მუშაობის კუთხით დანაკლისი არ გვაქვს – ჩუგოშვილი PACE-ში ბესელია/კვაჭანტირაძის არყოფნაზე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 8-12 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს.

საპარლამენტო ასამბლეას ხვალ, 10 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით მიმართავს. საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროპის მემორიალური დაფის გახსნასა და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრებიან.

თამარ ჩუგოშვილის გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე და გიორგი კანდელაკი. სტრასბურგში არ იმყოფებიან “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები: ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციიდან ამოწერა, თუმცა PACE-ში დელეგატის სტატუსი მომდევნო სესიამდე, 2020 წლის პირველ იანვრამდე უნარჩუნდებათ, ვიდრე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დელეგაციების ახალ შემადგენლობებს დაამტკიცებს.

“დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება იყო აუცილებელი მოცემულობა გამომდინარე იქიდან, რომ ფრაქციებში და “ქართულ ოცნებაში” განხორციელდა და უნდა ასახულიყო დელეგაციებში. PACE-ს რეგულაციას ვიცნობთ და ვთქვით, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ PACE-ს რეგულაციას და ჩვენი ქმედება შესაბამისობაში იქნება ჩვენს რეგლამენტთან და PACE-ს რეგულაციებთან. პარლამენტის ამ დადგენილების მიუხედავად, იმიტომ, რომ პატივს ვცემთ PACE-ს რეგულაციებს, უფლებამოსილი შემადგენლობა [2020 წლის პირველ იანვრამდე] იქნება ის, რომელიც დადგენილებამდე არსებობდა”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ 2 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების განსაზღვრის შესახებ პარლამენტის დადგენილება იქნა მიღებული.

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს პირობა დაარღვია და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დელეგაცია ბესელიას და კვაჭანტირაძის გარეშე გაემგზავრა.

“რატომ არ ვართ დელეგაციის შემადგენლობაში, ეს უნდა ჰკითხოთ დელეგაციის ხელმძღვანელს – თამარ ჩუგოშვილს. ის, რაც მოხდა წინა სასესიო კვირას, დელეგაციის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას ვგულისხმობ, მიზნად ისახავდა იმას, რომ ჩვენ ასეთი არაკანონიერი მეთოდით გამოვეყვანეთ სტრასბურგის დელეგაციიდან. ერთი მხრივ, ამბობდნენ, რომ თქვენ ხართ მომავალი წლის იანვრამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები და ეს მოცემულობა არ იცვლება, მაგრამ მეორე მხრივ, დადგენილებით თვითონ შეცვალეს დელეგაციის შემადგელობა. შეიქმნა უერთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობა და გვითხრეს, რომ თქვენ თუ გადაწყვეტთ წასვლას, მიბრძანდით თქვენი ხარჯებით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბესელიამ.

ბესელიას თქმით, მან და კვაჭანტირაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტს უკვე მისწერეს წერილი იმის შესახებ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილებების შესრულებაში ხელი ეშლებათ.

ზვიად კვაჭანტირაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ის და ეკა ბესელია სტრასბურგში მიმდინარე სხდომას ვერ ესწრებიან, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარემ მათ “მივლინებაზე ხელი არ მოუწერა”.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მართალია, PACE-ში დელეგატების უფლებამოსილების ცნობა იანვარში ხდება, მაგრამ საქართველო არ არის გამონაკლისი, როდესაც ქვეყანა დელეგაციის შემადგენლობას წლის განმავლობაში ცვლის.

“ამ წუთშიც არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც, საქართველოს მსგავსად, აქვს იგივე მოცემულობა. ანუ იანვარში დამტკიცდა დელეგაციის წევრების უფლებამოსილება, შემდგომ ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა, დელეგაციის წევრები გავიდნენ იმ პოლიტიკური პარტიებიდან, რომელსაც ჰყავდა წარმოდგენილი. ამ წევრებმა თავად მოინდომეს დარჩენა ასამბლეაში, მაგრამ წარმომდგენმა ქვეყანამ მოინდომა მათი შეცვლა. უფლებამოსილების ცნობა PACE-ში არის იანვრიდან იანვრამდე. შესაბამისად, ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის უფლებამოსილება აქ არის ცნობილი იანვრის სესიამდე. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ისინი დელეგაციის შემადგენლობიდან ამოღებულები არიან. მათი ვიზიტების დაფინანსების ნაწილს წყვეტს პარლამენტის თავმჯდომარე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პარლამენტის წევრის მივლინებისას. შესაბამისად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, ხარჯებს აანაზღაურებს თუ არა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ბესელიას და კვაჭანტირაძეს შეუძლიათ, საკუთარი ხარჯებითაც წავიდნენ მივლინებაში, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარემაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში მათი ხარჯების დაფინანსების შესახებ.

ჩუგოშვილი თავს იკავებს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასებისგან, თუმცა ამბობს, რომ ბესელიას და კვაჭანტირაძის არყოფნით დელეგაცია, მუშაობის მხრივ, დანაკლისს არ განიცდის.

“ჩემი შეფასების საკითხი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია. თუმცა ამწუთას სესიას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ესწრება, წარმოადგენს სრულფასოვნად და არანაირი დანაკლისი, მუშაობის კუთხით, ნამდვილად არ გვაქვს. ჩემი დელეგაცია მუშაობს კარგად, ისე როგორც ყოველთვის, და პრობლემები არ გვაქვს. დანარჩენი, რაღაც კონკრეტული საკითხი თუ იქნება, სადაც მაინცდამაინც ამ წევრების მონაწილეობა იქნება საჭირო, პარლამენტის თავმჯდომარე გადაწყვეტს, მიავლენს თუ არა მათ მივლინებაში”, – ამბობს ჩუგოშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.