ახალი ამბები

საუკუნე დამფუძნებელი კრების I სხდომიდან – საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წელი

12 მარტი, 2019 • 2260
საუკუნე დამფუძნებელი კრების I სხდომიდან – საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წელი

საუკუნის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე, თბილისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის/დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა. ეს იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოსახლეობამ 1 თვით ადრე საყოველთაო, ფარული კენჭისყრით აირჩია.

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა საკანონმდებლო ორგანოს უხუცესმა წევრმა, სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა.

“ამ დღესაც მოვესწარი! ჩემს გრძელ ცხოვრების მიწურულში ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს ყველაზე უნეტარესია”, – ასე დაიწყო მან მისასალმებელი სიტყვა.

ამ დღეს კრებამ 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ხელახლა დაამტკიცა. აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც – სოციალ-დემოკრატი კარლო ჩხეიძე.

130 დეპუტატისაგან შემდგარ დამფუძნებელ კრებაში უმრავლესობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას ჰქონდა. ჯამში, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა პარტიების მიხედვით ასეთი იყო:

  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 102 მანდატი
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია – 9 მანდატი
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8 მანდატი
  • საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 6 მანდატი
  • პარტია “დაშნაკცუთიუნ” – 3 მანდატი
  • საქართველოს ეროვნული პარტია – 2 მანდატი

საქართველოს პირველ საკანონმდებლო ორგანოში, სხვა დეპუტატებთან ერთად, 5 ქალი მოხვდა: ქრისტინე შარაშიძე, ანნა სოლოღაშვილი, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე, მინადორა ტოროშელიძე და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე. ხუთივე მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა პრეზიდიუმის, ფრაქციებისა და კომისიებისაგან შედგებოდა. “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” თანახმად, თავისი არსებობის მანძილზე დამფუძნებელმა კრებამ სულ 97 სხდომა გამართა, განსახილველად კი 415 საკანონმდებლო აქტი შევიდა, საიდანაც 278 მიიღეს.

დამფუძნებელი კრების უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა შორის პირველია საქართველოს კონსტიტუციის მიღება 1921 წლის 21 თებერვალს – მაშინ, როცა საბჭოთა არმია თბილისის მისადგომებს უტევდა.

1921 წლის 24 თებერვალს, წითელი არმიის გააქტიურებისა და სარეზერვო ძალების სიმცირის ფონზე, საქართველოს არმიის მთავარსარდალმა თბილისის დატოვების ბრძანება გასცა.  დამფუძნებელმა კრებამ დედაქალაქი სხვა უწყებებთან ერთად დატოვა.

კრების უკანასკნელი სხდომა 16 მარტს ქალაქ ბათუმში გაიმართა.

“კრებამ მთავრობას საზღვარგარეთ გამგზავრება, ხაზინისა და სამუზეუმო ძვირფასეულობის ევაკუაცია და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა დაავალა. შეიქმნა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა საზღვარგარეთ. მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ოპოზიციურ პარტიებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა, თუმცა მათ წინადადებას უარით უპასუხეს”, – ვკითხულობთ SOVLAB-ის მასალაში.

1921 წლის 24 მარტს გამოცემული დეკრეტით, საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების ფორმალურმა წარმომადგენლობამ დამფუძნებელი კრება დაშლილად გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი