27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე -ფრაქცია. დეპუტატმა უმრავლესობის და ფრაქციის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება მედიისთვის აზერბაიჯანში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, TV პირველის ეთერში ისაუბრა უმრავლესობაში შექმნილ ვითარებაზე და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის ხისტი გამონათქვამები შეაფასა.
მისი თქმით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, კოლეგების შეურაცხყოფა “არასდროს უკადრებია”, კოალიცია “ქართული ოცნება” კი გაცილებით ეფექტური იყო, ვიდრე ამჟამინდელი საკონსტიტუციო უმრავლესობა.
“[კობახიძის] ასეთი ხისტი შეფასებები, ხისტი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ… თქვენ წარმოიდგინეთ ახლა დათო უსუფაშვილი, რომელიც ვიცოდით, რომ სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე იდგა, თუმცა ჩვენთან იყო კოალიციაში… არასდროს დთო უსუფაშვილს არ უკადრებია, ერთი შეურაცხყოფა მაინც მიეყენებინა თავისი კოლეგებისთვის.
ის კოალიცია, მე თუ მკითხავთ, გაცილებით ეფექტური იყო და უფრო დემოკრატიულად თანამშრომლობდა ერთმანეთთან, ვიდრე ეს გიგანტური საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელმაც პრაქტიკულად, მთლიანად დაანგრია დემოკრატიული მმართველობის საფუძვლები”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.