ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების სასტიკი დარბევები აზერბაიჯანში

22 სექტემბერი, 2014 •
საზოგადოებრივი ორგანიზაციების სასტიკი დარბევები აზერბაიჯანში

“აზერბაიჯანში თავისუფალი საზოგადოება ჩამოყალიბდა. ყველა დემოკრატიული ინსტიტუციაა ხელმისაწვდომი და ისინი წარმატებულად ფუნქციონირებენ,” – ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან დაიტვიტა სექტემბრის დასაწყისში.

 

რამდენიმე წუთში მას მეორე ტვიტი მოჰყვა: “ყველანაირი თავისუფლება, სიტყვის, გამოხატვის, პრესის, ინტერნეტის, რწმენის თავისუფლების ჩათვლით, დაცულია”.

 

მოგვიანებით კი ალიევის ტვიტერის ანგარიშიდან დაიტვიტა: “აზერბაიჯანში არის თავისუფალი საზოგადოება და ეს ჩვენი დიდი მიღწევაა.”

 

ამ ტვიტების ღირებულება ნომინალურია, რადგან სიტუაციაში თუ ღრმად ჩავიხედავთ, სხვა სურათს დავინახავთ.

 

ბლოგერი და რეგიონული ანალიტიკოსი არზუ გეიბულაევა აცხადებს, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვის ცნობილია აზერბაიჯანში არსებული რეალობა, “პრეზიდენტის ტვიტები მწარედ ირონიულია და შავი იუმორით სავსე”.

 

“დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ სოციალურ ქსელებში ლაკონურობით მიიღწევა წარმატება. ალიევის პროფილი კი ტვიტერში იკითხება, როგორც ერთი გრძელი სიტყვა, რომელსაც 140 სიმბოლოიანი ლიმიტის გამო აწყვეტინებენ პერიოდულად”, – წერს გეიბულაევა მოქალაქეების მედიაპლატფორმა GlobalVoces-ზე, – “ხშირად მის ინგლისურენოვან ტვიტებში გრამატიკული შეცდომებია და ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ყველაზე პრობლემატურია ის, რომ ტვიტები სავსეა ტყუილებით”.

 

ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ კიდევ უფრო გაიზარდა პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა რაოდენობა აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც 2013 წლის 26 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია “აზერბაიჯანში პოლიტიპატიმრების კუთხით ვითარების შემდგომი განვითარების შესახებ”. პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ პირთა რაოდენობა დღეს აზერბაიჯანში 150-დან 170-მდეა.

 

“ევროპული სტაბილურობის ინიციატივამ”, ბერლინში დაფუძნებულმა think tank-მა შეისწავლა აზერბაიჯანში ბოლოდროინდელი დაკავებების ქრონოლოგია და ხუთგვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა დეტალების შესახებ, რასაც ეწოდა  “ყველაზე სერიოზული და სასტიკი დარბევები სამოქალაქო საზოგადოებისა აზერბაიჯანში” მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რაც მიმდინარე წლის მაისში მოხდა.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ილგარ ნასიბოვი უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს დარბეულ ოფისში: მას ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიყენებული და სახის ძვლები დამტვრეული. ის სასტიკად სცემეს უცნობმა პირებმა, რომლებიც თავს დაესხნენ “დემოკრატიის და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების რესურსების ცენტრის” ოფისს ნახიჩევანში, აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ილგარ ნასიბოვი თავდასხმის შემდეგ, ფოტო: რადიო თავისუფლება
ილგარ ნასიბოვი თავდასხმის შემდეგ, ფოტო: რადიო თავისუფლება

 

ნასიბოვის ოჯახი ამ თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და უფლედამცველ აქტივიზმს უკავშირებს. თავდასხმის შემდეგ ილგარ ნასიბოვსა და მის ცოლს ტელეფონით ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ მათ შვილებს, თუკი გააგრძელებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას. ნასიბოვების წყვილს, ასევე, უთვალთვალებენ უცნობი პირები, როცა ისინი სახლიდან გადიან. მალაჰატ ნასიბოვამ “ამნისტი ინტერნეიშენალს” განუცხადა, რომ მათ მუდმივად ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ, რომ მათ დაეტოვებინათ რეგიონი, რამდენადაც “მხოლოდ ისინი დარჩნენ იქ ერთადერთ თავისუფალ ხმად”.

 

იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს ილგარ ნასიბოვზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, მსხვერპლს არ აძლევენ ოფიციალურ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება ან აღძრულია თუ არა საერთოდ სისხლის სამართლის საქმე.

 

ამ დროისთვის აზერბაიჯანში მედიისა და ბლოგოსფეროს 10 წარმომადგენელია ციხეში, რომლებსაც უკვე მისჯილი აქვთ ან ელოდებიან განაჩენს. ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას, შეაჩეროს “მედიის და სიტყვის თავისუფლების დევნა ქვეყანაში”. მიატოვიჩმა მაგალითად მოიყვანა ონლაინ აქტივისტებისა და ბლოგერების – ომარ მამედოვისა და აბდულ აბილოვის პატიმრობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება, რომლებიც ბრალდებული არიან ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გასაღებისთვის; ასევე, ჟურნალისტ ფარვიზ ჰაშიმლის საქმე, რომელიც ბრალდებულია იარაღის უკანონო გადატანის, შენახვისა და გაყიდვისთვის; ვებგვერდ azadxeber.org-ის მთავარი რედაქტორის ნიჯათ ალიევის საქმე, რომელსაც რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის ნარკოტიკების შენახვისა და სიძულვილის გაღვივებისთვის; სარდარ ალიბეილის საქმე, რომელიც არის გაზეთ P.S. Nota-ს მთავარი რედაქტორი და ბრალდებულია ხულიგნობისთვის; რაშად რამაზანოვის საქმე – დამოუკიდებელი ბლოგერი, რომელსაც ბრალად ედება ნარკოტიკების უკანონო შენახვა-რეალიზაცია.

 

“ამ საქმეებს და მათ თანმხლებ შემნიღბველ კამპანიას შედეგად მოაქვს შემაშფოთებელი უკუსვლა აზერბაიჯანში გამოხატვის თავისუფლების განვითარებაში, რაც უარყოფითად აისახება მედიასა და საზოგადოებაზე მთლიანობაში,” – თქვა მიატოვიჩმა, “თუმცა მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რომ მთავრობამ სამართლებრივი საფუძვლით დეტალურად შეამოწმოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, მაგრამ ეს ქმედებები არ უნდა იყოს მიმართული კრიტიკული ხმების გაჩუმებისთვის”.

 

ქვეყნის თვალსაჩინო და ცნობილი აქტივისტებიდან რამდენიმე მათგანი – ლეილა იუნუსი, მისი ქმარი არიფ იუნუსი, ინტიგამ ალიევი, რასულ ჯაფაროვი, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას ახდენდნენ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, ბოლო დროს წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს დაუსაბუთებელი ბრალდებებით.

 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავმა უწყებამ “რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის” (IRFS) ოფისი დახურა. ამ ინსტიტუტის თანამშრომლების ნაწილს დაკითხვებს უწყობენ, ნაწილი კი აიძულეს შეაჩერონ ან საერთოდ შეწყვიტონ მუშაობა. რამდენიმე უფლებადამცველმა, რომლებსაც გადაადგილების კუთხით პრობლემებს უქმნიან, იმალებიან ან უკვე დატოვეს ქვეყანა პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

 

5 სექტემბერს აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ბაქოში IREX-ის ოფისი გაჩხრიკეს. ეს არის აშშ-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებსა და თავისუფლებებს. ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინეს, ისე, როგორც სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა, მათ შორის – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” (TI) და “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI).

 

15 სექტემბერს მედიამ გამოაქვეყნა ლეილა იუნუსის წერილი მისი ქმრის არიფ იუნუსისადმი, რომელიც წინასწარი დაკავების სხვა ცენტრში იმყოფება. წერილში ლეილა იუნუსი თანამედროვე აზერბაიჯანს 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირის რეპრესიებს ადარებს:

 

“მათ დაიწყეს ოჯახების დაპატიმრება ისე, როგორც სტალინი აკეთებდა. ტირანი ისე იქცევა, თითქოს არ არსებობს ევროსაბჭო და ევროკავშირი ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები,” – წერს ის.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეილა იუნუსს თავს დაესხა თანასაკნელი, რომელმაც ის სიტყვიერად შეურაცხყო და დაემუქრა “ხელების და ფეხების გადამტვრევით” მას შემდეგ, რაც იუნუსი შეხვდა გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლებს კურდახანის ციხეში.

 

აზერბაიჯანის მთავრობა კი აგრძელებს იმ მოსაზრებების უარყოფას, რაც დგას მისი კრიტიკოსების სერიული დაპატიმრებებისა და ორგანიზაციების დახურვის უკან.

“სამწუხაროა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები და ზოგიერთი ჟურნალისტი, რომლებიც ამოფარებული არიან უცხოურ ძალებს, ვინც მათ აფინანსებს, ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა აყენებენ თავიანთ თავს: უარს ამბობენ განაცხადონ მათი გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესახებ, გადასახადების გადახდაზე, ანგარიშფაქტურების წარმოდგენაზე და სხვა კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე, რასაც მთავრობა მოითხოვს,” – განაცხადა ალი ჰასანოვმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სააგენტო AzerTag-თან საუბარში, – “ამ წრეებში აპრობირებული ქმედებაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედება, სამწუხაროდ, წარმოაჩინონ, როგორც “სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა” და “აკრძალვები” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ფუნქციონირებისთვის. ეს არის აზერბაიჯანის რეპუტაციის შელახვისკენ მიმართული კამპანია”.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი