ახალი ამბები

დავით ბაქრაძე, ბიძინა ივანიშვილი და შერჩევითი სამართალი

29 აგვისტო, 2014 • • 3293
დავით ბაქრაძე, ბიძინა ივანიშვილი და შერჩევითი სამართალი

დავით ბაქრაძის საქმე

29 აგვისტოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს მეუღლესთან ერთდ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ მოწმის სახით. გამოძიება დეპუტატის საბანკო ანგარიშების საქმეზე პროკურატურამ 2014 წლის 20 აგვისტოს დაიწყო. საუბარია 276 849,89 გირვანქა სტერლინგზე (795 000 ლარი), რომელიც დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ “HCBS” ბანკის ინგლისის ოფისის ანგარიშიდან სხვა საბანკო ანგარიშზე გადაიტანეს. დეპუტატმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს თანხა მის სიმამრს ეკუთვნოდა. დავით ბაქრაძეს ეს თანხა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს:

“რაც შეეხება იმ თემას, თუ რატომ მოხვდა ან რატომ არ მოხვდა ეს თანხა ჩემს ფინანსურ დეკლარაციაში, აქაც ვფიქრობ, რომ მე ზედმიწევნით ვიცავდი კანონს, რომლის მიხედვითაც დეკლარაციაში უნდა შეიტანო თანხა, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს. მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს, ეს თანხა არის ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრება, რომლელიც, თავის დროზე, სრულწლოვანების შემდეგ გადაეცემათ მათ შვილიშვილებს, მათ შორის ჩემს შვილებსაც”, – განაცხადა ბაქრაძემ 29 აგვისტოს ჟურნალისტებთან.

დავით ბაქრაძის ის არგუმენტი, რის გამოც მან დაახლოებით 795 ათასი ლარი ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოდის, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე:

 

“საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციის შევსების ვალდებულებას განსაზღვრავს, არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას იმის შესახებ, რომ თუ თანამდებობის პირს ანგარიშზე თანხა აქვს, მაგრამ მას მისი განკარგვის უფლება არ აქვს, არ მიუთითოს ამის შესახებ დეკლარაციაში. ასეთი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, ეს გარემოება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ისეა, როგორც ამას ბატონი დავითი ამბობს, ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ თანამდებობის პირმა დეკლარციაში არ მიუთითოს ის თანხა, რაც მის ანგარიშზეა განთავსებული”, – აცხადებს კოჟორიძე და დასძენს, რომ მისი აზრით, ზემოხსენებული თანხა ბაქრაძეს ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აესახა:

 

“საქართველოს კანონდმებლობა ადგენს ვალდებულებას, რომ თანამდებობის პირმა შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია და მოცემულ  შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა ეს ვალდებულება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს რაიმე დათქმას, რომ თუ თანამდებობის პირის ანგარიშზე განთავსებული თანხა სინამდვილეში მისი კი არა, მისი ოჯახის წევრის არის, ამ შემთხვევაში მას აქვს უფლება არ მიუთითოს. ასეთი დათქმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის და ცხადია, რომ არც უნდა იყოს, რადგან მაშინ ყველა თანამდებობის პირი იტყვის, რომ იცით, ეს ჩემი კი არა, სხვისი ფულიაო”.

 

ბიძინა ივანიშვილის საქმე

 

თბილისის თავზე მდებარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დისკუსიის თემა გახდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არა აქვს.

 

ივანიშვილმა კანონის თანახმად ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო – 2012 წლის 25 დეკემბერს, როგორც პრემიერ-მინისტრმა, და 2013 წლის 31 დეკემბერს, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

 

ბიზნესცენტრი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს და მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მთავრობის სხდომებსაც მართავდა, ასევე, უცხოურ დელეგაციებს იღებდა, ბიძინა ივანიშვილს არც ერთ დეკლარაციაში არა აქვს შეტანილი.

 

მთაწმინდაზე მდებარე მილიარდერის ბიზნესცენტრი, რომელიც იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა, ზოგი წყაროს ცნობით, 40 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, ზოგიერთი კი 50 მილიონ აშშ დოლარს მიუთითებს.

 

თავად ბიძინა ივანიშვილს  არასოდეს უარყვია, რომ ეს ბიზნესცენტრი მის საკუთრებას არ წარმოადგენს – ერთ-ერთ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც მან ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს მისცა, ყვება, როგორ მუშაობდა ის  და მისი მეუღლე შენობის ინტერიერის დიზაინზე. თუმცა საკუთარი ბიზნესცენტრის ქირაობაში ბიძინა ივანიშვილი წელიწადში 194460.00 USD იხდის. სწორედ ეს თანხა აქვს ორივე დეკლარაციაში მითითებული ივანიშვილს იჯარისთვის, რომელიც შპს “ფინსერვის XXI”-ს  გადაურიცხა. (ამ თემაზე ნეტგაზეთის სტატია შეგიძლია წაიკითხოთ აქ).

 

ბიზნესცენტრის გარდა, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის  მიღმაა დარჩენილი ხელოვნების ნიმუშები, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონს შეადგენს.   მაგალითად, პიკასოს  “დორა მაარი კატასთან ერთად”, რაშიც, ფორბსის მიხედვით, 2006 წელს “სოთბის” აუქციონზე 95 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს და დამიენ ჰერსტის, როი ლიხტენშტეინის, ანიშ კაპურის და გილბერტ & ჯორჯის ნამუშევრები დეკლარაციის მიღმაა დარჩენილი. გრაფა – თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება (ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს – ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციაში ცარიელია.

 

შერჩევითი სამართალი?

 

ქონებრივი დეკლარაცია ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად პირმა გაასაჯაროვა. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დავით ბაქრაძის დეკლარაციის საქმეზე გამოძიება მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ დაიწყო.  საბანკო ამონაწერი, რომელიც ხსენებული ანგარიშის არსებობას ადასტურებდა, სოციალური ქსელებისა და პორტალების მეშვეობით გავრცელდა და ბაქრაძე ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვს, თუ როგორ მოხდა მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შესაძლო დანაშაულის შესახებ მედიის მეშვეობით ცნობების გავრცელების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამოძიების დაწყების ვალდებულებას მართლაც ითვალისწინებს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის საქმეზე მსგავსი რამ არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში ნეტგაზეთმა პროკურატურისაგან ჯერჯერობით ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, დაინტერესდნენ თუ არა ისინი თავის დროზე ივანიშვილის დეკლარაციით.

 

“მე დეტალები არ ვიცი იმ [ივანიშვილის] ამბის, ანუ რატომ არ იქნა გარკვეული მონაცემები ასახული ქონებრივ დეკლრაციაში. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულობა ადრე იგივე იყო, ცხადია, პროკურატურა ამით უნდა დაინტერესებულიყო და თუ მაშინ არ დაინტერესდა და ახლა დაინტერესდა, ეს, ცხადია, პრობლემაა, იმიტომ, რომ შერჩევითობას ექნება ადგილი, რაც დაუშვებელია და სამართალდამცავი ორგანოების ნდობაზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებს. თუმცა მე დეტალები არ ვიცი და არ შემიძლია ვისაუბრო, ეს იყო თუ არა ესე” , – აცხადებს კახა კოჟორიძე.


ბიძინა ივანიშვილი და დავით ბაქრაძე
ბიძინა ივანიშვილი და დავით ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი