ახალი ამბები

პრეზიდენტმა ხასო ხანგოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

1 დეკემბერი, 2023 • 2329
პრეზიდენტმა ხასო ხანგოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კავკასიელ ხალხთა, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მწერალი ხასო ხანგოშვილი (სიკვდილის შემდეგ) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილი მწერლის ოჯახს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ესტუმრა და ჯილდო პირადად გადასცა:

„ვიცი, რომ ეს ამავე დროს ძალიან დიდი მწუხარების დროა თქვენთვის, თქვენი ოჯახის, მთელი პანკისისა და მთელი საქართველოსთვის, რადგან საქართველოსთვის, როგორც პატარა, მაგრამ დიდი ქვეყნისათვის, თითოეული დიდი პიროვნების დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია; დიდი დანაკლისია მისი კულტურისა და მომავლისათვის, რადგან ეს ადამიანები ქმნიან ამ ქვეყნის მომავალს და ყველამ ვიცით, რომ ბატონი ხასო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო არამხოლოდ როგორც მწერალი“ — უთხრა პრეზიდენტმა ხასო ხანგოშვილის ცოლს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე და პოეტი ტარიელ ხარხელაური.

ქისტი მწერალი, ხასო ხანგოშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი იყო და აქტიურად იყო ჩაბმული პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხანგოშვილი 20 წელზე მეტხანს პანკისის ხეობაში სკოლის მასწავლებელი იყო.

ის აქტიურად იკვლევდა ქისტების ცხოვრებას და ისტორიას. დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი ქისტების შესახებ, მათ შორის “ქისტები – 100 ამბავი” . 2021 წელს წარდგენილი იყო ლიტერატურული პრემია “საბაზე” საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის კატეგორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი