ახალი ამბები

UK-ის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა

16 იანვარი, 2019 • 1624
UK-ის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა

თემთა პალატის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს. ამით პარლამენტის წევრებმა უარყვეს პრემიერის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც ევროკავშირიდან გამოსვლას ეხება.

2016 წლის ივნისში ჩატარებულ რეფერენდუმში დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 71.8%-მა, რაც დაახლოებით 30 მლნ ადამიანია. გაერთიანების დატოვებას მხარი დაუჭირა მოქალაქეთა 51.9%-მა, წინააღმდეგი 48.1% იყო. ევროკავშირის დატოვებას მხარი ინგლისსა და უელში დაუჭირეს. შოტლანდია და ჩრდილოერთ ირლანდია კი დარჩენის მომხრე იყო.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის საფუძველზე ხდება, სწორედ ეს მუხლი აწესრიგებს გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების დატოვების საკითხს. 2009 წლამდე, სანამ ლისაბონის შეთანხმება კანონად გამოცხადდებოდა, ქვეყნებისთვის ევროკავშირის დატოვების ფორმალური მექანიზმები არ არსებობდა.

კანონის თანახმად, ბრიტანეთი ევროპის კავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. დაახლოებით ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, ევროკავშირთან გასვლის შესახებ შეთანხმება მიიღეს, რომელიც პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა.

585-გვერდიანი დოკუმენტს ეწინააღმდეგება მთავარი ოპოზიციური პარტია. როგორც BBC წერს, ლეიბორისტებს სურთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, შემდეგ კი, ბრიუსელთან მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების საკუთარი ვერსიის მიღება. რაც შეეხება შეთანხმებას, ის ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეების საკითხს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობენ. ამასთან, შეთანხმებაში განისაზღვრა ვალის ოდენობა, რომელიც ბრიტანეთს ბრექსიტის შედეგად დაედო. შეთანხმების მიხედვითთ, ამ თანხის მოცულობა 39 მილიარდი ფუნტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი