ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გენდერული პრობლემების ძირითადი ასპექტები სამხრეთ ოსეთში

19 ივლისი, 2014 • • 2128
გენდერული პრობლემების ძირითადი ასპექტები სამხრეთ ოსეთში
ქალის მაღალი ავტორიტეტი, როგორც წესი, კავკასიის ეთნოსებში აღიარებული და პატივსაცემია. გადაწყვეტილების მიღების დროს კი ქალის, ცოლის, დის საპატიო სტატუსი ნაკლებად გადაწონის ასაკოვანი კაცის მოსაზრებას. ძირითადი ღირებულებითი ორიენტაცია ტრადიციული რჩება. დემოკრატიული ღირებულებები აღიქმება, როგორც უცხო, გარედან თავს მოხვეული და არა, როგორც ბუნებრივი ნორმები, რაც არეგულირებს სოციალურ ურთიერთობებს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
მარია პლიონი
მარია პლიონი

 

იმის მიუხედავად, რომ ქალს კავკასიაში იმაზე ნაკლები უფლებები არ აქვს, ვიდრე – განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ქალები ამ უფლებებით ნაკლებად სარგებლობენ. მაგალითად, კანონის მიხედვით, მშობლებიდან დატოვებული მემკვიდრეობა, თუკი არ არსებობს ანდერძი, უნდა გაიყოს თანაბრად ძმებსა და დებს შორის, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ქალები კავკასიაში დღემდე ვერ იღებენ თავიანთ კანონიერ წილს მშობლების მემკვიდრეობიდან და ამის გამო იშვიათად ჩივიან სასამართლოში.


თანამედროვე მსოფლიოში ოჯახსა და საზოგადოებაში ურთიერთობების ორი სტერეოტიპული პოლარული მოდელი არსებობს: დასავლური – ფემინიზმმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ ოჯახი გადავიდა მესამე პლანზე, კარიერისა და პირადი კომფორტის შემდეგ, და აღმოსავლური – მორჩილი ქალი, დაბალი სოციალური აქტივობით, რომელმაც იცის “თავისი ადგილი”, უსიტყვოდ უთმობს უპირატესობას კაცს. არსებობს იდეალურთან მიახლოებული მოდელიც, რომლის საფუძველია ჩინური სასულიერო ჰიპოსტაზი – ინი და იანი – ჰარმონია, ქალისა და მამაკაცის თანასწორი საწყისები.

არსებობს თუ არა ოსეთში გენდერული ბალანსი? 30 წლის წინ, ალბათ, ბევრი დადებით პასუხს გასცემდა ამ კითხვაზე. აყვავების ეპოქა შეიძლება ეწოდოს 1980-იან წლებს. ძალიან მაღალი იყო იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებსაც შესანიშნავი განათლება ჰქონდათ მიღებული და ხელს უწყობდნენ ისეთი მენტალიტეტის ფორმირებას, რომელიც ერწყმოდა საუკეთესო თანამედროვე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და ეროვნულ ტრადიციებს. სწორედ მაშინ დაიწყო ისტორიაში “თეთრი ლაქების” ძიება და მცდელობა, აღედგინათ ის, რაც დაიკარგა ერის სულიერ მემკვიდრეობაში, იმ მემკვიდრეობაში, სადაც ქალი კულტის დონეზე იყო აყვანილი. ბევრის მიღწევა ვერ მოხერხდა. თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ ოს ქალებს შორის, რომელთა სახელები არა მხოლოდ ოსეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაა ცნობილი, პროცენტულად ყველაზე მეტად არიან ტრადიციულად “მამაკაცური” პროფესიების წარმომადგენლები: კომპოზიტორები, დირიჟორები, მფრინავები (ამ ჩამონათვალის გაგრძელება შესაძლებელია). ნიშანდობლივია, ასევე, აქტიური (მათ შორის არაფორმალური, როგორც ეს იყო მიღებული საბჭოთა დროს – მწველავი ქალები პრეზიდიუმში) მონაწილეობა ქალებისა საზოგადოების ყველა საყოფაცხოვრებო სფეროში. თუმცა ნამდვილ ჰარმონიაზე საუბარიც არ იყო.

ბოლო 24-მა წელმა თავისი კორექტივები შეიტანა, თუმცა, არა უკეთესი მიმართულებით. იმის თქმა, რომ დღეს სამხრეთ ოსეთში გენდერული ხასიათის პრობლემები არ არის, ინფორმაციის არქონის მანიშნებელია; და ეს არა ერთეული შემთხვევები, არამედ სახიფათო ტენდენციაა. სამხედრო კონფლიქტმა და ამის შედეგად სოციალურ-ეკონომიკურმა ვარდნამ საზოგადოების ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გაუარესება გამოიწვია. უფრო მოქნილი ფსიქიკის გამო ქალმა ადვილად მოახერხა ცხოვრების ახალ მოთხოვნებთან ადაპტირება. თუმცა “ველური კაპიტალიზმის” გახანგრძლივებული გარდამავალი პერიოდის პირობებში, რომელშიც სუბლიმირებული იყო ორივე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის ყველაზე უარესი ნიშნები, შედარებითი ფინანსური კეთილდღეობა 90-იან წლებში მიიღწეოდა მხოლოდ წვრილმანი სავაჭრო გადაზიდვების “ბიზნესით” ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე. ბევრი ქალი დღესაც აქტიურადაა ჩამბული ამ ბიზნესში. ეს კი ძალიან მძიმე სამუშაოა, რასაც ძალიან დიდი დრო მიაქვს და რაც არ შეიძლება არ აისახოს ოჯახში ურთიერთობებზე და უპირველეს ყოვლისა, შვილების აღზრდაზე.

მამაკაცებმა, თანაც საკმაოდ დიდმა ნაწილმა, რომლებმაც ომის პერიოდში მარჩენალის სტატუსი დაკარგეს, ალკოჰოლს მიმართეს; ხოლო შეძენილი არასრულფასოვნების კომპლექსი კი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში გამოავლინეს. თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით ბევრი პროგრამაა შემუშავებული, ბევრ ქვეყანაში არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრები. სამხრეთ ოსეთში ამ ყველაფრის თაობაზე სმენიათ, უფრო მეტიც, თავად მსხვერპლებს ამ ტიპის პრობლემების შესახებ საუბრის რცხვენიათ.

ოჯახში ძალადობის პრობლემა ოსეთში რეალურად არსებობს, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს ჩვენ ამის აღიარება. ოჯახში ძალადობა – ეს არა მხოლოდ და არა იმდენად ოჯახურია – ანუ ყოფითი მოვლენა, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაა. ოჯახში ძალადობა არ არის ოჯახური კონფლიქტი, არამედ ის დანაშაულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფოს ამოცანაა, რადგან ეს მთელ ჩვენს საზოგადოებას ეხება. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, ისეთი დანაშაული, როგორიცაა გაუპატიურება, უიშვიათესი მოვლენაა სამხრეთ ოსეთში. სინამდვილეში კი დაზარალებულების 99% უბრალოდ არ მიმართავს მილიციას. მიზეზი – გახმაურების შიში.

საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ფორმირებულია არა საუკეთესო ეთნოფსიქოლოგიური ფაქტორებით, ასეთ შემთხვევაში ქალს ადანაშაულებს. ძალადობის მსხვერპლებს სჭირდებათ კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარება, მაგრამ მათ ეშინიათ უამბონ მომხდარის შესახებ ახლობლებსაც კი. ამასთან, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სამსახურები სამხრეთ ოსეთში უბრალოდ არ არსებობს.

მირა ცხოვრებოვა, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი
მირა ცხოვრებოვა, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი

 

რაც შეეხება ქალის როლს უმნიშვნელოვანეს სფეროში – რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ინტერესების დასაცავად, განსაკუთრებით 1989-92 წლებში. მათ ცოტა ძალისხმევა არ გაუღიათ, ენერგია და თავიანთი შესაძლებლობები დახარჯეს იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთს მოეპოვებინა დამოუკიდებლობა და გადარჩენილიყო. ამას დაემთხვა ისეთი მოვლენები, როგორიცაა ბლოკადა, ნგრევა, რამაც კიდევ უფრო შეცვალა ქალის ტრადიციული როლი – ოჯახის ბურჯისა, რომელიც შორსაა პოლიტიკური მისწრაფებებისგან.

ქალებმა აქტიურად გამოავლინეს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია, გახდნენ სერიოზული ძალა რესპუბლიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, შემდეგში აქტივობამ იკლო. თუკი პირველი მოწვევის პარლამენტში ქალები შეადგენდნენ 25%-ს, შემდეგი მოწვევის პარლამენტებში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს ქალები, ასევე, ნაკლებად არიან წარმოდგენილნი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში, პოლიტიკურ პარტიებში. მაგალითად, ბოლო მინისტრთა კაბინეტში (რომელიც 2014 წლის 20 იანვარს დაითხოვეს) სამი ქალი მინისტრი იყო. ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელი რჩება ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე, არ არის მაღალი პროცენტული რაოდენობა ქალებისა პარლამენტში. დღეის მდგომარეობით, პარლამენტში 6 დეპუტატი ქალია. წინა მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 2 ქალი იყო.

ნამდვილი გარღვევა აღმოჩნდა 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც 17 რეგისტრირებული კანდიდატიდან ერთადერთმა ქალმა – ალა ჯიოევამ მოიპოვა გამარჯვება. ასეთი ერთეული შემთხვევაა კავკასიაში, თუმცა ამ არჩევნების შედეგები არ იქნა აღიარებული.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი