ახალი ამბები

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ფრაქცია შექმნეს

28 ნოემბერი, 2019 • 1866
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ფრაქცია შექმნეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები – მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე – ახალ ფრაქციას ქმნიან.

დეპუტატებმა ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ შესაქმნელად საქართველოს პარლამენტს განცხადებით მიმართეს. ფრაქციას, რომელიც, დეპუტატების თქმით, არცერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს, მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.

“ჩვენი მიზანია საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ფრაქციის შექმნის ამოცანაა მომდევნო 10 თვის მანძილზე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა. ფრაქციის წევრობა საშუალებას მისცემს თითოეულ დამოუკიდებელ დეპუტატს, უფრო აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, აირჩიოს მისთვის საინტერესო კომიტეტისა თუ დროებითი კომისიის წევრობა. ფრაქციის თითოეული წევრი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას საკუთარი, ინდივიდუალური მოსაზრებების გამოხატვისთვის. თუმცა ფრაქციის სახელით განცხადებები გაკეთდება მხოლოდ ფრაქციის ფორმატში შეჯერებული პოზიციების მიხედვით”, – ნათქვამია მომავალი ფრაქციის განცხადებაში.

დეპუტატების თქმით, ფრაქცია ღიაა სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან თანამშრომლობისთვის და გამართავს კონსულტაციებს ერთობლივი აქტივობების შესახებ.

“იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში სხვა დამოუკიდებელი დეპუტატებიც შექმნიან დამატებით ფრაქციებს, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს საპარლამენტო საქმიანობა კონსტრუქციული და პოზიტიური დღის წესრიგის შესაქმნლად”, – აღნიშნავენ ისინი.

ახალი ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მხარდაჭერა
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
  • საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა
  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა
  • ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერა
  • ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
  • სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
  • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკისა და რეფორმების გაუმჯობესება
  • განათლების სფეროს პოლიტიკისა და რეფორმების ხელშეწყობა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი