7,05 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის ინფორმაციით, ევროკავშირი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 7,05 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კი, “ელექტროენერგიის უფრო საიმედო და მდგრადი მიწოდების უზრუნველსყოფად” 28 მილიონი ევროს სესხს გასცემს.

“ევროკავშირის და EBRD-ის პროექტის შედეგები მოიცავს გენერაციის გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ქსელის საიმედოობას, წყალდიდობის რისკის შემცირებას, კაშხლის მთლიანობას და გარემოს დაცვას”, – ვკითხულობთ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური ცნობითვე, აღნიშული ფინანსური პაკეტი ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო, გრძელვადიანი სამუშაოების, მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენის შეკეთების დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ინვესტიციის დახმარებით, ოფიციალური ცნობით, უნდა შემცირდეს წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და ხელი შეეწყოს დამატებითი განახლებადი ენერგიის წარმოებას.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პირველი ოთხი ფაზა, ასევე, EBRD-მა და ევროკავშირმა დააფინანსეს.

ენგურჰესის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზა, ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის იმპორტის დამოკიდებულების შემცირებას, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას და ქვეყნის მისწრაფებას უფრო მწვანე და მდგრადი მომავლისკენ.

“ეს თანხები შემდეგ მოხმარდება სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას, მათ შორის გზების მშენებლობას კაშხლის მონიტორინგისათვის, ელექტროქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაუმჯობესებას და ენერგიის გამომუშავებას. ამასთან ერთად, ენგურის კაშხლის ქვეშ ბიომრავალფეროვნების დასაცავად თევზსავალი სივრცეები შეიქმნება. ამრიგად, ევროკავშირის გრანტის ჩართულობა საყოფაცხოვრებო ტარიფზე ზეწოლას ამსუბუქებს და მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსური რესურსების  მოცულობას ზრდის”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირი აქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი