ახალი ამბები

18170-16590=1580 – შსს-ს ორი განსხვავებული სტატისტიკა 2013 წლის დანაშაულებზე

4 სექტემბერი, 2014 • • 1625
18170-16590=1580 – შსს-ს ორი განსხვავებული სტატისტიკა 2013 წლის დანაშაულებზე

ცდომილება #1

2013 წლის 6 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2013 წლის 7 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მომხდარი დანაშაულების საერთო რაოდენობამ 16 590 შეადგინა, აქედან გაიხსნა 8840, ხოლო გახსნის  მაჩვენებელი 53,3% იყო. ზემოხსენებულ განცხადებაში შსს მიანიშნებდა, რომ დანაშაულმა 2013 წლის 7 თვის განმავლობაში 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 4126 ერთეულით იკლო.


სკრინშოტი შსს-ს ვებგვერდიდან
სკრინშოტი შსს-ს ვებგვერდიდან

2014 წლის 7 თვის სტატისტიკა შსს-მ ამა წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნა. შსს თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 15 064 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9100 დანაშაული. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 60,41%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,09 %.


ამავე განცხადების ქვემოთ, შსს-ს ვებგვერდზე მიმაგრებული აქვს PDF დოკუმენტი, რომელიც 2014 წლის იანვარ-ივლისის დანაშაულის სრულ სტატისტიკურ მონაცემებს ასახავს 2013 წლის მონაცემებთან მიმართებაში. ამ PDF დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-ივლისში არა 16 590 ერთეული დანაშაული მოხდა, როგორც ეს პოლიციის 2013 წლის 6 აგვისტოს განცხადებაშია აღნიშნული, არამედ 18 170, საიდანაც გახსნილია 9921 (54,6%) ფაქტი. 18 170 – 16 590 = 1580 – სწორედ ეს რიცხვია სხვაობა 2013 წლის 7 თვის მონაცემების ორ სტატისტიკას შორის, რომელთაგან ორივე შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.


 

შსს პირველ ანუ 2013 წლის 6 აგვისტოს განცხადებაში მიუთითებს, რომ მონაცემები ქვეყნის მასშტაბით არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას ასახავს, ხოლო 2014 წლის 15 აგვისტოს სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ სტატისტიკა შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვითაა შედგენილი. ნეტგაზეთს შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს, რომ ორივე მონაცემი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას ასახავს, თუმცა არ განმარტეს, კონკრეტულად რას ნიშნავს ფრაზა – “შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით” და ამ კითხვაზე საპასუხოდ წერილობით მიმართვა გვთხოვეს. სავარაუდოდ, ამ ფრაზაში იგულისხემბა ის დანაშაულები, რომლებიც უშუალოდ შსს-ს ქვემადებარეობის ქვეშაა და არა სხვა უწყებებზე ფიქსირებული საქმეები, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამხედრო პოლიციის, პროკურატურის. ყველა საგამოძიებო უწყებაზე ფიქსირებული საქმეების ერთობლიობა, სავარაუდოდ, სტატისტიკურად უფრო მეტ ერთეულ დანაშაულს დააფიქსირებდა და ზემოხსენებულ სხვაობას უფრო გაზრდიდა.


სკრინშოტი შსს-ს ვებგვერდიდან
სკრინშოტი შსს-ს ვებგვერდიდან

ცდომილება #2

2013 წლის 8 ივლისს შსს ვებგვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი ინფორმაცია:  “სულ საქართველოს მასშტაბით 2013 წლის 6 თვეში 14128 დანაშაული მოხდა. 2014 წლის 17 ივლისს კი გამოქვეყნდა 2013 წლის 6 თვეში მომხდარი დანაშაულის სტატისტიკა “შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით” , რომლის მიხედვითაც 2013 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია 15503 ერთეული დანაშაული. სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის 1375-ს შეადგენს.

 

სკრინშოტი შსს-ს ვებგვერდიდან
სკრინშოტი შსს-ს ვებგვერდიდან

ცდომილება #3

შსს-ს მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის მაისის თვეში დანაშაულის რაოდენობა განისაზღვრა 2250-ით, რაც 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რომელიც თავის მხრივ 2605 ერთეულს შეადგენდა, 13.63%-ით ნაკლებია, თუმცა ეჭვს ეს მონაცემიც იწვევს. მაშინ შსს-ს თვეების მიხედვით მონაცემები არ გაუსაჯაროებია. უწყების საიტზე ამ ტიპის მხოლოდ იანვარი-მარტის სტატისტიკა ფიქსირდება, რომლის მიხედვითაც ამ პერიოდში ქვეყანაში 11708 დანაშაული მოხდა. თუ შსს-ს მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ 6-თვიან მონაცემს, ანუ 14128 ერთეულ დანაშაულს 2013 წლის იანვარ-მარტის 11708 ერთეულ დანაშაულს გამოვაკლებთ, გამოვა, რომ აპრილი-მაისი-ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 2420 დანაშაული იყო რეგისტრირებული, მაშინ საინტერესოა, მხოლოდ მაისში როგორ მოხდა 2605 ერთეული დანაშაული? ასევე, 2014 წელს გამოქვეყნებული ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის ივნისში 2673 დანაშაული მომხდრა, რაც შსს-ს ხსენებულ ლოგიკასთან ასევე წინააღმდეგობაში მოდის.

აყალბებს თუ არა სტატისტიკას შსს?

ნეტგაზეთმა შსს-ს პრესსამსახურისგან ზემოხსენებული შეუსაბამო მონაცემებზე განმარტება ვერ მიიღო. პრესსამსახურმა უწყების სტატისტიკის სამსახურისთვის წერილობით მიმართვა გვირჩია საკითხში გასარკვევად. პასუხის მიღების შემთხვევაში ნეტგაზეთი უწყების ახსნა-განმარტებასაც გაავრცელებს.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-მ დანაშაულის სტატისტიკა გააყალბა, გაზეთმა “ბათუმელებმა” 24 ივნისს გამოქვეყნა. “ბათუმელების” სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლის შესახებაც შსს-ს პრესსამსახურმა ცნობები გაავრცელა, სტატისტიკაში არ მოხვდა. შსს-ს პრესცენტმა კომენტარი არც მაშინ გააკეთა: “ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მიმართეთ საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს” – უთხრეს ბათუმლებს უწყებაში.


 

ბათუმელების მთავარ რედაქტორმა ეთერ თურაძემ 2014 წელს ოთხჯერ მიმართა სასამართლოს იმის გამო, რომ შსს-სგან საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღო.


მასალების გადაბეჭდვის წესი