ახალი ამბები

“უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები!” – ლომჯარია

21 აპრილი, 2019 •
“უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები!” – ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “უკიდურესად შემაშფოთებელს” უწოდებს პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

“მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ! უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა. მზად ვარ ადგილზე შევხვდე დაპირისპირებულ მხარეებს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება!” – აცხადებს სახალხო დამცევლი ნინო ლომჯარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის (15:07) ჯერჯერობით დაუზუსტებელია დაშავებულთა რაოდენობა და უწყება მომხდარის შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელტა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი