“ბრალდებულებს სხეულზე სვასტიკა ახატიათ”- რა გავიგეთ საფაროვის პირველი პროცესიდან

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებებისა და მოწმეების სიები წარმოადგინეს, ხოლო მოსამართლემ ორი ბრალდებული – ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჯგუფურად ჩადენა. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

თუმცა გამოძიება, ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრები და ადვოკატები, მათ შორის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მკვლელობაში სწორედ ეს ორი პირი მონაწილეობდა.

ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები განმარტავენ, რომ ბრალდებულები ნეონაცისტური იდეოლოგიის წარმომადგენლები იყვნენ და ორივე მათგანს სხეულზე სხვადასხვა თემატური ტატუები, მათ შორის, სვასტიკები ახატიათ. ამ ბრალდებას უარყოფენ კანდელაკიშვილისა და სოხაძის ადვოკატები, რომლებიც თავის მხრივ აცხადებენ, რომ არცერთი ბრალდებული მსგავს იდეოლოგიას არ იზიარებს.

სხდომამდე სასამართლოს ეზოში ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. “არა ქსენოფობიას”, “არა ძალადობას”, “არა რასიზმს” – აქციის მონაწილეებს ხელში ამ წარწერებით პლაკატები ეჭირათ.

ამ აქციით ისინი არა მხოლოდ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს ეხმიანებოდნენ, არამედ აფრთხილებდნენ სახელმწიფოსაც, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.

“ორივე ბრალდებულს სხეულზე სვასტიკა ახატია” – რას ამბობს პროკურატურა და საფაროვის ოჯახი

დღეს სასამართლოში ადვოკატებთან ერთად ვიტალი საფაროვის დედა, მარინა ალაკიანიც იმყოფებოდა. ალაკიანი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, თუმცა ადვოკატების შეფასებები ჟურნალისტებთან ერთად სხდომის შემდეგ მოისმინა.

მარინა ალაკიანის თქმით, მიუხედავად ადვოკატების სიტყვებისა, ოჯახს სჯერა, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილმა და გიორგი სოხაძემ საფაროვის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.

“ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რომ ის ბრალდებულები, რომლებიც სხდომის დარბაზში იმყოფებოდნენ, დაისაჯონ და მიიღონ ის, რაც საჭიროა. ეს ნამდვილად იყო ნაცისტური მოტივებით განპირობებული მკვლელობა, რადგან პირველი სხდომის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი რამე შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ ეს ახალგაზრდები ნეონაცისტური დაჯგუფებიდან იყვნენ.

ამის მტკიცებულებები ჩვენ გვაქვს, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ვნახეთ მათი ფეისბუკ-გვერდები, რომლებიც “ზიგ ჰაილებით“[“დიდება გამარჯვებას” – ნეონაცისტური ჟესტი], ასევე, ებრაელების თუ სხვა ეროვნების საწინააღმდეგო განცხადებებითაა აჭრელებული, მათი მიმოწერებიც ასეთი შინაარსისაა… ასევე, მათ სვასტიკები ახატიათ ტანზე..,” – ამბობს მარინა ალაკიანი.

ვიტალი საფაროვის დედა ჟურნალისტებთან იხსენებს, რომ ბრალდებულები ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს. ალაკიანი ყვება, რომ საფაროვი ბრალდებულებს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშვიდად ესაუბრებოდა და ცდილობდა, მანამდე არსებული კონფლიქტი მოეგვარებინა. თუმცა, მისი თქმით, მკვლელები ვიტალის ეროვნებამ გააღიზიანა, რის გამოც დანითა და ე.წ. კასტეტებით მოკლეს.

მარინა ალაკიანი (ცენტრი). აქცია ვიტალი საფაროვის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.  16 აპრილი, 2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

იმავე ვერსიაზე საუბრობს საქმის პროკურორი, მიშა ჩხეიძე. ჩხეიძე განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილმა და გიორგი სოხაძემ საფაროვი ჯგუფურად მოკლეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ეს უკანასკნელი ებრაელი იყო და ეთნიკურ უმცირესობებს იცავდა.

“მოკლედ გეტყვით, რომ არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ადასტურებენ ავთანდილ კანდელაკიშვილისა და გიორგი სოხაძის მკვლელობაში მონაწილეობას. გარდა ამისა, არის ვიდეოკამერებიდან ჩანაწერები, გამოძიებას ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტით მოპოვებული აქვს ის დანა, რითიც ავთანდილ კანდელაკიშვილმა საფაროვს დაზიანებები მიაყენა და საქმეზე არაერთი სასამართლო ექსპერტიზაა ჩატარებული, რითაც დასტურდება, რომ ამ პიროვნებებმა ვიტალი საფაროვი დამამძიმებელ გარემოებებში – კერძოდ, ჯგუფურად და ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო მოკლეს”, – ამბობს პროკურორი.

რაც შეეხება ნეონაცისტური ჯგუფის წევრობას, მიშა ჩხეიძის თქმით, ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ ბრალდებულები რომელიმე ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მისი თქმით, ბრალდებულების ვიზუალიდან და ქცევებიდან გამომდინარე, ისინი, ნეონაცისტურ იდეოლოგიას იზიარებენ.

“სოციალური ქსელებიც გვაქვს დათვარიელებული და მათ სხეულზე ე.წ. სვირინგები, სვასტიკას ტატუები და სხვა სიმბოლოები, მიუთითებენ ამ იდეოლოგიის შესახებ. ორივე ბრალდებულს სხეულზე სვასტიკა ახატია”, – განმარტავს პროკურორი.

საქმის სხვა დეტალზე პროკურორი არ საუბრობს, თუმცა ყვება, რომ ვიდეოჩანაწერში, რომელიც საქმეში დევს, ჩხუბის ნაწილი მართლაც ჩანს.

პროკურორი მიშა ჩხაიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

რას ამტკიცებენ ბრალდებულების ადვოკატები

ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ბრალდებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ მათი ადვოკატები – ლევან ბუაძე და ზურაბ ბეგიაშვილი. მათი თქმით, შეუწყნარებლობის ნიადაგზე საერთოდ არავითარი კონფლიქტი არ მომხდარა, ხოლო ის, რომ ვიღაცას სვასტიკა ან სხვა რაიმე სიმბოლიკა სხეულზე ახატია – ეს არაფერს ადასტურებს.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ბეგიაშვილი დასძენს, რომ პროკურატურამ არაერთგზის დაკითხა ერთი და იგივე მოწმეები, რომლებმაც რამდენჯერმე განსხვავებული ჩვენებები მისცეს.

“რაც შეეხება მტკიცებულებების შინაარსს, თქვენ ახლა მათ ინტერპრეტირებას ახდენთ.. პროკურატურას აქვს თავისი შეხედულება და ის წარმოადგენს მათ იმ ჭრილში, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ ობიექტური რეალობა სხვა არის – და არა ცალკეული მხარეების მოსაზრებები და მათ შორის ის სოციალური გავლენები, რომლებმაც ზემოქმედება მოახდინეს აღნიშნულ საქმეზე” ,- ამბობს ზურაბ ბეგიაშვილი.

სხვა დეტალებზე ადვოკატი საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ სასამართლოში დროთა განმავლობაში სხვა მტკიცებულებებიც გახმიანდება. კითხვაზე – იყო თუ არა ავთანდილ კანდელაკიშვილი ნაცისტური ან ანტისემიტური დაჯგუფების წევრი, ბეგიაშვილი ამბობს, რომ ეს “ქართველისთვის შეუფერებელი ქმედებაა”.

“არავითარი ნეონაცისტური კონფლიქტი, არავითარი კონფლიქტი ნაციზმისა თუ ეროვნების ნიადაგზე. არავითარი ასეთ ნიშნის ქმედება- ეს ქართველებისთვის შეუფერებელი ქმედებაა და მას ადგილი არ ჰქონია. ეს ხელოვნური მცდელობაა იმისა, რომ სახელმწიფოს მიადგეს გარკვეული ზიანი და მოეცხოს ჩირქი.

მე გეტყვით, რომ ჩვენ დავიცავთ მათ შორის ქვეყნის ღირსებას ტოლერანტობის კუთხით, როდესაც დავამტკიცებთ, რომ კანდელაკიშვილი არ ყოფილა და არ არის ნაცისტური ორგანიზაციის წევრი და, მით უმეტეს, არ მოქმედებდა  ნაცისტური ნიშნით. შესაბამისად, ეს არის აბსურდული ბრალდება, რომელიც სოციალური ჯგუფების თვალის ასაფარებლად მოხდა”, – ამბობს ზურაბ ბეგიაშვილი.

ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნეონაცისტური დაჯგუფების წევრობას ან მსგავსი იდეოლოგიის მიმდევრობას უარყოფს მეორე ბრალდებულის, გიორგი სოხაძის ადვოკატიც. ლევან ბუაძე ამბობს, რომ სოხაძემ ჩხუბში მონაწილეობა მიიღო, თუმცა საფაროვი არ მოუკლავს.

“აბსურდია ეროვნულ ნიადაგზე ვინმეს სიცოცხლის ხელყოფა, ჩვენ ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ.

როგორც წეღან აღვნიშნე, გიორგი სოხაძე ამ დანაშაულში არის უდანაშაულო და ის არის მართალი. შემთხვევის ადგილზე იყო ჩხუბი და ის სწორედ ამ ჩხუბში მონაწილეობდა, მაგრამ მას არც მოუკლავს და არც უნახავს, თუ ვინ მოკლა საფაროვი” ,- ამბობს ლევან ბუაძე.

ლევან ბუაძე განმარტავს, რომ ჩხუბის დროს სოხაძე მოწინააღმდეგის წინ იდგა და ვერ დაინახა, თუ ვინ გამოიყენა ცივი იარაღი. მისივე თქმით, სოხაძემ თავდაპირველად ისიც არ დაიჯერა, რომ ჩხუბში საფაროვი გარდაიცვალა.


2018 წლის 30 სექტემბერს უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.  მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის ცნობით,  ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია, ხოლო მკვლელობის თვითმხილველების ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი “სამშობლოსა და ქართველობას” ეხებოდა.

საქმეზე ორი პირია დაკავებული, მათ ბრალი შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ედებათ.

შემდეგი სასამართლო ვიტალი საფაროვის საქმეზე 24 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან