ახალი ამბები

“გურამ კაშია!” – ყოფილი კაპიტნის ემოციური გაცილება “ვიტესიდან”[ვიდეო]

2 დეკემბერი, 2018 • 6469
“გურამ კაშია!” – ყოფილი კაპიტნის ემოციური გაცილება “ვიტესიდან”[ვიდეო]

არნემის “ვიტესის” ყოფილ კატიპანს, გურამ კაშიას, კლუბის გულშემატკივრები ემოციურად დაემშვიდობნენ. კაშია ამერიკულ “სან ხოსეში” მიმდინარე წლის ივნისში გადავიდა, თუმცა გამოსამშვიდობებელი ცერემონია ყოფილმა კლუბმა დღეს, 1 დეკემბერს, ერედივიზიონის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ მოუწყო.

მატჩის შემდეგ გურამ კაშია მინდორზე ჩავიდა, სადაც გიგანტური ბანერი იყო აღმართული მისი სახელის,  სათამაშო ნომრის, კლუბში მოღვაწეობის წლებისა და თამაშის მომენტების გამოსახულებით. გულშემატკივარმა ყოფილი კაპიტანი გააცილა შეძახილებით “გურამ კაშია!”, ფრენკ სინატრას ლეგენდარული “My Way”-ს ფონზე. ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებდა.

ცერემონიამდე, “ვიტესი” სოციალური ქსელებისა და სხვა საშუალებებით აქტიურად მოუწოდებდა გულშემატკივარს, კაშიასთან გამოსამშვიდობებლად მოედანზე მისულიყო. კლუბის ფეისბუქ გვერდზე  “ვიტესის” ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელების ვიდეომიმართვებიც განთავსდა, რომლებშიც კაშიას მადლობას უხდიდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია არნემის “ვიტესში” 2010 წლიდან თამაშობდა, 6 წლის განმავლობაში კი გუნდის კაპიტნის პოზიციას იკავებდა.

სწორედ აღნიშნულ კლუბში თამაშისას შეუერთდა კაშია კამპანიას ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად, რის შემდეგაც “უეფა”-სგან მნიშნვნელოვანი პრიზი – თანასწორობის ჯილდო მიიღო.

გასულ წელს კი, ასევე ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კაშია “ნეტგაზეთმა” წლის ადამიანად დაასახელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი