ახალი ამბები

რას აპროტესტებენ სილქნეტის ყოფილი თანამშრომლები

30 სექტემბერი, 2020 • 2295
რას აპროტესტებენ სილქნეტის ყოფილი თანამშრომლები

29 სექტემბერს სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, სილქნეტის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები, რომლებიც ხელფასების მატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ პროტესტს განცხადებით უპასუხა სილქნეტმაც.

რას ითხოვენ აქციის მონაწილეები?

“7 სექტემბერს დავუკავშირდით კომპანიის ადმინისტრაციას და მოვითხოვეთ ხელფასის მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება, რაზეც მივიღეთ უარი და გაფიცვის შემთხვევაში დაგვემუქრნენ სამსახურიდან განთავისუფლებით”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მზეონა საძაგლიშვილი.

მისივე განცხადებით, პანდემიის პირობებში გაიზარდა მიმართვიანობა და, შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაო, თუმცა ანაზღაურება არ გაზრდილა.

“ჩვენ ვითხოვდით ხელფასის ზრდას. გამომდინარე დამატებითი პროდუქტებიდან და ზარებიდან და თანამშრომელთა მცირე რაოდენობიდან, არსებულ თანამშრომლებს გაეზარდათ სამუშაოს მოცულობა, თუმცა ხელფასები იგივე დარჩა”.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნებზე უარის მიღების შემდეგ, 14 სექტემბერს გაიფიცა სილქნეტის 80-ზე მეტი თანამშრომელი, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებმა გაფიცულთა გარკვეულ ნაწილს, დაახლოებით 50 ადამიანს, გამოუცხადეს, რომ სამსახურიდან დათხოვნილები იყვნენ.

“სანამ HR-ზე მოგვივიდოდა განთავისუფლების წერილი, სიტყვიერად ყველას გვითხრეს რომ დათხოვნილები ვიყავით. გამომდინარე იქიდან, რომ შეგვიზღუდეს VPN-სა და სამსახურეობრივ მეილზე წვდომა, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა პირადი ელექტრონული მეილით ჰკითხა HR-ს, თუ განთავისუფლებული იყვნენ, მაშინ რატომ არ მიუღიათ ამისი ოფიციალური ცნობა, რის შემდეგაც აღგვიდგინეს სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტები, რაზეც გამოგვიცხადეს არასაპატიო გაცდენები და სამსახურიდან დათხოვნა”

აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ ფიზიკური ძალადობის მუქარისა და ღირსების შემლახველი შინაარსის წერილებზე, რომლებიც კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს.

“მას შემდეგ, რაც ხელფასების მატება მოვითხოვეთ, წამოვიდა მუქარა, რომ თითქოს მათრახი ყოფილა საჭირო, არ გვთლიან ადამინებად საერთოდ. ამის დასამტკიცებლად არსებობს ე.წ. “სქრინებიც”, – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ზურაბ მიქაია.

სამსახურიდან განთავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა და იურიდიული დახმარება შესთავაზა სოლიდარობის ქსელმა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით ომსარაშვილის განცხადებით, აშკარაა მშრომელთა არასამართლიანი მოპყრობა კომპანიის მხრიდან. მისი თქმით, პანდემიის პირობებში თანამშრომლებს სამუშაო საათები პრაქტიკაში დაახლოებით 2 საათით გაეზარდათ, თუმცა ეს ხელფასებზე არ ასახულა.

“ადამიანების შეუმცირდათ საათობრივი ანაზღაურება, რადგან გაიზარდა დატვირთვა და, შესაბამისად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, თუმცა ხელფასები იგივე დარჩათ. ასევე იყო შრომისთვის უსამართლო პირობები, არაჯანსაღი დამოკიდებულება, შეურაცხყოფა, შრომითი უსაფრთხოების პრობლემა, რამაც პანდემიის პირობებში იჩინა თავი” ,- აცხადებს იგი.

რა პოზიცია აქვს სილქნეტს

სილქნეტი უარყოფს, რომ კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

“ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედიასაშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება მუშაობს გამართულად და სრული დატვირთვით ემსახურება მომხმარებელს”, – ნათქვამია სილქნეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, კომპანია ყოფილ თანამშრომლებს ყალბი საბუთების გამოყენებით ფულადი სახსრების დაუფლებაში სდებს ბრალს.

“ყოფილ თანამშრომელთა მხრიდან ზემოაღნიშნული პროცესების დაწყებამდე, ამავე თანამშრომლების გარკვეული ნაწილის მიერ ადგილი ჰქონდა კომპანიაში არაერთგზის ყალბი საავადმყოფო ფურცლების, ეგრეთ წოდებული ბიულეტენების, წარდგენას, რის შედეგადაც მოხდა რამდენიმე ათობით ათასი ლარის კომპანიის თანხების მითვისება. აღნიშნული ფაქტების შესახებ სილქნეტმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

თანამშრომელთა სამსახურიდან განთავისუფლების პასუხად განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომელთა მცირე ჯგუფმა ყოველგვარი გაფრთხილებისა და საპატიო მიზეზის გარეშე მიატოვეს სამუშაო პროცესი და არ გამოცხადდნენ სამუშაოზე, რასაც კომპანიის მხრიდან მოჰყვა მოქმედი კანონმდებლობითა და შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული რეაგირება.

აქციის მონაწილეები ნეტგაზეთთან საუბარში კომპანიის ბრალდებს უარყოფენ და აბსურდულსა და სამარცხვინოს უწოდებენ. მათი განცხადებით, ასევე  “მცდარია, რომ გაფიცვაში მხოლოდ მცირე ჯგუფი მონაწილეობს, რომელიც სინამდვილეში თანამშრომელთა ნახევარზე მეტია”.

სილქნეტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ კომპანია მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს, წინააღმდეგ შემთვევაში, ისინი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი