ახალი ამბები

უეფას ‘თანასწორობის ჯილდო’ გურამ კაშიას გადაეცემა

22 აგვისტო, 2018 • 6124
უეფას ‘თანასწორობის ჯილდო’ გურამ კაშიას გადაეცემა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტან გურამ კაშიას უეფა თანასწორობის ჯილდოს  გადასცემს

უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია.

აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცევა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამს გადაეცემა 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.

„მოხარული ვარ, რომ უეფასგან #EqualGame-ის ჯილდო მივიღე, და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ალექსანდრ ჩეფერინს. მე მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების და ყოველთვის დავიცავ ამ პრინციპებს“, – განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში „სან ხოსეს“ მაისურით ასპარეზობს.

„#EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს – მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოვებას“, – განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო ჰომოფობია და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს.

აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის, #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა.

კაშიას ნაბიჯს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან. ზოგიერთი ნაკრებიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კაშიამ განაცხადა, რომ არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას, და მხარს უჭერს ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას. კაშიას მიერ თანასწორობის იდეის საჯაროდ მხარდაჭერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი