ახალი ამბები

როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და მუდმივად კარში ხარ ჩამდგარი, სარისკო მდგომარეობაა – კობახიძე

12 ივლისი, 2023 • 1220
როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და მუდმივად კარში ხარ ჩამდგარი, სარისკო მდგომარეობაა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული მდგომარეობის დიდი ხნით გაგრძელება ქვეყნისთვის მუდმივ რისკებს ქმნის.

ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ისაუბრა.

„პრინციპულად მნივშვნელოვანია, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს არსებობს, დიდხანს არ შენარჩუნდეს, რადგან ეს ქმნის მუდმივ რისკებს. უკრაინის მაგალითზე ეს ვნახეთ, დიდი ხანი კარში დგომა იწვევს მძიმე შედეგებს. უკრაინის შემთხვევაში ეს მოხდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც თქვა პრემიერმა – უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ნატო-სკენ უკრაინის სწრაფვა იყო. ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობის შენარჩუნება ძალიან სარისკოა, არ შეიძლება.

თავის დროზე, თუნდაც 2008 წელს, 2011 წელს, ან ნებისმიერ დროს მიღებული რომ ყოფილიყო საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რაც თავისი დათქმებით შესაძლებელი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა ტექნიკურადაც, პოლიტიკურადაც და ყველანაირად, თავის დათქმებით კვიპროსის მაგალითზე მიღებული პრაქტიკაა, დღეს ხომ უკრაინაში ეს ომი არ მოხდებოდა?! რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა, მაგრამ არ მინდა, აქ ღრმად შევიდე. ჩვენ ბევრად მეტი ვიცით და ბევრად მეტი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ვლაპარაკობთ. იმიტომ, რომ რაღაცების თქმა, უბრალოდ, არ შეიძლება, მაგრამ გავიმეორებ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობის დატოვება, როცა არც აქეთ ხარ და არც იქით, უბრალოდ, არ არის მიზანშეწონილი. როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, რბილად რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა სარისკოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება შეახსენა, რომ თუ უკრაინა ნატო-ს სამიტისგან კონკრეტულ შედეგს არ მიიღებს, შესაძლოა, ქვეყანას საკუთარი სტრატეგიის გადახედვა მოუწიოს.

გვიმრაძემ კობახიძეს ჰკითხა, იმ რისკების გათვალისწინებით, რაზეც მან ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება და გახანგრძლივება ინტეგრაციული პროცესების გადახედვის საფუძველი გახდეს. პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ ეს „რთული სათქმელია“, რადგან პროგნოზების გაკეთება რთულია.

კობახიძის თქმით, ბევრი რამ უკრაინის ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რომლის პროგნოზირებაც ახლა რთულია.

„კონკრეტულად როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი, ამის პროგნოზირებაც კი რთულია. ომის შედეგების კონკრეტიკაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. როცა ომის პროგნოზს ვერ აკეთებ, ამ დროს, მით უმეტეს, რთულია იმ პროგნოზის გაკეთება, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ამიტომ მე მოვერიდები ასეთი პროგნოზების გაკეთებას“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას მიჰყვება. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი და ეს პროცესი არ უნდა გაიწელოს, რომ თვითონ ეს პროცესი გახდეს რისკი უსაფრთხოებისთვის.

„საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის. რეალურად, ეს ასეა, ანუ, ვიდრე თან გამოხატავ მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით დიდხანს შენარჩუნდება რისკები. ეს, რა თქმა უნდა, ასეა. ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საბოლოო ჯამში, გლობალური პოლიტიკა ჩვენ სასარგებლოდ განვითარდება. ეს არის მთავარი“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი