ნატო-საქართველოს სწავლება მე-5 მუხლის გარეშე კრიზისებზე რეაგირების მიდგომას გამოცდის

18 მარტს “ნატო-საქართველოს სწავლება 2019” გაიხსნება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით, ეს პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს.

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება, ასევე, გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სწავლების ფარგლებში საქართველოს ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც 25 მარტს JTEC-ს მოინახულებს. 28 მარტს გაიმართება საჩვენებელი დღე მაღალი დონის სტუმრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე, პრესკონფერენცია.

ფოტო: . EPA-EFE/OLIVIER HOSLET

ეს ნატო-საქართველოს რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა. პირველად “ნატო-საქართველოს სწავლება 2019”-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი, JTEC-თან ერთად. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას უწევს ნატო-ს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატო-ს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული წვრთნების ცენტრი (JFTC).

თუ 2016 წლის სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, წლევანდელ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 24 ქვეყანა: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი. სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).

ნატო-საქართველოს წვრთნები უკვე გახდა რუსეთის კრიტიკის საგანი და ეს საკითხი მოსკოვმა პრაღის ფორმატში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ბოლო შეხვედრაზე დააყენა. კარასინის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების ჩათვლით.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო პოტენციალის ზრდა უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს და რუსეთს საპასუხო ზომების მიღებას აიძულებს.

„ორჯერ მეტად გაიზარდა წვრთნების მასშტაბები და ინტენსივობა, რომლებშიც სულ უფრო აქტიურად რთავენ ნატო-ს არაწევრ უკრაინასა და საქართველოს. მსგავსი ქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებები საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან დაახლოების შესახებ “მუქარის ტონალობისაა”. ამავდროულად აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენული არჩევანია, ვისთან როგორ ითანამშრომლობს.

“მე ადრეც მომისმენია რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნატო-სთან დაკავშირებით. მათი დამოკიდებულება უარყოფითია. ეს საყოველთაოდ ცნობილია და ასეთი კომენტარები და განცხადებები რუსეთის მხრიდან ყოველთვის და ყველგან კეთდება. ასე რომ, ამჯერადაც, როდესაც ამ საკითხზე ისაუბრა ბატონმა კარასინმა, დაახლოებით იგივე პოზიცია დაადასტურა, რაც ადრეც ჰქონია. თუმცა ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ ჩვენი ფორმატით ასეთი საკითხების განხილვა არ არის გათვალისწინებული. ჩვენი სუვერენული არჩევანია, ვისთან როგორ ვითანამშრომლებთ, ეს ჩვენი საქმეა, ჩვენი გადასაწყვეტია და აქ ამ დისკუსიაში არ შევდივართ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აბაშიძემ 28 თებერვალს, გრიგორი კარასინთან გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რონდელის ფონდის მკვლევარი დავით ბატაშვილი ხაზს უსვამს, რომ ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის მე-5 მუხლი თავდაცვის კოლექტიური ზომების შესახებ ერთადერთხელ – 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამოქმედდა. ბატაშვილის თქმით, თუ რუსეთი  საგარეო აგრესიას არ გეგმავს, საკუთარ საზღვრებში ნატო მისთვის არც რეალურ და არც თეორიულ საფრთხეს არ წარმოადგენს. ბატაშვილი განმარტავს, რომ Non Article 5 კრიზისებში ჩართვა გულისხმობს ალიანსის შესაძლო დახმარებას ქვეყნისადმი, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა, ამის აღკვეთა კი რუსეთის ლეგიტიმურ უსაფრთხოების ინტერესედ ვერ ჩაითვლება.

“რუსეთის პროტესტებთან დაკავშირებით რაც უნდა ვიცოდეთ, მთავარი არის ის, რომ რუსეთს აქვს ერთადერთი  მიზეზი, რატომაც არ აწყობს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა და პარტნიორობა – ეს ხელს უშლის რუსეთის მიზნებს, შეარყიოს და დაასუსტოს საქართველოს სუვერენიტეტი, მოაქციოს საქართველო რუსეთის გავლენის ზონაში. ეს არის საკვანძო მიზეზი, ამიტომ საქართველოს პერსპექტივიდან, არავითარი აზრი არ აქვს, რუსეთის პოზიცია რაიმენაირად აისახოს საქართველოს პოლიტიკაზე, რადგან ამ საკითხში კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბატაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების გაზრდა და შეამცირებს რუსეთის შანსებს.

ამავე თემაზე:

“უკრაინაშიც ასე იწყებოდა” – კარასინის გაფრთხილება თუ მუქარა საქართველოს?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.