ახალი ამბები

TBC ბანკს ინტერესთა კონფლიქტის პრობლემაზე მარეგულირებელი 2014 წლიდან აფრთხილებდა – გვენეტაძე

5 აპრილი, 2019 • 854
TBC ბანკს ინტერესთა კონფლიქტის პრობლემაზე მარეგულირებელი 2014 წლიდან აფრთხილებდა – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მარეგულირებელს თიბისი ბანკის შემოწმება 2018 წელს არ დაუწყია და ეს გაცილებით დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესია.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2014 წელს გააფრთხილა თიბისი ბანკი მართვაში არსებულ პრობლემებთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით და ამის შესახებ ბანკს მუდმივად უგზავნიდა ოფიციალურ წერილებს.

“2016 წელს ეროვნულმა ბანკმა კვლავ წამოწია კორპორაციული მართვის სტილში არსებული პრობლემები და თიბისი ბანკს გაუზიარა მოსაზრებები საბჭოს რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისვე თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოში თავიანთ გავლენებს პირადი ბიზნესინტერესების სასიკეთოდ იყენებდნენ და ზიანდებოდა აქციონერთა ინტერესები.

როგორც გევენტაძე ამბობს, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელთა წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს მოჰყვებოდა წინააღმდეგობა, რადგან ისინი ფლობდნენ სოციალურ კაპიტალს.

“ეს გარემოება არ გვაძლევდა უფლებას, რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე, ვინაიდან სწორედ დაფიქსირებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ეროვნული ბანკის მანდატის შეუსრულებლობა, რაც შეარყვედა ნდობას როგორც ჩვენი, ისე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედეთ დამოუკიდებლად და ცივი გონებით. გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელია საფინანსო სექტორის განვითარებისათვის, რაც ყველა პარამეტრის მიხედვით იყო სწორი და არ ის, რისი გაკეთებაც პოპულარული და ადვილი იქნებოდა”, – განაცხადა გვენეტაძემ.

რა მოხდა 2007-2008 წლებში და რატომ გახდა ფულის სესხება საჭირო ხაზარაძის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი