საზოგადოება

1921 წლის ომი: საქართველოს ბრძოლა, რომელიც 25 თებერვალს არ დასრულებულა

26 მაისი, 2022 • 3260
1921 წლის ომი: საქართველოს ბრძოლა, რომელიც 25 თებერვალს არ დასრულებულა

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოჭრილ წითელ არმიას 2 კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ თბილისი დაეკავებინა, თუმცა 1921 წლის ომი ამით არ დასრულებულა: ქართული ნაწილები დედაქალაქიდან გასვლის შემდეგაც ებრძოდნენ მტერს.

საერთოდაც, თბილისის დატოვება სწორედ შემდგომი ბრძოლის მიზნით გადაწყდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო ქართული მხარის მცდელობებმა, შეეკავებინა მტრის წინსვლა და შეტევაზე გადასულიყო, ვეღარ გარდატეხა ვითარება.

მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესოა 25 თებერვლის შემდგომი ბრძოლის რამდენიმე ეპიზოდი.

ჯამში კი, აღნიშნული პერიოდი, ისევე როგორც მრავალი ფაქტი დემოკრატიული რესპუბლიკის 3-წლიანი ისტორიიდან, ამსხვრევს 1921 წლის ომზე გავრცელებულ ერთ-ერთ მითს, თითქოს მთავრობა საქართველოდან უბრძოლველად გაიქცა და ქვეყანა მტერს დაუტოვა.

რა მიზნით დატოვა ქართულმა არმიამ თბილისი

ბოლშევიკები ე.წ. ლორეს ნეიტრალურ ზონაში(დღეს ეს ტერიტორია სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია) განლაგებულ ქართულ შეიარაღებულ ძალებს 11-12 თებერვალს, მოულოდნელად დაესხნენ თავს, შემდეგ დღეებში კი საქართველოს რიგი ტერიტორიები დაიკავეს და თბილისსაც მიუახლოვდნენ.

პერიოდი 11-დან 25 თებერვლამდე აღინიშნა როგორც წითელი არმიის, ისე ქართული არმიის წარმატებებით. 21 თებერვალს ქართველებმა თბილისიდან 10 კმ-ზე მეტით დაახევინეს ბოლშევიკებს, თუმცა, 24 თებერვლისთვის ბოლშევიკები მასირებულ შეტევაზე გადავიდნენ დედაქალაქის ფრონტის სამივე მიმართულებით.

სწორედ 24 თებერვალს მიიღო ქართული არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება. გენერალს მიაჩნდა, რომ დედაქალაქი ალყაში ექცეოდა, რაც ქართული არმიის უეჭველ მარცხსა და ომის დასასრულს უდრიდა.

“თბილისის დასაცავი ყველა ძალა და საშუალება ამოიწურა, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეგვეძლო. ქვეყნის დასაცავად თბილისი უნდა დაგვეტოვებინა, თუ არა ჯარისა და მმართველობის დაღუპვა გარდაუვალი იყო”, — წერს კვინიტაძე მემუარებში.

მთავარსარდალი აღნიშნავდა, რომ რეზერვში “ერთი კაციც” აღარ ჰყავდა. ის იქვე დასძენდა, რომ თბილისის ქუჩებში ბრძოლის გამართვა ხაფანგში მოქცევას უდრიდა ქალაქის რელიეფიდან გამომდინარე.

გიორგი კვინიტაძე. ფოტო: gmas.ge

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება კვინიტაძემ მთავრობის თავმჯდომარეს მოახსენა. ევაკუაცია ღამით უნდა დაწყებულიყო.

კვინიტაძის ეს ნაბიჯი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: დამფუძნებელი კრების წევრთა შორის ჩოჩქოლი ატყდა მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიამ მთავარსარდლის გადაწყვეტილება აცნობა კანონმდებელთა ნაწილს. არაერთგვაროვანი მოსაზრებები ისმოდა სამხედრო მეთაურებს შორისაც.

სოღანლუღი-შავნაბადას ფრონტის სარდალი გიორგი მაზნიაშვილი ამბობდა, რომ მოწინააღმდეგის იერიშები “ყველა რაიონში” მოგერიებული იყო. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ  “მთელი დღის ბრძოლით დაქანცული მოწინააღმდეგე ღამის იერიშებს არ მოახდენდა”.

“…ხოლო დილით, რადგანაც მოწინააღმდეგე იდგა მთის გაშლილ ფერდობზე და ხევებში, ჩვენი კარგად მოწყობილი პოზიციების პირისპირ, იძულებული გახდებოდა ან იარაღი დაეყარა, ან და თუ ვინცობაა უკან დაიხევდა, მთლად გაწყდებოდა”, — აღნიშნავს ის.

თუმცა, ყველა ამ აზრზე არ იყო. ტაბახმელას მონაკვეთის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე ეთანხმებოდა კვინიტაძის გადაწყვეტილებას, დასძენდა რა, რომ “მაშინ, როდესაც ტფილისთან ყოველ დღე ვიგებდით ომს ტაქტიკურად, იმავე დროს ჩვენ ვაგებდით ყოველ დღეს სტრატეგიულად”.

“ბოლშევიკები უვლიდნენ და გარს ერტყმოდნენ ტფილისს, ერთსა და იმავე დროს, ჩვენი საზღვრების ყველა გადმოსასვლელიდან გარს ერტყმოდნენ საქართველოს ტერიტორიას და ამგვარად, 1921 წელს, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მტრის ძალების რკინის ქამარში მომწყვდეული”, — ამატებს პოლკოვნიკი.

ისტორიკოსები და მკვლევრები დღესაც მსჯელობენ, იყო თუ არა სწორი ნაბიჯი თბილისის დატოვება.

ისტორიკოს მიხეილ ბახტაძისთვის მისაღებია კვინიტაძის არგუმენტაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ “ასეთი ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების წინ” მთავარსარდალი ფრონტის მეთაურებს უნდა მოსთათბირებოდა და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებით მან შეცდომა დაუშვა.

ბახტაძის აზრით, კვინიტაძემ “არასწორად შეაფასა მოსალოდნელი საფრთხეები” და არ გაითვალისწინა, მაგალითად, ვაზიანის ფრონტის მეთაურის, გენერალ ჯიჯიხიას მოხსენება, რომლის თანახმადაც “გარღვეული ხაზი აღდგენილია და გვარდიელთა სულისკვეთება მტკიცეა”, ისევე როგორც გენერალ ოდიშელიძის მოსაზრება უკან დახევის შემთხვევაში ჯარის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ.

ქართველი ჯარისკაცები ტაბახმელაში. 1921 წ. ფოტო: legionerebi.com

იმას, რომ დედაქალაქის დატოვება მძიმედ იმოქმედებდა არმიის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მკვლევარ დიმიტრი სილაქაძის აზრით, გენერალი კვინიტაძეც აცნობიერებდა, თუმცა მან “ცუდსა და უარესს შორის ცუდი აირჩია და რაღაც შანსი დატოვა ბრძოლის გაგრძელებისა”.

“[ფრონტის] 3 მთავარი სექტორი რომელიც იყო, [იქ] მოიგერიეს ქართველებმა ეს შეტევები, მაგრამ ამის იქით იყო დაუცველი სივრცეები, საიდანაც რუსული საცხენოსნო დივიზიები გადიოდნენ ქართველების ზურგში და მთავარსარდალს რეზერვში კაციც კი აღარ ჰყავდა ფაქტობრივად, [ბოლშევიკები] ალყაში აქცევდნენ ქალაქს”, — ეუბნება სილაქაძე “ნეტგაზეთს”.

მაინც რა ჰქონდა ჩაფიქრებული გენერალ კვინიტაძეს, როცა თბილისს ტოვებდა? “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ასე აღწერს მთავარსარდლის შემდგომ გეგმას:

“მას უნდოდა ფრონტის ხაზის დამოკლება მცხეთის მისადგომებთან, უფრო ვიწრო მონაკვეთში დაჯგუფება-გამაგრება, აქ მოგერიება რუსული წითელი არმიის იერიშებისა და შემდეგ კონტრშეტევებით დაკარგული ზონების უკან დაბრუნება”.

ამგვარად, გადაწყდა თბილისიდან უკან დახევა და მცხეთის ხეობის დაკავება. ნოე ჟორდანიას ადიუტანტის, კოტე იმნაძის გადმოცემით, კვინიტაძეს იმედი ჰქონდა, რომ იქ  სათანადო რეზერვის შექმნასაც შეძლებდა. შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა ამ გეგმის შესრულება მეტად გაართულა.

წარუმატებელი გადაჯგუფება მცხეთასთან

მცხეთის ეპიზოდით უკვე თბილისის დატოვების შემდგომი პერიოდის ათვლა იწყება, თუმცა, აღნიშნულის განხილვამდე, ისტორიკოსები კონცენტრირდებიან კიდევ ერთ საგულისხმო დეტალზე: რატომ არ ჰყავდა კვინიტაძეს რეზერვები თბილისის დასაცავად?

როგორც დიმიტრი სილაქაძე, ისე ირაკლი ხვადაგიანი, საუბრობენ 1921 წლის ომის დასაწყისზე, როცა “ლორეს ნეიტრალურ ზონაში” ბოლშევიკების შეტევისას ქართულმა არმიამ დიდძალი დანაკარგები განიცადა არასწორი განლაგების გამო.

ხვადაგიანი ხაზს უსვამს, რომ არმიის ნაწილები განაწილებულნი იყვნენ დასახლებებში და გათიშულნი იყვნენ ერთმანეთისგან, რამაც მოწინააღმდეგეს შეტევა გაუადვილა, სილაქაძე კი აღნიშნავს, რომ სარდლობამ ვერ ამოიცნო დარტყმის მთავარი მიმართულება და რეზერვები გასაბჭოებული სომხეთისკენ გადაისროლა, როცა მე-11 არმიამ ძირითადი დარტყმა გასაბჭოებული აზერბაიჯანის მხრიდან განახორციელა.

“ფაქტობრივად მთელი ეს ფრონტი განადგურდა, დიდი რაოდენობით ტყვედ ჩავარდნენ, ზოგი დაიღუპა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს დაკარგული მასა იყო სწორედ ის მასა, რომელიც არ ჰყავდა 24 თებერვლის საღამოს კვინიტაძეს, რომ ეს თავისუფალი სივრცეები შეევსო”, — დასძენს სილაქაძე.

ასეა თუ ისე, 25 თებერვლისთვის წითელი არმია თბილისში შევიდა, ქართულმა ნაწილებმა კი მცხეთისაკენ დაიხიეს. ამ დროს წითელ არმიას უკვე დაკავებული ჰქონდა ქვემო ქართლი და კახეთი, ასევე, ქალაქი გაგრა აფხაზეთში.

პოლკოვნიკი ჩხეიძე. ფოტო: legionerebi.com

შიშები, რომ თბილისის დატოვება არმიის ფსიქოლოგიაზე მკვეთრად უარყოფითად აისახებოდა, გამართლდა.

“მცხეთის სადგურზე ხდებოდა რაღაც წარმოუდგენელი რამ! რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და გვარდიელი, უფორმო მასად ქცეულიყო, ვეებერთელა იარმუკას წააგავდა… ორგანიზაციულად მოწყობილი ნაწილები უკვე აღარ არსებობდნენ”, — დასძენს პოლკოვნიკი ჩხეიძე.

ამრიგად, მცხეთასთან გამაგრება ვერ მოხერხდა. დიმიტრი სილაქაძე აღნიშნავს, რომ არმიიდან ზოგიერთმა მცხეთისკენ არც დაიხია და პირდაპირ სახლში წავიდა, მიხეილ ბახტაძე კი წერს დეზერტირობაზე, რომლის მასშტაბებიც ყოველდღიურად “კატასტროფული ხდებოდა”.

ფსიქოლოგიური მომენტის გარდა, კიდევ რამ შეუშალა ხელი კვინიტაძის გეგმას? სხვა ფაქტორებს შორის ასახელებენ პოზიციების მოუმზადებლობას იქ, სადაც თავდაცვის ახალი ზღუდე უნდა გაჩენილიყო.

“ამას სჭირდება სამხედრო-საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, სანგრების მომზადება, არამხოლოდ ქვეითებისთვის, არამედ შტაბისთვის, არტილერიის პოზიციების შერჩევა და მომზადება, მავთულხლართები, რკინიგზის ხაზის დაცვა-გამაგრება, რაც არ [გაკეთებულა მცხეთასთან]… ამ ელემენტში შეგვიძლია, ვუსაყვედუროთ გიორგი კვინიტაძეს”, — აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

გორის ეპიზოდი და ბრძოლები ახალი ათონის პოზიციებზე

მიხეილ ბახტაძის თანახმად, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მთავარსარდალმა მცხეთიდან გორის მიმართულებით ორ კოლონად უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო.

26 თებერვლის დილას ქართული შენაერთები უკვე გორში იყვნენ. ბახტაძე შენიშნავს, რომ მოწინააღმდეგე სერიოზულ შეტევას არ ახორციელებდა და მხოლოდ მისი მცირერიცხოვანი, სავარაუდოდ, სადაზვერვო, ნაწილები თუ გამოჩნდებოდნენ.

“ჩვენი აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისის მისადგომებთან წარმოებულმა ბრძოლამ მე-11 არმია სერიოზულად დაასუსტა და დაქანცა”, — წერს ისტორიკოსი.

მისივე გადმოცემით, გორში ქართული ჯარი ორი დღით გაჩერდა. მაზნიაშვილი ამ ნაბიჯს “გამოუსწორებელ შეცდომას” უწოდებს. გადაწყვეტილებას გაუგებრად აფასებს მიხეილ ბახტაძეც, ახსენებს რა ქალაქის მდებარეობასა და ჯარის მცირერიცხოვნობას, რაც წარმოუდგენელს ხდიდა იქ სერიოზული თავდაცვითი პოზიციების მოწყობას.

“ეს არის უკან დახევა. თავდაპირველად განსაზღვრული იყო მცხეთის პოზიციები, შემდეგ აირია სიტუაცია, მცხეთასთან ვერ გამაგრდნენ, მერე ერთგვარი ქაოსი იყო და ამ ქაოსში შესაძლებელია, რომ მსგავსი რაღაც მოხდეს, რომ შეიძლება, რაღაც ვერ გათვალოს სწორად.

…თუ მთელი ჯარი გაჩერდა ორი დღე [გორში] და იქ აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, ეს ცალსახად შეცდომაა, თუმცა მეორე მომენტია, თუ რაღაც ნაწილები გაჩერდნენ, რათა სხვების უკან დახევა დაეფარათ, ეს აბსოლუტურად სხვა ქმედებაა და გამართლებულია”, — დასძენს დიმიტრი სილაქაძე გორის ეპიზოდზე საუბრისას.

მიხეილ ბახტაძის თანახმად, 28 თებერვალს კვინიტაძე უკვე ხაშურში იყო და კონტრშეტევის მომზადებას ცდილობდა.

მისივე გადმოცემით, ქართველები მძიმე ბრძოლებს აწარმოებდნენ აფხაზეთშიც. 27 თებერვალს ბოლშევიკებმა გუდაუთა აიღეს, ქართულმა შენაერთებმა კი ახალ ათონთან დაიკავეს პოზიციები.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არტილერია. ფოტო: nplg.gov.ge

“რუსებმა სოფელ ანუხვადან ჩვენი თავდაცვითი ზღუდის მარჯვენა ფლანგის შემოვლა სცადეს, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. 3 მარტს გენერალ ართმელიძის შენაერთები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს.

ქართველების შეჩერების მიზნით მოწინააღმდეგე კვლავ სცადა ჩვენი მარჯვენა ფლანგის შემოვლა. ამჯერად რუსებმა თავისი ჩანაფიქრის შესრულება შეძლეს.

ქართული ნაწილები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. მე-9 არმიის ნაწილებმა, თავისი დიდი რიცხობრივი უპირატესობის წყალობით, ახალ ათონთან არსებული თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და მდ. გუმისთაზე გავიდნენ”, — წერს ისტორიკოსი.

უკვე ახლა, ომიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ქართული არმიის მცდელობა, თბილისის დატოვების შემდეგ ბრძოლა გაეგრძელებინა, დაეცვა მის ხელთ არსებული პოზიციები და დაებრუნებინა უკვე დაკარგული, შეიძლება, უპერსპექტივოდ ჩანდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ არც წითელ არმიას ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა.

“როდესაც თბილისს უტევს საბჭოთა რუსეთი, ამ დროს იწყება ანტიკომუნისტური, ანტისაბჭოთა აჯანყება სომხეთში და სერიოზულ დარტყმას აყენებენ აჯანყებულები იქ წითელ არმიას და საბჭოთა რეჟიმს, ათავისუფლებენ ერევანს და გარკვეულ ზონებს.

ანუ, ეს არის აფეთქება ზურგში. ასევე, ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც არის გარკვეულ ზონებში მღელვარება და ასევე, თავისთავად, საქართველოს საგარეო მოკავშირეებიც მხრიდანაც არის სამხედრო დახმარების გარკვეული პერსპექტივა”, — დასძენს ირაკლი ხვადაგიანი.

საგარეო დახმარების ნათელი მაგალითი დემოკრატიული რესპუბლიკის მოკავშირის, საფრანგეთის ესკადრის მონაწილეობაა ომში: ის ქართულ არმიას აფხაზეთის ფრონტზე, ზღვიდან ეხმარებოდა წითელი არმიის პოზიციების დაბომბვით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 4 მარტს რუსულმა ჯარებმა სოხუმის აღება შეძლეს.

ოსიაურის ბრძოლა — ხანმოკლე წარმატება

3 მარტს წითელი არმიის ნაწილებმა გორი დაიკავეს, 4 მარტისთვის კი გენერალმა კვინიტაძემ ხაშურის აღმოსავლეთით, სოფელ ოსიაურთან გადაწყვიტა რუსული არმიის ავანგარდის ალყაში მოქცევა. თბილისიდან მომავალი მე-11 არმიის ნაწილებზე შეტევა დილით  დაიწყო.

დიმიტრი სილაქაძის თანახმად, რომელმაც ომის ეს ეპიზოდი შეისწავლა, ქართველთა შეტევა წარმატებით განვითარდა და მოწინააღმდეგის ნაწილები საარტილერიო ცეცხლის დახმარებით უკუაგდო მაზნიაშვილის დაჯგუფებამ.

“მარცხენა ფლანგზე წარმატებული გამოდგა გვარდიელების შეტევა, მათ ფლანგიდან შემოუარეს მოწინააღმდეგეს, რომელიც უკვე ზარბაზნებს ტოვებდა ბრძოლის ველზე და გარბოდა, თუმცა დაბინდებამდე მტრის ზურგში გასვლა ვერ მოხერხდა”.

“როგორც ჩანს ქართველთა წარმატება იმდენად სერიოზული იყო, რომ მეთერთმეტე არმიის მეთაურმა თითქმის უკანასკნელი ძალები გადაისროლა ხაშურისკენ”, – წერს სილაქაძე.

მისივე სიტყვებით, როგორც კვინიტაძე იხსენებს, “გენშტაბის მაღალჩინოსნები მოწინააღმდეგის მოსალოდნელი განადგურების გამო სიხარულით ხელებს იფშვნეტდნენ”, თუმცა 5 მარტს, ღამით, ვითარება შეიცვალა:

“…ამ სასიხარულო განწყობას 5 მარტის ღამის პირველ საათზე გენ. კონიაშვილის შეტყობინებამ ცივი წყალი გადაასხა. გენერალმა მთავარსარდალს უპატაკა, რომ გვარდიამ თვითნებურად, ბრძოლის გარეშე მიატოვა პოზიციები და სურამისაკენ დაიხია”.

გენშტაბის პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე ასე იხსენებს ამ ამბის გაგების შემდეგ მთავარსარდლის რეაქციას: “მთავარსარდალი მეტად ღელავდა. აბა, თევზაძევ, თავის მოკვლაღა დამრჩენია, არა? – მომმართა სევდიანი ხმით”.

გიორგი მაზნიაშვილი. ფოტო: HISTORY.MOD.GOV.GE 

“მარცხენა ფლანგზე გვარდია იდგა. რატომ დაიხიეს ღამით უკან, ეს არ ჩანს კარგად. ეს მხოლოდ კვინიტაძეს უწერია საკუთარ მემუარებში და ზოგადად მემუარები მაინც და მაინც სანდო [წყარო] ვერ არის.

კვინიტაძე წერს, რომ უბრძოლველად დაიხიეს და უკანა პოზიციებზე გამაგრდნენ, თუმცა შესაძლოა, ეს არ იყო უბრძოლველად [უკანდახევა] და ბრძოლით დაიხიეს. ფაქტი ისაა, რომ ეს კონტრშეტევა ვერ გამოდგა საბოლოოდ წარმატებული”, — გვეუბნება დიმიტრი სილაქაძე.

გვარდიელთა უკანდახევა ბოლშევიკებმა შენიშნეს და თავიანთი ნაწილები ჩრდილოეთისაკენ დაძრეს. მოწინააღმდეგე უკვე თვითონ უვლიდა ქართველთა ფლანგს და ახლა ქართული ჯარი ექცეოდა ალყაში. მთავარსარდალი იძულებული გახდა, სამხედრო ნაწილები უკან, ლიხის ქედისაკენ დაეხია.

საბოლოოდ, პოზიციების შენარჩუნება ვერც ლიხის ქედზე მოხერხდა. ქართული ნაწილები ხარაგაულის სადგურამდე მივიდნენ.

მკვლევარი ფიქრობს, რომ ოსიაურის ბრძოლაში ქართველთა წარუმატებლობამ 25 თებერვლის შემდგომი წინააღმდეგობის ბედი გადაწყვიტა. დანარჩენი უკვე დროის საკითხი იყო:

“…რუსების ერთი დაჯგუფება ბორჯომის, ახალციხის, გოდერძის უღელტეხილის გავლით წავიდა ბათუმისკენ, ძირითადი დაჯგუფება ლიხის ხედიდან გაჰყვა ქართულ ჯარს კუდში, ცალკე რაჭიდან წამოსული ნაწილი ჩავიდა ქუთაისთან, აფხაზეთიდან წამოსული ნაწილები შემოვიდნენ აფხაზეთის და სამეგრელოს ტერიტორიაზე და ფაქტობრივად უკვე ომის ბედი გადაწყდა”.

უკანასკნელი ეპიზოდი

მიხეილ ბახტაძის თანახმად, 7 მარტს წითელმა არმიამ ბორჯომი აიღო, 8 მარტს კი შევიდნენ ახალციხეში, სადაც წინა დღის შემდეგ თურქული ქემალისტური რაზმები იყვნენ განლაგებულნი. ამ უკანასკნელებმა ბოლშევიკების შესვლის შემდეგ არდაგანისკენ დაიხიეს.

9 მარტს ბოლშევიკები ზუგდიდში შევიდნენ, 10 მარტს კი, ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ქუთაისი დაიკავეს. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა უკანასკნელმა, მოწინააღმდეგის ტყვიების ქვეშ, ქალაქი გენერალმა ანდრონიკაშვილმა დატოვა.

იმ დღეებში მცირე შეტაკება მოხდა მდინარე ცივთან, სადაც გენერალმა მაზნიაშვილმა რუსების შეტევა მოიგერია და ამით სხვა გენერლის ქვედანაყოფს მისცა საშუალება, აბაშისკენ დაეხია.

ასევე, ბახტაძის თანახმად, 11 მარტს ქართული ჯავშანმატარებელი ქუთაისის სადგურში შევარდა, იქ მყოფი მტერი გაფანტა, რამდენიმე კაცი ტყვედ აიყვანა, ჯავშანმატარებელს დარჩენილი ქონებით დატვირთული რამდენიმე ვაგონი ჩააბა და სადგურ რიონში დაბრუნდა.

თუმცა, აღნიშნულ პროცესებს ომის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

ომის უკანასკნელ დღეებში საინტერესო ამბები მოხდა აჭარაში, რომელზე კონტროლსაც — გურიასთან ერთად —  17 მარტამდე ინარჩუნებდა საქართველოს მთავრობა. თუმცა აქ ქართულ ნაწილებს მეორე ფრონტზე უწევდათ ბრძოლა, თურქული თურქეთის არმიის ნაწილების შემოჭრის გამო.

