ახალი ამბები

“ნეტავ ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-მეთქი” — კაშია ვიტესში ბოლო მატჩზე

22 დეკემბერი, 2018 • 1658
“ნეტავ ქართველი ხალხი უყურებდეს, როგორი ამაყი ვიქნებოდი-მეთქი” — კაშია ვიტესში ბოლო მატჩზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი და არნემის “ვიტესის” ყოფილი კატიპანი გურამ კაშია იხსენებს იმ დღეს, როდესაც “ვიტესის” გულშემატკივრები ემოციურად დაემშვიდობნენ.

კაშია “ვიტესიდან” ამერიკულ “სან ხოსეში” 2018 წლის ივნისში გადავიდა, თუმცა გამოსამშვიდობებელი ცერემონია ყოფილმა კლუბმა 1 დეკემბერს, ერედივიზიონის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ მოუწყო.

კაშიამ 22 დეკემბერს რამდენიმე ვიზუალიზაცია ატვირთა ინსტაგრამის სთორებში, რომლებითაც იგი ამ დღესა და მასთან დაკავშირებულ ემოციებს აღწერს.

მატჩის შემდეგ გურამ კაშია მინდორზე ჩავიდა, სადაც გიგანტური ბანერი იყო აღმართული მისი სახელის,  სათამაშო ნომრის, კლუბში მოღვაწეობის წლებისა და თამაშის მომენტების გამოსახულებით. გულშემატკივარმა ყოფილი კაპიტანი გამამხნევებელი შეძახილებით გააცილა, ფრენკ სინატრას ლეგენდარული My Way-ს ფონზე. ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებდა.

ცერემონიამდე, “ვიტესი” სოციალური ქსელებისა და სხვა საშუალებებით აქტიურად მოუწოდებდა გულშემატკივარს, კაშიასთან გამოსამშვიდობებლად მოედანზე მისულიყო. კლუბის ფეისბუქ გვერდზე  “ვიტესის” ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელების ვიდეომიმართვებიც განთავსდა, რომლებშიც კაშიას მადლობას უხდიდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია არნემის “ვიტესში” 2010 წლიდან თამაშობდა, 6 წლის განმავლობაში კი გუნდის კაპიტნის პოზიციას იკავებდა.

სწორედ აღნიშნულ კლუბში თამაშისას შეუერთდა კაშია კამპანიას ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად, რის შემდეგაც “უეფა-სგან მნიშნვნელოვანი პრიზი – თანასწორობის ჯილდო მიიღო.

გასულ წელს კი, ასევე ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კაშია ნეტგაზეთმა წლის ადამიანად დაასახელა.

“გურამ კაშია!” – ყოფილი კაპიტნის ემოციური გაცილება “ვიტესიდან”[ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი