ახალი ამბები

“აგარის შაქარი” გაჩერებულია, თანამშრომლებს ხელფასის ანაზღაურებას დაჰპირდნენ – პროფკავშირები

20 მარტი, 2019 • 2111
“აგარის შაქარი” გაჩერებულია, თანამშრომლებს ხელფასის ანაზღაურებას დაჰპირდნენ – პროფკავშირები

“აგარის შაქარმა” მუშაობა შეწყვიტა, თუმცა მის თანამშრომლებს დამსაქმებელი რამდენიმე თვის ხელფასის ანაზღაურებას დაჰპირდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ უთხრა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, ქარხანამ მუშაობა ნოემბრის ბოლოს შეწყვიტა, თუმცა 3 თვის განმავლობაში თანამშრომლებს ხელფასს მაინც უხდიდნენ.

“დამსაქმებელი ამბობს, რომ “აგარის შაქარი” კონკურენციას ვერ უწევს უფრო დაბალ ფასად შემოტანილ, პოლონურ, გერმანულ თუ უკრაინულ შაქარს. 2 კვირის წინ ქარხნის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს უთხრა, რომ ლერწმის ფასი, რისგანაც მზადდება შაქარი, საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა და გადაწყდა, რომ ქარხანა დაეკონსერვებინათ.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ჩვენ ჩავერთეთ მოლაპარაკებებში და დამსაქმებელი შეჰპირდა თანამშრომლებს, რომ 7 თვის ხელფასს ერთიანად აუნაზღაურებდა. ჩვენ ხელშეკრულებაში ასევე მოვახერხეთ იმის ჩაწერა, რომ ქარხანა პროფილს არ შეიცვლის და იმის შემდეგ, რაც ლერწმის ფასი კვლავ დარეგულირდება, ქარხანა, როგორც შარშან, გააგრძელებს მუშაობას,” – ამბობს გიორგი დიასამიძე.

პროფკავშირების ინფორმაციით, “აგარის შაქარში” აგარაში მცხოვრები 380 ადამიანი მუშაობს, თბილისში არსებულის საწარმოს ჩათვლით კი – 480.

“აგარის შაქარი” შარშანაც გაჩერდა. მაშინ თანამშრომლები ამბობდენ, რომ შემოსავლის წყარო 7 თვის განმავლობაში არ ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, ისინი აგარიდან თბილისამდე საპროტესტო მსვლელობით ჩამოვიდნენ. ქარხნის თანამშრომლებმა მსვლელობა 18 აპრილს დაიწყეს, 20 აპრილს, ღამე კი თბილისში ჩამოვიდნენ.

ვრცლად:

რას ყვებიან აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოსული მუშები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ

მასალების გადაბეჭდვის წესი