რუსთავის „აზოტში“ ერთი მუშა დაიღუპა, 2 კი დაშავდა. შემთხვევა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მუშები სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მუშები ხარაჩოზე იმყოფებოდნენ, რომელიც ჩამოინგრა.
„ნეტგაზეთი“ მომხდართან დაკავშირებით სასწრაფო დახმარების სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ადგილზე მისულ ბრიგადას ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ორი პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„ნეტგაზეთი“ ასევე ცდილობს „რუსთავის აზოტთან“ დაკავშირებას. კომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.