ირაკლი ხვადაგიანი ახსენებს საიდუმლო შეთანხმებას საბჭოთა რუსეთსა და ქემალისტებს შორის, რომლის თანახმადაც “ომის დროს რა ტერიტორიასაც დაიკავებდნენ, ფაქტობრივად შემდეგ რჩებოდა მათი გავლენისა და კონტროლის სფეროდ”.

მარტის შუა რიცხვებში თურქული ნაწილები უკვე ბათუმში შევიდნენ. ხვადაგიანის თქმით, მიუხედავად შეთანხმებისა, რუსეთს, რომელიც საქართველოს ტერიტორიებს ეტაპობრივად იკავებდა, არ უღირდა საპორტო ქალაქის დაკარგვა თურქეთის სასარგებლოდ.

ბათუმი. ფოტო: nplg.gov.ge

“შესაბამისად, ამ დროს დაიწყო მოლაპარაკება დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციასა და რევკომის, ანუ საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, რომ მომხდარიყო ძალთა გადაჯგუფება ბათუმში, ბათუმის დასაცავად და ქემალისტების იქიდან განსადევნად”, — ამბობს მკვლევარი.

ხვადაგიანის თქმით, რუსეთისთვის მომგებიანი იყო, რომ არ დაერღვია თურქეთთან შეთანხმება, თუმცა ხელი შეეწყო მისი მოწინააღმდეგისთვის — საქართველოს რესპუბლიკის არმიისთვის — მას უზრუნველეყო ქემალისტების განდევნა ბათუმიდან. ასეც მოხდა.

“ამ ომის უკანასკნელი ეპიზოდი ასე სასახელოდ და გამარჯვებით მთავრდება და ბათუმი და აჭარა უნარჩუნდება საქართველოს ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებით, რომ როგორიც არ უნდა იყოს საქართველო, სჯობს, რომ ეს იყოს ერთიანი და არა ასე დანაწევრებული სხვადასხვა სახელმწიფოს შორის.

თუმცა, სრულფასოვნად ეს ვერ მოხერხდა, რადგან “სამუსლიმანო საქართველოს” — როგორც მაშინ ეძახდნენ ბათუმის ოლქს და ა.შ. — მისი ნაწილი მაინც დარჩა ქემალისტურ თურქეთს, რომელსაც მანამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აკონტროლებდა”, — აღნიშნავს მკვლევარი.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, 17-18 მარტს, დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და იქიდან განაგრძო საქმიანობა, ნაწილი კი დარჩა და ქვეყნის შიგნით დაიწყეს ანტისაოკუპაციო საქმიანობა. ქვეყანაში დარჩა დამფუძნებელი კრების დიდი ნაწილიც.

ამის შემდეგ იყო ვითარების შეცვლის არაერთი მცდელობა, მათ შორის, 1921, 1922 და 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებები. მიუხედავად მცდელობებისა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა. ქვეყანას 70 წლით მოუწია საბჭოთა მმართველობის ქვეშ ცხოვრება.

შეეძლო საქართველოს ომის მოგება?

მკვლევრები დასძენენ, რომ ამ კითხვას მეცნიერებასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს, თუმცა მაინც საინტერესოა, თუ ჰქონდა შანსი ქვეყანას, მოწინააღმდეგის მკვეთრი რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვებული გამოსულიყო 1921 წლის ომიდან.

ირაკლი ხვადაგიანის შეფასებით, გარკვეული შეცდომები და არასწორი გათვლები საქართველოს თავიდან რომ აეცილებინა, ეს მისცემდა საშუალებას, უფრო დიდი ხნით გაეგრძელებინა წინააღმდეგობა, რაც მისცემდა საშუალებას თუნდაც მის საგარეო მოკავშირეებს, უფრო აქტიურად დახმარებოდნენ ქვეყანას.

მკვლევრის შეფასებით, რესპუბლიკამ და მისმა მოსახლეობამ ყველაფერი გააკეთეს თავდაცვისთვის და ქვეყანა ის იშვიათი გამონაკლისი იყო სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც ამ მასშტაბის წინააღმდეგობა გაწია. თუმცა, ძლიერი მოკავშირის გარეშე ბრძოლა გართულდა.

“მოკავშირე უკვე არსებობდა საფრანგეთის სახით, თუმცა მაშინდელი მსოფლიოს კომუნიკაციების სიშორის გამო [რეალობაში] ეს ვერ აისახა მალე. ამით ისარგებლა საბჭოთა რუსეთმა, დააჩქარა თავდასხმა, შეიძლება ითქვას,  გარისკა და ამ რისკმა გაამართლა”, — დასძენს მკვლევარი.

ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სახალხო გვარდიისა და მისი შექმნის კრიტიკაც ისმის:

მიხეილ ბახტაძის აზრით, ხელისუფლებას შეიარაღებული ძალების ფორმირებისთვის სათანადო ყურადღება რომ დაეთმო, “გვარდიის სახით არ შეექმნა არმიის პარალელური სამხედრო სტრუქტურა” და მეტი ნდობა გამოეჩინა ქართველი ოფიცრებისა და გენერლებისთვის, ჯარი არამხოლოდ მე-11 არმიას, არამედ ბევრ სხვა მოწინააღმდეგესაც სძლევდა”.

“რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს: რომ საბჭოთა რუსეთი კვლავ არ ეცდებოდა საქართველოს დაპყრობას, რომ საქართველო ყოველთვის შეძლებდა აგრესორის დამარცხებას, რომ ჩვენ აუცილებლად დავრჩებოდით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სულ მცირე 1939-1940 წლებამდე მაინც და სხვ. ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ 1921 წლის თებერვალ-მარტში მიმდინარე ომს”, — შენიშნავს ბახტაძე.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება. ფოტო: nplg.gov.ge 

დიმიტრი სილაქაძე გვარდიისადმი ამგვარ კრიტიკას არ იზიარებს. მისი თქმით, უნდა გავითვალისწინოთ სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რომელმაც მოითხოვა ცალკე — არმიის და ცალკე — გვარდიის შექმნა.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს იმასაც, რომ გვარდია იყო რესპუბლიკის იდეების ერთგული, “ძალიან ბრძოლისუნარიანი” და ხშირად უფრო დისციპლინირებული ძალა, ვიდრე რეგულარული არმიის ნაწილები.

ის ხაზს უსვამს, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველოს რეგულარული არმია ჯერაც მშენებლობის პროცესში იყო, არაერთი პრობლემით.

“მტერი ხომ არ მოიტყუებს თავს მოწინააღმდეგის შეფასებისას? საკმარისია, ნახოთ საბჭოთა რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს საიდუმლო მოხსენებები…

როდესაც მიმოიხილავს საქართველოს შეიარაღებული ძალების რესურსებს და სტრუქტურას, ის ყოველთვის ხაზგასმით ამბობს, რომ ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ძალა არის გვარდია, რომელსაც შეუძლია სწრაფად მობილიზება, ის საიმედო ნაწილებია, ომში გამოცდილი ნაწილებიო”, — აღნიშნავს მკვლევარი.

დიმიტრი სილაქაძე ამბობს იმასაც, რომ 1919-1920 წლებში ჯარისა და გვარდიის მეტად კოორდინაცია მართლაც შეიძლებოდა და ამ კუთხით ნაბიჯებიც გადაიდგა, მათ შორის, “სამხედრო საბჭო, რომელიც მშვიდობიანობის პერიოდში ამ ორი სისტემის კოორდინირებას უწყობდა ხელს”.

ორი სისტემის კოორდინაცია, რესპუბლიკაში მიმდინარე სხვა არაერთი პროცესის ნაცვლად, ვერ დასრულდა. 1921 წლის ომში საბჭოთა რუსეთის გამარჯვებამ და წითელმა ანექსიამ ბოლო მოუღო პირველი რესპუბლიკის მისწრაფებებს.


*სტატიაში გამოყენებული მემუარები, რომლებიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწეებს ეკუთვნით, ამოღებულია მიხეილ ბახტაძის ნაშრომიდან “1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან”.

ამავე თემაზე გირჩევთ:

7 მითი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომზე

მასალების გადაბეჭდვის წესი