ახალი ამბები

2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 დაშავდა, 59 დაიღუპა — გაზრდილი სტატისტიკა (EMC)

5 მარტი, 2019 • 1785
2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 დაშავდა, 59 დაიღუპა — გაზრდილი სტატისტიკა (EMC)

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC-ის) თანახმად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა.

EMC-მ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო. ოფიციალური მონაცემების თანახმად, თუკი 2017 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 106 ადამიანი დაშავდა და 47 დაიღუპა, 2018 წელს ეს რიცხვები გაიზარდა — დაშავდა 199, ხოლო დაიღუპა 59 ადამიანი.

2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

ნეტგაზეთისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (ორივე ნაწილით) მსჯავრდებულ იქნა 34 ადამიანი, 2018 წლის 11 თვეში კი — 32 ადამიანი.

სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

  1. უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება (რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ).
  2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია (ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ)

მასალების გადაბეჭდვის წესი