ირანის პირველი პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ყოფილმა პოლიტიკურმა და სულიერმა ლიდერმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ, ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, 1979 წლის რევოლუციის იდეებს უღალატა. ამის შესახებ აბდულჰასან ბანი-სადრმა Reuters-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
აბდულჰასან ბანი-სადრი ირანის პრეზიდენტის პოსტს 1980-1981 წლებში, რევოლუციის შემდეგ იკავებდა, თუმცა მთელი ამ ხნის მანძილზე, ისევე როგორც შემდგომ, მართვის სადაავეებს აიათოლა აკონტროლებდა. სასულიერო ლიდერებთან უთანხმოების ფონზე, 1981 წელს ის იმპიჩმენტით გადააყენეს და მას შემდეგ საფრანგეთში, დევნილობაში ცხოვრობს.
სააგენტოსთან ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, რომ 40 წლის წინ, როცა შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ ხომეინისთან ერთად პარიზიდან იბრძოდა, სჯეროდა, რომ რელიგიური ლიდერის ისლამური რევოლუცია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის გზას გაათავისუფლებდა.
“დარწმუნებულები ვიყავით, რომ რელიგიური ლიდერი [ხომეინი] გვეთანხმებოდა და ყველა ეს პრინციპი განხორციელდებოდა პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, – იხსენებს ბანი-სადრი.
ირანის შაჰთან დაპირისპირებულმა ხომეინიმ ირანი 1960-იან წლებში დატოვა და საფრანგეთში გადავიდა, საიდანაც შემდგომ მომავალი რევოლუციისთვის მზადებას შეუდგა. ბანი-სადრს ხომეინისთან ახლო ოჯახური კავშირები ჰქონდა, ბოლოს კი მის უახლოეს მოკავშირდედ იქცა.
“როცა საფრანგეთში ცხოვრობდა, მაშინ თავისუფლების მხარეს იყო. ეშინოდა, რომ მოძრაობა მიზანს ვერ მიაღწევდა და იძულებული გახდებოდა, აქ [საფრანგეთში] დარჩენილიყო”, – აცხადებს ბანი-სადრი.
ექსპრეზიდენტის თქმით, დასავლეთიდან ხომეინი ისლამის უფრო თანამედროვე ვერსიის მხარდამჭერად ჩანდა, რომელიც რელიგიასა და პოლიტიკას ერთმანეთისაგან მიჯნავდა. თუმცა, მისივე განცხადებით, ირანში ჩასვლის შემდეგ მან სათავე დაუდო დიქტატურას, რომელიც ირანში დღემდე ნარჩუნდება.
ექსპრეზიდენტის თქმით, რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა რელიგიურმა ლიდერებმა ქალებს ჰიჯაბის ტარება დააძალეს, ხომეინისთან მივიდა და უთხრა, რომ ეს ფაქტი მის მიერ მანამდე გაცემულ დაპირებებს ეწინააღმდეგებოდა, რომელთა მიხედვითაც ქალები არჩევანის თავისუფლებით ისარგებლებდნენ.
“ხომეინიმ მითხრა, რომ რასაც საფრანგეთში ამბობდა, რელევანტური იყო, თუმცა არ აპირებდა, ჩაკეტილიყო ამ ყველაფერში და, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, შეეწინააღმდეგებოდა კიდეც ადრე ნათქვამს. ეს ჩემთვის ძალიან მწარე მომენტი იყო”, – იხსენებს ბანი-სადრი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულია, Reuteers-თან ინტერვიუში ირანის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ რევოლუციაში მონაწილეობას არ ნანობს. ამავე დროს აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება აშში-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერილ სანქციებს, ვინაიდან ფიქრობს, რომ ეს რიგით ირანელებს დააზარალებს, რეჟიმს კი უფრო გააძლიერებს.