ახალი ამბებიეკონომიკა

10 ბანკი, სადაც საპენსიო სააგენტომ დასაქმებულთა შენატანები განათავსა

16 თებერვალი, 2019 • 4586
10 ბანკი, სადაც საპენსიო სააგენტომ დასაქმებულთა შენატანები განათავსა

საპენსიო შენატანებზე არსებული თანხა მიმდინარე  ნომინალურ პროცენტიან ანგარიშებზე 10 კომერციულ ბანკშია განთავსებული. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ეს ბანკებია:

  • საქართველოს ბანკი
  • თიბისი ბანკი
  • ხალიკ ბანკი საქართველო
  • ლიბერთი ბანკი
  • ვითიბი ბანკი
  • ბაზისბანკი
  • სილქ როუდ ბანკი
  • პაშა ბანკი
  • ქართუ ბანკი
  • ტერა ბანკი

რა პრინციპით ნაწილდება კომერციულ ბანკებში საპენსიო დანაზოგები, ეს კითხვა ნეტგაზეთმა სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს დაუსვა.

“განაწილების პრინციპი ძალიან მარტივია. თანხა იმ ბანკში ჩვენ მიერ გახსნილ ანგარიშზე შევა, სადაც კომპანიის/საჯარო უწყებების თანამშრომლებს ხელფასი ერიცხებათ. ეს თანხა რჩება ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რომელსაც საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ეს დეპოზიტი არ არის, ის ჩვეულებრივი მიმდინარე ანგარიშია, რომელსაც საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ჩვენ ყველა ბანკში გავხსენით ანგარიში და კომპანიები, რომელ ბანკშიც სახელფასო ანგარიში ჰქონდათ გახსნილი, იქ გვირიცხავენ საპენსიო შენატანს,”-აცხადებს სურგულაძე.

მიმდინარე ანგარიში იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა საბანკო ოპერაციების საწარმოებლად, როგორიცაა თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ჩარიცხვა და კონვერტაცია. როგორც წესი, მიმდინარე ანგარიშებზე არ ხდება ბანკის მიერ პროცენტის დარიცხვა. კითხვაზე, როგორ ერიცხება საპენსიო შენატანებს საპროცენტო სარგებელი, სურგულაძე პასუხობს, რომ ეს ბანკებთან მოლაპარაკებების გზით მოხდა.

სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ დროისთვის საპენსიო შენატანების ოდენობა დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეხება სახელმწიფოს მიერ დარიცხულ 2%-ს, ის ისევ ხაზინაშია, შესაბამისად, მას საპროცენტო სარგებელი არ ერიცხება. სააგენტოს ცნობით, ამ თანხის მიმდინარე ანგარიშზე გადატანისთვის ეროვნული ბანკისგან თანხმობა სჭირდებათ, რათა კომერციულ ბანკებში ამ ფულის გადატანა ინვესტიციად არ ჩაითვალოს. სააგენტომ ამ საკითხზე სებ-ს უკვე მიმართა.

“ეროვნულ ბანკთან ერთად, ვიპოვეთ გამოსავალი, რომ ამ თანხას საპროცენტო სარგებელი დაერიცხოს და უახლოეს დროში ეს პრობლემა გადაწყდება. ამჟამად მოლაპარაკების სტადიაში ვართ და ამ საკითხზე საუბარი წინასწარ არ მინდა”, – ამბობს სურგულაძე.

შეგახსენებთ, რომ საინვესტიციო საბჭო, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ სად და როგორ დაბანდდება შენატანები, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

ამავე თემაზე

სად და როგორ დაბანდდება საპენსიო შენატანებზე დაგროვილი თანხა

საპენსიო სააგენტოს შესარჩევი კომისიის წევრები პარლამენტიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი