ახალი ამბები

დანაშაულის რიცხვი ზრდას განაგრძობს – IDFI

13 თებერვალი, 2020 • 1316
დანაშაულის რიცხვი ზრდას განაგრძობს – IDFI

კვლევითი ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), რომელმაც 2019 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გააანალიზა, აცხადებს, რომ მეთოდოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს.

13 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიში დანაშაულის სტატისტიკის მიმოხილვით იწყება, სადაც წერია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლიდან ყოველთვიურად აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. ნათქვამია ისიც, რომ 2018 წლიდან, სამინისტროს განმარტებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემა, რაც დასახელდა აღნიშნული პერიოდიდან რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვის მკვეთრი მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

„სამინისტროს მიერ 2018 წლიდან დანაშაულის რიცხვის ზრდის ოფიციალურად დასახელებული მიზეზების გარდა, ერთ-ერთ ფაქტორად ასევე აქტიურად განიხილებოდა წინა წლებში ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოება. მსგავს ვარაუდს ამყარებდა წინა წლებში სამინისტროს მიერ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს“, – წერს IDFI.

ორგანიზაციის ხედვით, თუ დავუშვებთ, რომ 2018 წლიდან დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვით სამინისტრომ უარი თქვა „შელამაზებული სტატისტიკის“ წარმოებაზე, მაშინ დანაშაულის ტენდენციების რეალურ სურათს მხოლოდ 2019 და 2018 წლების მაჩვენებლების შედარება გვაჩვენებს. შსს-ს გამოქვეყნებული სტატისტიკა კი ასეთია:

„2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს“.

ანგარიშის თანახმადვე, 2019 წელს მცირედით დადებითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2018 წლამდე ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოების შესახებ ვარაუდებს მნიშვნელოვნად ამყარებს არსებული მონაცემებიც. მაგალითად, 2019 წლის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვნებელი დაახლოებით 20%-ით ნაკლებია“, — წერს IDFI.

დანაშაულის სტატისტიკა. წყარო: IDFI/შსს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი