ახალი ამბები

კაშია: „კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია დასანანია, მაგრამ ყველანი მაქსიმუმს გავაკეთებთ“

23 ნოემბერი, 2023 • 1205
კაშია: „კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია დასანანია, მაგრამ ყველანი მაქსიმუმს გავაკეთებთ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციას ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალის შეხვედრაში.

ამ ტურნირის, – რომლის მოგების შემთხვევაშიც საქართველო 2024-ის ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება, – ნახევარფინალს კვარაცხელია ტოვებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ყვითელი ბარათების [გაფრთხილებების] გადამეტების გამო.

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ სთორიში კაშია აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას დისკვალიფიკაციამ, – „დასანანი შეცდომის“ შედეგმა, – გული დასწყვიტა გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს, თუმცა, როგორც ფეხბურთელი ამბობს, გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში შეეცდება, მიზანს მიაღწიოს.

„ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე“, – წერს იგი.


კვარაცხელიამ მესამე ყვითელი ბარათი 19 ნოემბერს, ესპანეთთან გამართულ შეხვედრაში მიიღო, რომელიც, სატურნირო თვალსაზრისით, არაფერს წყვეტდა. მსგავსი რისკის ქვეშ იყვნენ სხვა ფეხბურთელებიც, რომლებსაც იმ მატჩისთვის უკვე ჰქონდათ ორი ყვითელი ბარათი.

მოგვიანებით, ეროვნული ნაკრების მენეჯერმა გიორგი კაციტაძემ განაცხადა, რომ ამ ყველაფრის არგათვალისწინება მისი შეცდომის შედეგია. კაციტაძემ ბოდიში მოიხადა, თუმცა, თანამდებობაზე დარჩა „გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, რათა გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი