კონსერვაცია განუსაზღვრელი ვადით – რა ბედი ელით აგარის ქარხანას და დასაქმებულებს?

“აგარის შაქარი” გაჩერებულია, თუმცა, დამსაქმებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ არც სახელშეკრულებო და არც კანონით განსაზღვრული ვალდებულება გააჩნდა, სრულად აიღო სოციალური პასუხისმგებლობა მისი დასაქმებულების წინაშე და კეთილი ნების საფუძველზე თანამშრომლებზე ერთჯერადად გასცა დახმარება 4 თვის ხელფასის ოდენობით.

როგორც “აგარა შუგარ ქუალითის” გენერალურმა დირექტორმა ალხენ ალიზადემ ნეტგაზეთს განუცხადა, ამ ეტაპზე ქარხანა იმყოფება კონსერვაციის რეჟიმში:

ქარხნის შეჩერება განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა იაფიანი შაქრის იმპორტის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაძვირება”.

ალხენ ალიზადეს განცხადებით, ამ ეტაპზე ქარხნის სამომავლოდ შესაძლო ფუნქციონირების შესახებ პროგნოზის გაკეთება რთულია, ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის გაიაფებაზე. მისი თქმით, არსებული მდგომარეობით ქარხანა მოკლებულია შესაძლებლობას, გამოუშვას კონკურენტუნარიანი პროდუქცია და შეინარჩუნოს საწარმოო პროცესი.

ქარხანა ბოლო პერიოდში ეტაპობრივად რამდენჯერმე დადგა კონსერვაციის რეჟიმში გადასვლის საჭიროების წინაშე, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე პერიოდულად ძვირდებოდა ნედლეული. ასევე, ქვეყნის მასშტაბით იზრდებოდა იაფიანი შაქრის იმპორტი და ქარხანა ვერ ახერხებდა და ვერც ამ ეტაპისთვის ახერხებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვებას”, – აცხადებს ალხენ ალიზადე.

ქარხნის გენერალური დირექტორის თქმით, ვინაიდან ანტიდემპინგური კანონის მიღება საკმაოდ დიდ პროცედურებთან და ვადებთან არის დაკავშირებული, ამ ეტაპზე კონსულტაციები დასრულებულია როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოებთან:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია განუსაზღვრელი ვადით. რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ ისაა, რომ თუ მომავალში ქარხანა გაიხსნება, ის პროფილს არ შეიცვლის. ხოლო რაც შეეხება კომპანიის ოპერირებას, მას გააჩნია საკმაოდ დიდი მარაგი მზა პროდუქციის და მოახდენს მისი რეალიზაციის გზების გამოძებნას საქართველოს ბაზარზე თუ მის გარეთ”.


პროფკავშირების ინფორმაციით, “აგარის შაქარში” აგარაში მცხოვრები 380 ადამიანი მუშაობს, თბილისში არსებულის საწარმოს ჩათვლით კი – 480. ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით მათაც არ იციან, თუ რა ბედი ელით 4 თვის შემდეგ.

“აგარის შაქარი” შარშანაც გაჩერდა. მაშინ თანამშრომლები ამბობდენ, რომ შემოსავლის წყარო 7 თვის განმავლობაში არ ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, ისინი აგარიდან თბილისამდე საპროტესტო მსვლელობით ჩამოვიდნენ. ქარხნის თანამშრომლებმა მსვლელობა 18 აპრილს დაიწყეს, 20 აპრილს, ღამე კი თბილისში ჩამოვიდნენ.

ვრცლად:

რას ყვებიან აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოსული მუშები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.