ახალი ამბები

პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადააყენა

19 მარტი, 2019 • 1893
პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადააყენა

პარლამენტმა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს მიიღო.

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დატოვა ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძესთან ერთად.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობიდან გასული კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას პოლიტიკური საფუძველი აქვს, თუმცა, როგორც ირკვევა, უმრავლესობას გარკვეული შენიშვნებიც ჰქონდა ამ თანამდებობაზე კვაჭანტირაძის მუშაობასთან დაკავშირებით.

“ეს კომიტეტი არ გამოირჩეოდა წარმატებებით. ამაზე გვქონდა საუბარი… წამარტებული იყო თქვენი კომიტეტი, ბატონო ზვიად? ჩახედეთ თქვენს ანგარიშს, ამაზე საუბარი არ შეიძლება. დიასპორა ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ამას სათანადო ყურადღება დაეთმოს”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ამას კავშირი არ აქვს მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

კობახიძის განცხადება ოპოზიციამ გააკრიტიკა. მათი თქმით, უკვირთ, ადრე რატომ არ გამოთქვა უმრავლესობამ მსგავსი შენიშვნები, როდესაც კვაჭანტირაძე უმრავლესობის წევრი იყო. ოპოზიცია ასევე დაინტერესდა, რა იყო კომიტეტების წარმატებულობის შეფასების კრიტერიუმი და ა.შ. ხათუნა გოგორიშვილმა გაიხსენა, რომ ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შემდეგ პრეზიდენტი გახდა. ეკა ბესელიამ კი გადაწყვეტილება შურისძიებად შეაფასა, რადგან კვაჭანტირაძემ “ოცნების” მმართველობა გააკრიტიკა. ოპოზიციის აზრით, რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უმრავლესობის კვოტა არ არის.

საბოლოოდ საკითხი კენჭისყრაზე გავიდა. 67-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კვაჭანტირაძის გადაყენების ინიციატივას, 8 წინააღმდეგი წავიდა, ქვორუმი კი 76 იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

“ორ კვირაში დავუბრუნდებით ამ საკითხს”, – თქვა კობხაიძემ. მისივე თქმით, უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, კონსულტაციები იქნება საჭირო.

ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ “ქართული ოცნება” არაერთხელ გააკრიტიკა.

ამავე თემაზე

უსუფაშვილი არასდროს იკადრებდა კოლეგების შეურაცხყოფას – კვაჭანტირაძე

პარტიაში კობახიძეს თავმჯდომარე კვირიკაშვილზე მეტი გავლენა ჰქონდა – კვაჭანტირაძე

ღარიბაშვილი რომ გადადგა, მომწერეს და გამახმოვანებინეს, რომ ის პარტიიდანაც წავიდა – კვაჭანტირაძე

უსუფაშვილი არასდროს იკადრებდა კოლეგების შეურაცხყოფას – კვაჭანტირაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი